ავტორი:

"პუტინმა ვერაფერი იზეიმა 9 მაისს... მარიუპოლიც კი ვერ აიღო. დღეს ის სულაც არ იყო მუქარის ხასიათზე, მისი არც ერთი გზავნილი არ იყო საერთაშორისო აუდიტორიისადმი" - ექსპერტი

"პუტინმა ვერაფერი იზეიმა 9 მაისს... მარიუპოლიც კი ვერ აიღო. დღეს ის  სულაც არ იყო მუქარის ხასიათზე, მისი არც ერთი გზავნილი არ იყო საერთაშორისო აუდიტორიისადმი" - ექსპერტი

9 მაისს ფაშიზმზე გამარჯვების თარიღის აღსანიშნავად, რუსეთის ფედერაციის პრეზეიდენტმა ვლადიმერ პუტინმა წითელ მოედანზე სამხედრო აღლუმი ჩაატარა. მასში დაახლოებით 11 000-მა სამხედრომ მიიღო მონაწილეობა. აღლუმზე სიტყვით გამოვიდა პუტინი და ისევ გაიმეორა ცნობილი ნარატივი, რომ ის იძულებული გახდა უკრაინაში სპეცოპერაცია ჩაეტარებინა რუსეთის ისტორიული მიწების დასაცავად.

"სამხედროები, რომლებიც მონაწილეობენ უკრაინაში სპეცოპერაციაში, მონაწილეობენ მოსკოვში გამარჯვების აღლუმში. დასავლეთს შარშან დეკემბერში შევთავაზეთ უსაფრთხოების გარანტიების შესახებ შეთანხმების დადება. რუსეთმა დასავლეთს მოუწოდა გულწრფელი დიალოგისკენ, გონივრული კომპრომისული გადაწყვეტილებების მოძებნის, ერთმანეთის ინტერესების გათვალისწინებისკენ, მაგრამ ნატოს ქვეყნებს არ სურდათ მოსმენა. სინამდვილეში, მათ სრულიად განსხვავებული გეგმები ჰქონდათ და ჩვენ ეს დავინახეთ. ღიად მიმდინარეობდა მზადება დონბასში მორიგი სადამსჯელო ოპერაციისთვის, ჩვენს ისტორიულ მიწებზე, მათ შორის - ყირიმში შეჭრაზე. კიევში მათ განაცხადეს ბირთვული იარაღის შესაძლო შეძენის შესახებ, საფრთხე ყოველდღე იზრდებოდა, რუსეთმა პრევენციული უკუგდება მისცა აგრესიას, ეს იყო იძულებითი, დროული და ერთადერთი სწორი გადაწყვეტილება“, - განაცხადა მან.

მას მერე, რაც პუტინის რეჟიმმა არსებით წარმატებას უკრაინაში ვერ მიაღწია, ბევრი ვარაუდი გამოითქმოდა, რომ პუტინს 9 მაისს შეიძლება უკრაინისთვის ომი ოფიციალურად გამოეცხადებინა და საყოველთაო მობილიზაცია გამოეცხადებინა, რიგი ექსპერტები არ გამორიცხავდნენ მოლდოვაზე თავდასხმის შესაძლებლობასაც, თუმცა ასე არ მოხდა. პუტინის გამოსვლაში მუქარის ტონი ნაკლებად იგრძნობოდა, დღეს ოკუპანტი ლიდერი უფრო თავის ნამოქმედარის გამართლებას ცდილობდა. როგორც პოლიტოლოგი თენგიზ ფხალაძე გვეუბნება, ნირშეცვლილი პუტინის მესიჯები შიდა აუდიტორიაზე იყო გათვლილი მისი მოქალაქეების თვალში იმ ყველაფრის ლეგალიზებისთვის, რაც უკრაინაში ხდება, თორემ რუსეთს არც საზეიმოდ აქვს საქმე და არც - საამაყოდ.

