ავტორი:

"უამრავი მორწმუნე შეიკრიბა, სალოცავში ვერ ეტეოდნენ" - როგორ აღნიშნეს აფხაზეთში ბაირამობა და რას წერენ ოკუპირებული რეგიონის მაცხოვრებლები

"უამრავი მორწმუნე შეიკრიბა, სალოცავში ვერ ეტეოდნენ" - როგორ აღნიშნეს აფხაზეთში ბაირამობა და რას წერენ ოკუპირებული რეგიონის მაცხოვრებლები

"სრულიად სხვაგვარი აფხაზეთი, ეს ჩვენი ქვეყანა არ არის, ეს ჩვენ არ აგვიშენებია...", - ასე ეხმიანება რეგიონის მოსახლეობა ოკუპირებულ აფხაზეთში ბოლო ხანებში მიმდინარე პროცესებს.

ადგილობრივების ნაწილის თქმით, მათთვის სრულიად მოულოდნელი იყო სოხუმის ცენტრში ურაზა-ბაირამის დღესასწაულზე დიდი რაოდენობით მუსლიმის ხილვა.

ekhokavkaza.com-ის ცნობით, "სოხუმისა და გუდაუთის მეჩეთებში იმდენი მორწმუნე მუსლიმი შეიკრიბა, რომ ისინი სალოცავში ვერ ეტეოდნენ და ტროტუარებზე იყვნენ შეკრებილნი."

"არც ერთი რელიგიის მიმართ საწინააღმდეგო არაფერი მაქვს, მაგრამ აფხაზეთი ყოველთვის ქრისტიანული რწმენით გამოირჩეოდა და ამდენი მუსლიმი არასდროს გვინახავს, მით უფრო სოხუმში, რაღაც მნიშვნელოვანი ცვლილება ხდება, ოღონდ, ისე, რომ ჩვენ არავინ არაფერს გვეუბნება, თითქოს არც გვაინტერესებს. ეს ერთი მხრივ, აფხაზურ ეკლესიაში არსებული განხეთქილების დამსახურებაც არის, ამდენი წელია დოროთეი დბარმა და ბესარიონ აპლიამ კომპრომისს ვერ მიაღწიეს", - წერს ინტერნეტმომხმარებელი ლარისა აჯბა.

აფხაზეთში მცხოვრებთა ნაწილის თქმით, მუსლიმთა დღესასწაული იქ ასეთი მასშტაბით პირველად ჩატარდა. ზოგიერთი ამბობს, რომ მოსახლეობას უკვე ფობია აქვს, განსხვავებული ეროვნების, რწმენისა და ცხოვრების წესის მქონე ადამიანების მიმართ, რადგან ეშინიათ, ერთ დღესაც უმცირესობაში არ აღმოჩნდნენ.

ისინი ასევე აღნიშნავენ, რომ რეგიონს მრავალფეროვანი პრობლემები აქვს, რომ ეს "ძალიან მსუბუქი თემაა." მაგალითად, რამდენიმე დღის წინ, ე.წ. პრეზიდენტ ასლან ბჟანიას გადაწყვეტილებით, ციხიდან გამოვიდა, ბოდიში მოიხადა და ოჩამჩირის "ადმინისტრაციის მეთაურის პოზიციას" დაუბრუნდა ბესლან ბიგვავა, რომელმაც ახალ წელს, სოხუმში, რესტორან "გარუდაში" დაწყებული დაპირისპირებისას ცეცხლსასროლი იარაღიდან მძიმედ დაჭრა რესტორნის მომღერალი თამაზ წულუკია, ეს უკანასკნელი სიკვდილს სასწაულებრივად გადაურჩა.

"უკვე აღარ ვიცით, რა ხდება ჩვენს თავს. ჩვენი ბიჭები უკრაინაში საომრად მიდიან, აქ კი, უამრავი გაურკვეველი ადამიანი ჩამოდის საცხოვრებლად. ზოგი ნარკოტიკებს ყიდის, ზოგი სალოცავს აშენებს. ამდენი მეჩეთი, ასე მალე არც ვიცი როდის აშენდა, არც ის ვიცი, ამდენი მორწმუნე მუსლიმი როდის გვყავდა. უეცრად, ძალიან ბევრი მოგროვდა, იმდენი, რომ სალოცავებში ვერ დაეტივნენ და ქუჩაში ილოცეს.

რაც მთავარია, ომს ჩვენი ხელმძღვანელობა თავად აპიარებს და ჩვენს ახალგაზრდობას მასში მონაწილეობისკენ მოუწოდებს. რამდენიმე დღის წინ დონბასში ჩასული იყო "აფხაზეთის სახალხო მოძრაობის" წარმომადგენელი ადგურ არძინბა, რომელმაც Пятнашка -ს ბატალიონის ლიდერი, ახრა ავიძბა და სხვა აფხაზი მოხალისე-მეომრები მოინახულა და ავტომანქანა ჩაუყვანა.

  • "რატომ აკეთებთ, ამას?!. რატომ უწყობთ ხელს ჩვენი ბიჭების ომში გადინებას, რას ეუბნებით მათ დედებს? ხვალ-ზეგ ეს ბიჭები ჩამოვლენ და დანარჩენ მოსახლეობას უნდა უთხრან - ჩვენ სამშობლოსთვის თქვენ ნაცვლად ვიბრძოდით, ამიტომ ყველანაირი კეთილდღეობა გვეკუთვნის. აქამდეც ხომ ასე იყო?! ხომ ვნახეთ, ავიძბას რამდენი მიმდევარი გამოუჩნდა. ბიჭებს კომენტარებში გმირებს უწოდებენ, ეს ყველაფერი კარგს არაფერის მოგვიტანს", - წერს კატერინა შოუა.

რამდენიმე დღის წინ, აფხაზეთში მთებში, რუსი ტურისტის ცხედარი იპოვეს. ადგილობრივი მედიის ცნობით, ის გაგრიფშში, ზღვის დონიდან 900 მეტრში აღმოაჩინეს, სადაც ერთ-ერთი ვერსიით, მდინარეში საბანაოდ ავიდა და ღამე გაიყინა.

კიდევ ერთი ვერსიით, "ანდრეი საზონოვი მარტო არ იყო. თუმცა, იმიტომ, რომ გარშემო კამერები არ არის, ვერავინ დაამტკიცებს ამას. შესაძლოა, არსებობს ეჭმვიტანილიც, მაგრამ ამას აფხაზური მილიცია ვერასდროს გამოიძიებს, ამით კი, ვიღაცები სარგებლობენ და აფხაზეთს მუდმივად თავის მართლების რეჟიმში უწევს ყოფნა, თითქოს აქ ადამიანის უსაფრთხოება არ არის დაცული, ტურისტები თავს დაცულად ვერ გრძნობენ და ამიტომ სულ ვიღაც უნდა გვაკონტროლებდეს, კანონებს სხვა უნდა გვიწერდეს, ან სულაც მისი კანონით უნდა ვიცხოვროთ", - მიაჩნია "ირაკლი სუხუმსკის."

რამდენიმე დღის წინ, Кавказский узел წერდა, რომ ახალი ათონის პარკში, 2021 წელს დაკარგული მურმანსკელი მოქალაქის ცხედარი იპოვნა, რომელიც "ოფიციალური ვერსიით, ბანაობისას დაიხრჩო..."