ავტორი:

"ვინმეს ეჭვი გეპარებათ ნინო წილოსანის პატრიოტიზმში?!" - რას ამბობს შალვა პაპუაშვილი წილოსანის რუსეთზე გაკეთებულ განცხადებაზე?

"ვინმეს ეჭვი გეპარებათ ნინო წილოსანის პატრიოტიზმში?!" - რას ამბობს შალვა პაპუაშვილი წილოსანის რუსეთზე გაკეთებულ განცხადებაზე?

ვინმეს ეჭვი გეპარებათ ნინო წილოსანის პატრიოტიზმში? ვის ეპარება ეჭვი? - იმ ხალხს, რომლებმაც "ნაციონალური მოძრაობიდან“ საქართველოს მოქალაქეობაზე უარი თქვეს? თუ იმ მედიის წარმომადგენლებს ეპარებათ ეჭვი, რომლებიც ომის მიმდინარეობის პერიოდში დეზინფორმაციის გავრცელებით არიან დაკავებულები? - ასე უპასუხა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა მედიის წარმომადგენლების კითხვას უმრავლესობის დეპუტატის, ნინო წილოსანის მიერ გაკეთებულ განცხადებაზე, რომლის თანახმადაც, რუსეთისგან "თუ არ ჩავთვლით ძირითად ტრაგედიას, ოკუპაციას, ნამდვილად არ ახსენდება ისეთი შეურაცხყოფა, რომელიც უკრაინის რიგი მაღალჩინოსნების მხრიდან მოგვადგა“.

როგორც პაპუაშვილი აცხადებს, ასეთი პროპაგანდისტული კამპანიის მიზანია იმის წარმოჩენა, თითქოს საქართველოს ხელისუფლება პატრიოტული ხელისუფლება არ არის.

"სინამდვილეში, ჩვენ ვხედავთ პროპაგანდას, ისტერიას, რომლის ერთადერთი ინტერესი არის წარმოაჩინონ, თითქოს "ქართული ოცნება“ არის რუსული პროექტი, ეს არის კინო, რომელსაც 10 წელია ვუყურებთ. ამ კინოს ჰქვია "ნაციონალური მოძრაობა“, რომელსაც ხალხმა წაართვა ძალაუფლება და უნდა ეს ძალაუფლება დაიბრუნოს. 10 წელია სხვა არაფერი აქვთ სალაპარაკო გარდა იმისა, თითქოს "ქართული ოცნება“ ეს არის რუსული პროექტი. ვერაფერს ამ კუთხით ვერ ამბობენ და ამას ცდილობენ, რაღაცნაირად, ფრაზების ამოჭრით.

ვინმეს ეჭვი გეპარებათ ნინო წილოსანის პატრიოტიზმში? ვის ეპარება ეჭვი? - იმ ხალხს, რომლებმაც "ნაციონალური მოძრაობიდან“ საქართველოს მოქალაქეობაზე უარი თქვეს? იმათ ეპარებათ ეჭვი ნინო წილოსანის პატრიოტიზმში? თუ იმ მედიის წარმომადგენლებს ეპარებათ ეჭვი, რომლებიც ომის მიმდინარეობის პერიოდში კი დეზინფორმაციის გავრცელებით არიან დაკავებულები? ეს არის სწორედ სამარცხვინო.

მანიპულაცია სწორედ იმაში გამოიხატება, რომ არის მცდელობა კონტექსტიდან ამოგლეჯით და ადამიანების სიტყვებზე გამოჭერით.

ეს იყო კონტექსტიდან ამოგლეჯილი მანიპულაცია. სხვა არაფერია პროპაგანდა. ასეთი პროპაგანდისტული კამპანიის მიზანია იმის წარმოჩენა, რომ საქართველოს ხელისუფლება თითქოს არ არის პატრიოტული ხელისუფლება. არადა, თვითონ ეს ტელევიზიები იქცევიან არაპატრიოტულად“, - განაცხადა პაპუაშვილმა.

ცნობისთვის, "ქართული ოცნების“ დეპუტატმა ნინო წილოსანმა განაცხადა, რომ რუსეთისგან "თუ არ ჩავთვლით ძირითად ტრაგედიას, ოკუპაციას", ნამდვილად არ ახსენდება "ისეთი შეურაცხყოფა, რომელიც უკრაინის რიგი მაღალჩინოსნების მხრიდან მოგვადგა". "მე არ მახსენდება ისეთი შეურაცხმყოფელი ფაქტები ჩვენი ქვეყნის მიმართ, თუ არ ჩავთვლით ძირითად ტრაგედიას, რაც ოკუპაცია არის, ამის შემდეგ ნამდვილად არ მახსენდება ისეთი შეურაცხყოფა, რომელიც ამ შემთხვევაში უკრაინის რიგი მაღალჩინოსნების მხრიდან მოგვადგა", - განაცხადა წილოსანმა, როდესაც უპასუხა "დროებას" ჟურნალისტის კითხვას, თუ ახსენდება შემთხვევა, როცა "ქართული ოცნების“ დეპუტატებმა პუტინის მისამართით გამოიყენეს სიტყვა - "ვიგინდარა“ ან "სამარცხვინო არსება?“

ასევე იხილეთ: