ავტორი:

რას წარმოადგენს პუტინის "განკითხვის დღე" და როგორ გაქურდეს გასაიდუმლოებული ხომალდი 2020 წელს, ტაგანროგში?

რას წარმოადგენს პუტინის "განკითხვის დღე" და როგორ გაქურდეს გასაიდუმლოებული ხომალდი 2020 წელს, ტაგანროგში?

ოფიციალურმა მოსკოვმა 9 მაისამდე კარგა ხნით ადრე დააანონსა, რომ ნაცისტურ გერმანიაზე საბჭოთა კავშირის გამარჯვების 77-ე წლისთავის აღსანიშნავად წითელ მოედანზე, ძალის სადემონსტრაციოდ ტრადიციულ სამხედრო აღლუმს ჩაატარებდა. მასშტაბური დასავლური იზოლაციის ფონზე, მას შემდეგ, რაც მეზობელ ქვეყანაში შეჭრის ბრძანება გასცა, პუტინმა წითელ მოედანზე ჯარების, ტანკების, რაკეტებისა და კონტინენტთაშორისო ბალისტიკური რაკეტების აღლუმის მიღება გადაწყვიტა. ითქვა ისიც, რომ ვასილი ნეტარის ტაძრის თავზე გადაიფრენდნენ ზებგერითი გამანადგურებელი თვითმფრინავები, ტუ-160 სტრატეგიული ბომბდამშენები და, პირველად 2010 წლის შემდეგ, ილ-80 თვითმფრინავი სახელწოდებით - "განკითხვის დღე", რომელიც, როგორც ცნობილია, საომარი და ატომური საფრთხის შემთხვევაში, რუსეთის უმაღლეს ხელმძღვანელობის გადაყვანისთვის არის განკუთვნილი. საბოლოოდ ისე მოხდა, რომ მოსკოვში გამარჯვების დღის აღლუმის საჰაერო ნაწილი ამინდის გამო გაუქმდა, - ამის შესახებ კრემლის პრესსპიკერმა დიმიტრი პესკოვმა საინფორმაციო სააგენტო "რია ნოვოსტის“ განუცხადა, თუმცა ჩვენ მაინც დავინტერესდით პუტინის ფავორიტი თვითმფრინავით.

  • რას წარმოადგენს "განკითხვის დღე"?

თვითმფრინავი ერთი შეხედვით, ჩვეულებრივს ჰგავს, თუმცა სინამდვილეში, ის ბევრ საიდუმლოს ინახავს. მას თავზე აქვს უზარმაზარი ანტენა და არ აქვს ილუმინატორები, როგორც წერენ, მისი კორპუსი განსხვავებულად არის აგებული.

ამ კონცეფციის თვითმფრინავზე ფიქრი, გასული საუკუნის 80-იანი წლების დასაწყისში დაიწყეს, ცივი ომის ე.წ. ცხელი ფაზის დროს. საბჭოთა კავშირის შეიარაღებული შტაბის გენერალურმა შტაბმა მიიღო გადაწყვეტილება მართვის საჰაერო პუნქტის თაობაზე, რომელიც უზრუნველყოფდა ჯარის და შეიარაღების, მათ შორის, ატომური იარაღის მართვას ჰაერიდან, ომის, მათ შორის, ატომური ომის დროს. ასე გაჩნდა ამ თვითმფრინავის იდეა.

მისი დამუშავება მოხდა ილუშინის საკონსტრუქტორო ბიუროს მიერ, საფუძვლად კი იქცა ლაინერი ილ-86. 1985 წელს თვითმფრინავი პირველად აფრინდა, რის მერეც დაიწყო მისი სრული აღჭურვა, რაც 1987 წელს დასრულდა. 1992 წელს ის მიიღეს რუსეთის შეიარაღებულ ძალებში. 2022 წლამდე ილ-80 მხოლოდ ერთხელ, 2010 წელს გამოიყენეს მოსკოვში აღლუმზე. 2020 წელს თვითმფრინავი სკანდალში გაეხვა, როდესაც ტაგანროგში ხომალდის გეგმური რემონტი მიდიოდა, მოიპარეს კავშირის აღჭურვილობის 39 ბლოკი. მოგვიანებით რუსეთის მედია წერდა, რომ ამ ქურდობისთვის ტაგანროგის 36 წლის მკვიდრი ჟორა ხაჩუნცი დააკავეს და მისი საქმე სასამართლოს გადაეცა, თუმცა მისი ბედი როგორ წარიმართა, ამის თაობაზე ინფორმაცია აღარ იძებნება, ავტორიტარულ სახელმწიფოში, სავარაუდოდ, ეს ამბავიც გაასაიდუმლოეს.

თვითმფრინავი სავსეა ტექნოლოგიებით, მაგრამ მისი კონკრეტული დეტალები რუსეთის სახელმწიფო საიდუმლოებას წარმოადგენს.

თვითმფრინავის ტექნიკური მაჩვენებლები:

სიგრძე: 59.54 მეტრი

სიმაღლე: 15.81 მეტრი

ფრთების გაშლის სიგრძე - 48.06 მეტრი

მაქსიმალური სიჩქარე: 850კმ/სთ

ეკიპაჟი: 5 ადამიანი

  • მის ანალოგად მიიჩნევა ამერიკული Boeing E-4B