ავტორი:

მიხეილ სააკაშვილის მხარდამჭერ აქციაზე 22 ადამიანი დააკავეს - ენმ საერთაშორისო ორგანიზაციებსა და სახალხო დამცველს მიმართავს

მიხეილ სააკაშვილის მხარდამჭერ აქციაზე 22 ადამიანი დააკავეს - ენმ საერთაშორისო ორგანიზაციებსა და სახალხო დამცველს მიმართავს

გაათავისუფლეთ მშვიდობიანი აქციის მონაწილეები, რომლებიც “ქართული ოცნების” ტყვეები არიან,- ამის შესახებ ბათუმში “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” ლიდერებმა ბრიფინგზე განაცხადეს.

როგორც “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” ლიდერებმა აღნიშნეს, წუხელ სამართალდამცავებმა ბათუმის საკრებულოსა და აჭარის უმაღლესი საბჭოს დეპუტატები უკანონოდ დააკავეს.

“ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” წევრი მირდატ ქამადაძე აჭარის მთავრობის სახლთან განვითარებული მოვლენების შესწავლას საერთაშორისო ორგანიზაციებსა და სახალხო დამცველს სთხოვს.

“გუშინ პოლიციამ აქციის მონაწილეები დაარბია, ბათუმის საკრებულოს თითქმის ყველა დეპუტატი, ასევე უმაღლესი საბჭოს სამი დეპუტატი დაკავებულია. გუშინ პოლიციამ პირდაპირ მიიღო დავალება, რომ ეს პროტესტი, რომელიც მიმდინარეობდა ქვეყნის მესამე პრეზიდენტის ჯანმრთელობის და სიცოცხლის შენარჩუნების მოთხოვნის მიზნით, არ ყოფილიყო განგრძობადი და სწორედ ამიტომ პოლიცია შეეცადა ჩაეხშო ეს პროტესტი, დაარბია, მშვიდობიანი მომიტინგეები. ყველას უნდა გვესმოდეს ქვეყანაში ნებისმიერი სახის საუბარი “ქართულ ოცნების” მხრიდან რაიმე დემოკრატიაზე, ეს არის მტკნარი სიცრუე. მივმართავთ საერთაშორისო ორგანიზაციებსა და სახალხო დამცველის აპარატს, გუშინდელმა ფაქტმა ცხადყო, რომ ამ ქვეყანაში, დემოკრატია აღარ არსებობს, ამ ქვეყანაში დიქტატურა საბოლოოდ გამყარდა. გამოხატვის თავისუფლება აღარ არსებობს და მშვიდობიანი შეკრებისა და მანიფესტაციის უფლება ჩამოერთვა ხალხს, შესაბამისად, ჩვენ ამას ვეგუებით ან ვაგრძელებთ ბრძოლას, ასეთ მონობაზე შეგუება შეუძლებელია და ბრძოლა უნდა გავაგრძელოთ, ოღონდ პირველი ამოცანები გვაქვს გადასაჭრელი და თუ შემდგომ, რა ნაბიჯები უნდა გადავდგათ ამასთან დაკავშირებით საზოგადოებას ინფორმაციას მალე მივაწვდით”,- აცხადებს მირდატ ქამადაძე.

აჭარის უმაღლესი საბჭოში “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” წევრის ელგუჯა ბაგრატიონის თქმით, საქართველოს მესამე პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლების მოთხოვნით აქციებს კვლავ გამართავენ.

“გუშინ ვნახეთ საბჭოთა მილიციელები, რომლებიც არბევდნენ, ცემდნენ, არამარტო კაცებს ასევე ქალბატონებსაც, ისინი თმებით ათრიეს და საპატიმროში გადაიყვანეს, 22 ადამიანი დააკავეს. ამისთვის ნორმალურ სახელმწიფოში კითხვებზე პასუხის გაცემა მოგიწევთ! ის 22 ადამიანი, რომელიც ტყვეობაში აიყვანეთ დაუყოვნებლივ გაათავისუფლეთ! რაც შეეხება ჩვენს გეგმებს, ვიდრე მიხეილ სააკაშვილის სიცოცხლე საფრთხეშია, არ გავჩერდებით, მიუხედავად იმისა, რომ რეჟიმთან გვაქვს საქმე, აქციები გაგრძელდება. როგორ გაგრძელდება უახლოეს პერიოდში გეტყვით, ეს იქნება პრინციპული და მივიყვანთ ბრძოლას ბოლომდე”,- აცხადებს ელგუჯა ბაგრატიონი.

შეგახსნებთ, რომ გუშინ, ბათუმში მიხეილ სააკაშვილის მხარდამჭერი აქცია გაიმართა, რომლის დასრულების შემდეგ აქციის მონაწილეებმა აჭარის მთავრობის სახლთან კარვები გაშალეს. აჭარის მთავრობის სახლთან გაშლილი კარვები სამართალდამცავებმა წუხელ აიღეს, რასაც ადგილზე დაპირისპირება მოჰყვა.

ამასთან, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, აჭარის მთავრობის სახლთან „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” აქციის 22 მონაწილე ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ფაქტზე დააკავეს.