ავტორი:

რა უნდა ვიცოდეთ არტერიულ ჰიპერტენზიაზე?

რა უნდა ვიცოდეთ არტერიულ ჰიპერტენზიაზე?

არტერიული ჰიპერტენზია სისხლის მიმოქცევის სისტემაში არტერიული წნევის გახანგრძლივებულ და მყარ მატებას ნიშნავს. ის, ძირითადად, ქრონიკულად მიმდინარეობს და მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციის მიხედვით, კარდიოვასკულური სისტემის ავადობის, ნაადრევი ინვალიდობისა და სიკვდილიანობის ძირითად რისკფაქტორს წარმოადგენს.

არტერიულ ჰიპერტენზიას გაზაფხულსა და შემოდგომაზე გამწვავება ახასიათებს. რადგანაც ახლა სწორედ ერთ-ერთი ასეთი სეზონია, დაავადებაზე უფრო მეტის გასაგებად თოდუას კლინიკის ვერის ფილიალის კარდიოლოგ თამარ ჭიხორიას დავუკავშირდით.

არტერიული ჰიპერტენზიის რა სახეები არსებობს და რა გართულებებია მოსალოდნელი ამ დაავადების დროს?

არტერიული ჰიპერტენზიის ორი სახე არსებობს – პირველადი და მეორადი. პირველ შემთხვევაში ის დამოუკიდებლად მიმდინარე დაავადება, მეორე შემთხვევაში კი სხვა დაავადების სიმპტომი. არტერიული ჰიპერტენზიის ორივე ფორმა ძალიან საყურადღებოა, რადგან მან შეიძლება მთელი რიგი გართულებები გამოიწვიოს.

ამ გართულებებს შორის, პირველ რიგში, უნდა გამოვყოთ ჰიპერტენზიული კრიზი, რაც წნევის მკვეთრ მატებას ნიშნავს. ხშირი კრიზი სხვადასხვა ორგანოს დაზიანებას უფრო მეტად აჩქარებს. უმართავი ჰიპერტენზია იწვევს იშემიურ ან ჰემორაგიულ ინსულტს, გულის უკმარისობას, მიოკარდიუმის ინფარქტს, თირკმლის უკმარისობას, იმპოტენციას მამაკაცებში, მხედველობის გაუარესებას და სხვა.

არტერიული წნევის რა მაჩვენებლები უნდა მივიჩნიოთ ჰიპერტენზიად და დაავადების რა სიმპტომებს უნდა მივაქციოთ ყურადღება?

ნორმალურ მაჩვენებლად მიიჩნევა, როდესაც სისტოლური წნევა 120-129 მმ.ვწყ., ხოლო დიასტოლური 80-84 მმ.ვწყ.-ია. 140/90 მმ.ვწყ.სვ და მეტი უკვე მომატებულ არტერიულ წნევად ითვლება. თუმცა, განსხვავებულია ეს მაჩვენებლები შაქრიანი დიაბეტის დროს. ასეთ პაციენტებში 130/85 მმ.ვწყ.სვ უკვე ჰიპერტენზიად მიიჩნევა.

არტერიული ჰიპერტენზიის კლინიკური ნიშნებია თავის ტკივილი, საერთო სისუსტე, თავბრუსხვევა, ყურებში ხმაური, სუნთქვის გაძნელება, გულისრევის შეგრძნება, ტაქიკარდია ანუ გულისცემის აჩქარება, კიდურების დაბუჟება და გაციება.

ზოგიერთ შემთხვევაში, პაციენტი შესაძლებელია ვერც კი გრძნობდეს წნევის ციფრების მატებას.

რა არის არტერიული ჰიპერტენზიის გამომწვევი მიზეზები და როგორ უნდა მოვახდინოთ მისი პრევენცია?

არტერიული წნევას ბევრი რამ შეიძლება იწვევდეს, თუმცა, მათ შორის აღსანიშნავია გენეტიკური წინასწარგანწყობა, მწეველობა, შაქრიანი დიაბეტი, ალკოჰოლის ჭარბი მოხმარება, მჯდომარე ცხოვრების წესი, ქოლესტერინის მაღალი დონე, მარილის ჭარბი მოხმარება და ა.შ. შესაბამისად, არტერიული ჰიპერტენზიის პრევენციას ჯანსაღი ცხოვრების წესი წარმოადგენს, რაც ფიზიკურ აქტივობას, წონის კონტროლს, სუფრის მარილისა და კოფეინის მოხმარების შეზღუდვას, ალკოჰოლზე, თამბაქოსა და სხვა მავნე ჩვევებზე უარის თქმას გულისხმობს.

როგორ ხდება არტერიული ჰიპერტენზიის დიაგნოზის დასმა და მკურნალობა?

პაციენტმა არტერიული წნევის მომატების შემთხვევაში აუცილებლად უნდა მიმართოს ექიმს, რათა მოხდეს სწორი დიაგნოზის დასმა და დაავადების განვითარების მიზეზების დადგენა. ამისათვის, ხშირად, საჭიროა წნევის 24 საათიანი მონიტორინგი. ასევე, პაციენტს უტარდება რიგი კლინიკურ-ლაბორატორიული კვლევები.

სამკურნალო პრეპარატები ინდივიდუალურად ინიშნება – დაავადების მიზეზისა და პაციენტის მდგომარეობის გათვალისწინებით. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ პაციენტმა ექიმის რეკომენდაციები შეასრულოს, აკონტროლოს წნევა და თვითნებურად არ შეწყვიტოს მკურნალობა. ეს ყველაფერი დაავადების გამწვავებისა და სხვა გართულებების თავიდან აცილების წინაპირობაა.