ავტორი:

რას აცხადებენ პენიტენციურ სამსახურში რუსთავის ციხიდან მიხეილ სააკაშვილის კლინიკაში გადაყვანის შესახებ გავრცელებულ ინფორმაციაზე

რას აცხადებენ პენიტენციურ სამსახურში რუსთავის ციხიდან მიხეილ სააკაშვილის კლინიკაში გადაყვანის შესახებ გავრცელებულ ინფორმაციაზე

რუსთავის მე-12 პენიტენციური დაწესებულებიდან ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის საავადმყოფოში გადაყვანის შესახებ გავრცელებულ ინფორმაციას სპეციალური პენიტენციური სამსახური არ ადასტურებს.

როგორც "ინტერპრესნიუსს" უწყებაში განუცხადეს, სასწრაფო დახმარება სხვა პატიმარს სხვა დაწესებულებაში დასჭირდა.

გარდა ამისა, "ინტერპრესნიუსთან" ყოფილი პრეზიდენტის ადვოკატმა დიმიტრი საძაგლიშვილმა განაცხადა, რომ აღნიშნულ ფაქტთან დაკავშირებით ინფორმაციას არ ფლობს.

არ ადასტურებენ გავრცელებულ ინფორმაციას რესპუბლიკურ საავადმყოფოშიც.

ცნობისთვის, დღეს სპეციალურმა პენიტენციურმა სამსახურმა საქართველოს მესამე პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილთან დაკავშირებით განცხადება გაავრცელა, სადაც ნათქვამია, რომ საჭიროების შემთხვევაში მიხეილ სააკაშვილს ყველა აუცილებელი გამოკვლევა ჩაუტარდება და მიეწოდება შესაბამისი მკურნალობა დაწესებულების ფარგლებს გარეთაც საქართველოში.

მათივე ცნობით, მსჯავრდებული მიხეილ სააკაშვილი იმყოფება სპეციალური პენიტენციური სამსახურის სამედიცინო დეპარტამენტის ექიმების 24 - საათიანი სამედიცინო მეთვალყურეობის ქვეშ, ჩაუტარდა ლაბორატორიული კვლევები და სათანადო სამედიცინო შემოწმება შესაბამისი პროფილის ექიმების მიერ და მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა არის სტაბილური.

ინფორმაციისთვის, მედიაში და სოციალურ ქსელებში გავრცელდა ინფორმაცია, რომ რუსთავის ციხე სასწრაფო დახმარების ჯგუფმა დატოვა, რომელსაც შესაძლოა მიხეილ სააკაშვილი კლინიკაში გადაჰყავს.