ავტორი:

"თუ "ნაცმოძრაობა“ გადაწყვეტს, რომ დაიშალოს, მზად ვართ მხარი დავუჭიროთ სააკაშვილის გათავისუფლების ინიციატივას" - იაგო ხვიჩია

"თუ "ნაცმოძრაობა“ გადაწყვეტს, რომ დაიშალოს, მზად ვართ მხარი დავუჭიროთ სააკაშვილის გათავისუფლების ინიციატივას" - იაგო ხვიჩია

თუ "ნაციონალური მოძრაობა" გადაწყვეტს, რომ დაიშალოს და შემდეგ არჩევნებში არ მიიღოს მონაწილეობა, ჩვენ მზად ვართ მხარი დავუჭიროთ მათ ინიციატივებს, რომელიც მიმართული იქნება სააკაშვილის საზღვარგარეთ გადაყვანისკენ თუ გათავისუფლებისკენ,- ამის შესახებ "გირჩის“ დეპუტატმა იაგო ხვიჩიამ განაცხადა, რითაც გამოეხმაურა ინფორმაციას იმის თაობაზე, რომ "ნაციონალური მოძრაობა" გეგმავს პარლამენტს მიმართოს, რომ მიხეილ სააკაშვილის საზღვარგარეთ სამკურნალოდ გადაყვანის შემთხვევაში, თავდებში ჩაუდგებიან, რომ მკურნალობის შემდეგ ის დაბრუნდება და სასამართლოს წინაშე წარსდგება.

მისი თქმით, "ჩვენ თავდებში ვდგებით, რომ არ გავიქცევით" არ არის სერიოზული განცხადება და საჭიროა "ქართულ ოცნებას" "ნაციონალურმა მოძრაობამ" შესთავაზოს ისეთი რამ, რაზეც მათგან უარის თქმა აუხსნელი იქნება, სხვა შემთხვევაში ამ ინიციატივას სერიოზულობა აკლია და მას არ სურს მიიღოს მონაწილეობა "საცირკო წარმოდგენაში, რომელსაც შინაარსი არ ექნება".

"გააჩნია, როგორ მოამზადებ ინიციატივას და გარემოს, რომ ადამიანებს მისი მხარდაჭერა მოუნდეთ. ჩვენ გვესმის, რომ "ნაციონალური მოძრაობის“ დეპუტატები არც აქამდე იქნებოდნენ წინააღმდეგი თავდებში ჩადგომოდნენ მიხეილ სააკაშვილს, მაგრამ როგორც ჩანს, ეს არ არის გათავისუფლების გზა. თუმცა, თუ "ნაციონალური მოძრაობა“ სერიოზულად შეხედავს მისი გათავისუფლების საკითხს, გადაწყვეტს, რომ დაიშალოს და შემდეგ არჩევნებში არ მიიღოს მონაწილეობა, ჩვენ მზად ვართ მხარი დავუჭიროთ ამ კანოპროექტს და სხვა ინიციატივებსაც, რომელიც მიმართული იქნება მისი საზღვარგარეთ გადაყვანისკენ თუ გათავისუფლებისკენ", - განაცხადა ხვიჩიამ.