ავტორი:

"მოლდოვას პრეზიდენტს მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობასთან დაკავშირებით ევროპელ ლიდერთან პირდაპირი კომუნიკაცია აქვს" - დეკანოიძე

"მოლდოვას პრეზიდენტს მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობასთან დაკავშირებით ევროპელ ლიდერთან პირდაპირი კომუნიკაცია აქვს" - დეკანოიძე

"ნაციონალური მოძრაობის" ერთ-ერთი ლიდერის ხატია დეკანოიძის განცხადებით, პარლამენტარი ექიმები საქართველოს მესამე პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობასთან დაკავშირებით პარტიული დღის წესრიგიდან უნდა გამოვიდნენ და ადამიანის გადარჩენაზე იზრუნონ.

ამასთან, დეკანოიძე მოითხოვს, რომ აღდგეს ჯანდაცვის სამინისტროში ის კონსილიუმი, რომელიც ეკატერინე ტიკარაძის მმართველობის პერიოდში შეიქმნა.

"კვლავ მინდა გავაკეთო განცხადება და ხაზი გავუსვა - აღდგეს ჯანდაცვის სამინისტროში ის კონსილიუმი, რომელიც შეიქმნა ეკატერინე ტიკარაძის მმართველობის პერიოდში. ამ კონსილიუმში არსებულ ყველა ექიმს, რომელსაც კანონის მიხედვით ევალება, რომ მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის და სიცოცხლის უფლება გადაარჩინოს, შევიდეს სასჯელაღსრულების დაწესებულებაში, ისევე როგორც უნდა შევიდნენ პარლამენტარი ექიმები, ჯანდაცვის კომიტეტის წარმომადგენლობა, ვგულისხმობ ხუნდაძეს, სერგეენკოს და სხვა ექიმებს. როგორც მიხეილ სააკაშვილი, მეც მოვუწოდებ მათ, რეალურად გამოვიდნენ ყოველგვარი პარტიული დღის წერიგიდან, ადამიანის გადარჩენაზე იზრუნონ. დიახ, პოლიტიკოსმა, განსაკუთრებით ხელისუფლების წარმომადგენელმა", - აღნიშნავს დეკანოიძე.

ამასთან, მან აქციებზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ "გუშინ, ჩვენ ვიხილეთ ადამიანების კანონიერი მოთხოვნა - მესამე პრეზიდენტის სიცოცხლის გადარჩენა“.

"ყველა ფრონტზეა გაშლილი ჩვენი პარტია და აქტიურად ვმუშაობთ. დარწმუნებული ვარ, ერთობლივი ძალისხმევა შედეგს გამოიღებს. გუშინ ვიხილეთ მიხეილ სააკაშვილის მიწვევა ტუსკის მიერ, მოლდოვის პრეზიდენტის განცხადება, რომელიც ძალიან მაღალი რეპუტაციით და საერთაშორისო ნდობით სარგებლობს ევროპაში. რამდენადაც არის ცნობილი, მას და არამხოლოდ მას პირდაპირი კომუნიკაცია აქვს სხვადასხვა ევროპელ ლიდერთან მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობასთან დაკავშირებით",- აღნიშნავს დეკანოიძე.