"გასაკვირი არაფერი მომხდარა. პუტინს, ძირითადად, ეს აღლუმი სჭირდებოდა საკუთარი აუდიტორიისთვის, მისი მოქალაქეების თვალში იმ ყველაფრის ლეგალიზებისთვის, რაც უკრაინაში ხდება, თორემ რუსეთს არც საზეიმოდ აქვს საქმე და არც საამაყოდ. რეალურად, რაც ხდება, არის სამარცხვინო, რომ არაფერი ვთქვათ იმაზე, რომ ყოველდღიურად მოწმენი ვართ რუსეთის მხრიდან დანაშაულის და საერთაშორისო სამართლის უხეში დარღვევის. ამიტომაც იყო ეს ღონისძიება შიდა პიარზე გათვლილი... იყო მოლოდინი, რომ პუტინი 9 მაისს საყოველთაო მობილიზაციას და ომს გამოაცხადებდა. მე პირადად, ყველა კომენტარში ნათქვამი მაქვს, რომ ამას არ ველოდი იმიტომ, რომ ამის გაკეთება პუტინისთვის იქნებოდა მარცხის აღიარება, იმისა, რომ მიზანს ვერ მიაღწია. პუტინს ეშინია საკუთარი ხალხისთვის სიმართლის თქმის, ვინაიდან ასეთ შემთხვევაში მას მოეთხოვება პასუხი იმაზე, რატომ აღმოჩნდნენ ამ დღეში. ამიტომ ის ყველანაირად ცდილობს გაამართლოს თავისი ქმედებები. ის დღეს მობილიზაციას ვერ გამოაცხადებდა, ვინაიდან ეს იმას ნიშნავს, ღიად თქვას, რომ ეს არის ომი და ეს ომი რუსეთის მოქალაქეებში გაზრდის მსხვერპლს. ეს ნაბიჯი მისთვის ძალზე არაპოპულარულია, ამიტომ ამას არც ველოდი. რაც შეეხება ბირთვული ომის დაწყებას, ბევრი დღესაც, სამწუხაროდ, ეგება იმ ანკესზე, რასაც ჰქვია რუსული შანტაჟი. ყოველთვის ისე არ წვიმს, როგორც ქუხს. რუსეთი ბევრს იმუქრება, მაგრამ ამდენის შესაძლებლობა ნამდვილად არ აქვს. შემიძლია სრული პასუხისმგებლობით ვთქვა, რომ იმის ნახევრის განხორციელების შესაძლებლობაც კი არ აქვს რუსეთს, რასაც იმუქრება და ეს ცხადად დაგვანახა ომმა უკრაინაში. ასე რომ, მთელი მისი პოლიტიკა აგებული იყო შანტაჟზე და ამ პოლიტიკას დღესაც აგრძელებს.

დღეს პუტინი სულაც არ იყო მუქარის ხასიათზე, მისი არც ერთი გზავნილი არ იყო საერთაშორისო აუდიტორიისადმი, ეს იყო რუსეთის მოქალაქეებისთვის განკუთნილი იმიტომ, რომ მიუხედავად იმ საინფორმაციო შტურმისა, რაც ხდება რუსეთში, ხალხი ნელ-ნელა იწყებს კითხვების დასმას. იცით, რომ დღეს უკრაინელმა ჰაკერებმა შეტევა მოაწყვეს და ადამიანებს, რომლებსაც ტელევიზიით გამარჯვების აღლუმი უნდა ენახათ, უცებ სხვა რამ დაინახეს საკაბელო ტელევიზიებზე - რუსეთის დანაშაულების საშინელი სურათები... ეს ყველაფერი მეტ-ნაკლებად მოქმედებს, მართალია არა იმ მასშტაბებით, როგორც გვინდა, რომ იმოქმედოს, მაგრამ მაინც. ეს ყველაფერი კარგად ესმის პუტინს, ამიტომ მისი მიმართვა იყო სწორედ შიდა აუდიტორიისადმი, არც ერთი საგარეო პოლიტიკური მესიჯი მას არ ჰქონია.

პუტინმა ვერაფერი იზეიმა 9 მაისს, ის გამარჯვებას ვერ გამოაცხადებდა, ვინაიდან ყველაფერი სრულიად სხვანაირად იყო ჩაფიქრებული, მარიუპოლიც კი ვერ აიღო, არამც თუ კიევი და სხვა ქალაქები, რაც მისთვის სერიოზული კრახი იყო. ის შედარებით ნირშეცვლილიც იყო და ღონისძიებაც სხვა სცენარით წარიმართა და არა ისე, როგორც თავიდან იგეგმებოდა. სამწუხაროდ, ეს ომი მალე არ დასრულდება, ჯერჯერობით, რუსეთს აქვს იმის რესურსები, რომ ის გააგრძელოს. აღლუმზე ტექნიკაც გამოჩნდა, თუმცა იმაზე საკმაოდ შემცირებული რესურსები, რაც მანამდე იყო. ხაზი მინდა გავუსვა იმას, რომ ეჭვი არ მეპარება იმ შედეგში, რითაც ეს ომი დამთავრდება - ეს იქნება უკრაინის სრული გამარჯვება და პუტინის სრული კრახი, მაგრამ სამწუხაროდ, ეს არ იქნება მალე“.

იხილეთ ასევე: