ავტორი:

"შეუძლებელია მწუხარების კონტროლი" - ნიკ ქეივს ერთი შვილი, 7 წლის წინ,  კლდიდან გადავარდნის შედეგად დაეღუპა, უფროსი ვაჟი კი ახლა გარდაეცვალა - მუსიკოსის ტრაგიკული ცხოვრება

"შეუძლებელია მწუხარების კონტროლი" - ნიკ ქეივს ერთი შვილი, 7 წლის წინ,  კლდიდან გადავარდნის შედეგად დაეღუპა, უფროსი ვაჟი კი ახლა გარდაეცვალა - მუსიკოსის ტრაგიკული ცხოვრება

ლეგენდარული მომღერლის ნიკ ქეივის ცხოვრებაში უმძიმესი ტრაგედია 7 წლის შემდეგ განმეორდა. ცნობილი გახდა, რომ ნიკის 31 წლის ვაჟი, ჯეთრო ლეიზენბი გარდაიცვალა. ერთი შვილი კი, 15 წლის არტური მანამდე, 2015 წელს დაეღუპა.

ტრაგიკული ამბავი ნიკ ქეივმა სოციალური ქსელის საშუალებით გაავრცელა და გლოვის პერიოდში ხალხს მათი პირადი სივრცის დაცვა სთხოვა.

ნიკ ქეივი და მისი ვაჟი, ჯეთრო ლეიზენბი

ნიკ ქეივს სულ 4 ვაჟი ჰყავს, მათგან უფროსი, 31 წლის, ჯეთრო იყო. ის ავსტრალიელ მოდელ ბიუ ლეიზენბისთან ურთიერთობისას შეეძინა. ჯეთროს დაბადებიდან 10 დღეში, ქეივს მეორე ვაჟი - ლუკი შეეძინა.

ჯეთროც დედასავით სამოდელო კარიერას ეწეოდა. მან ერთ-ერთ ინტერვიუში აღიარა, რომ მამას პირველად 7 წლის ასაკში შეხვდა და რომ მასთან დაძაბული ურთიერთობა ჰქონდა. ჯეთროს ნამუშევარი აქვს "ბალენსიაგასთან" და "ვერსაჩესთან". იმის გამო, რომ მას ფსიქოლოგიური პრობლემები ჰქონდა, ბოლო წლების განმავლობაში აღარ ყოფილა აქტიური.

ჯეთრო

ჯეთრო ლეიზენბი გარდაცვალებამდე 2 დღით ადრე გაათავისუფლეს ციხიდან. მან მარტში დედასთან იჩხუბა და დაარტყა, რის გამოც დააპატიმრეს. ჯეთროს ადვოკატმა თქვა, რომ მას შიზოფრენიის დიაგნოზი ჰქონდა და ამის გამო სწორად ვერ განსჯიდა თავის საქციელს.

პირველი ტრაგედია ქეივმა 2015 წელს განიცადა, როცა მისი 15 წლის ვაჟი, არტური, კლდიდან ჩამოვარდა და გარდაიცვალა. 15 წლის მოზარდი, რომელსაც მისი ოჯახი "ლამაზ, ბედნიერ და მოსიყვარულე ბიჭად" იხსენებს, როგორც მოგვიანებით გაირკვა, ჰალუცინოგენურ ნარკოტიკს, LSD-ს მოიხმარდა.

ნიკი არტირსა და ჯეთროსთან ერთად

ვაჟის სიკვდილი გახდა იმის მიზეზი, რომ ნიკი და მისი მეუღლე - სუზი ბიკი ბრაიტონიდან ლოს ანჯელესში გადასახლდნენ.

"ბრაიტონი ზედმეტად სევდიანი გახდა და ამიტომ გადავედით, მაგრამ საბოლოოდ, მაინც ინგლისში დავბრუნდით, რადგან გავიაზრეთ, რომ მნიშვნელობა არ ჰქონდა სად წავიდოდით - ჩვენი სევდა მაინც თან დაგვყვებოდა", - ამბობდა ნიკ ქეივი ერთ-ერთ ინტერვიუში.

ქეივს კიდევ ორი ვაჟი ჰყავს, 30 წლის ლუკი და არტურის ტყუპისცალი ერლი, რომელიც ახლა 21 წლისაა. ერლი მსახიობია და ცნობილ სატელევიზიო სერიალში The End of the F***ing World - ში მონაწილეობდა.

ნიკი ერლსა და არტურთან ერთად

2018 წელს, ქეივმა წერილი დაწერა, რომელშიც თავისი 15 წლის ვაჟის ტრაგიკულ გარდაცვალებაზე საუბრობს, აქ ის წერს: "მესმის როგორ მელაპრაკება ის, როგორ მიმიძღვება წინ და როგორ მფარველობს, იმის მიუხედავად, რომ აქ აღარაა".

მომღერალი წერილში საყვარელი ადამიანებისგან განშორების მწუხარებაზეც წერს:

"მწუხარება და სიყვარული ერთმანეთშია სამუდამოდ გადაჯაჭვული. მწუხარება ჩვენი სიყვარულის სიღრმის და სიძლიერის საშინელი შემახსენებელია. სიყვარულის მსგავსად, არც მწუხარებაა ჩვენი კონტროლის ქვეშ", - აღნიშნავდა ნიკ ქეივი.

არტური

2016 წელს, მუსიკოსმა სიმღერაც მიუძღვნა უდიდეს ტრაგედიას - Girl in Amber, რომელიც მის საყოველთაოდ აღიარებულ ერთ-ერთ ყველაზე სევდიან ალბომში - Skeleton Tree-შია შესული და სადაც ტრაგიკული შემთხვევის გავლენით შექმნილი სიმღერებია თავმოყრილი.

ქეივმა აღნიშნა, რომ 2014 წელს დაწერილი Girl in Amber შეეხება ადამიანებს, რომლებიც მუდმივად წარსულის ტყვეობაში არიან.

"2015 წელს, როცა Skeleton Tree-ზე ვმუშაობდი, ყველაფერი შეიცვალა, ჩემი ვაჟი რამდენიმე თვით ადრე გარდაიცვალა. ამ პერიოდში ბურუსით მოცულ რეალობაში ვცხოვრობდი და სტუდიაში გაშეშებული ვიჯექი. ალბომის სიმღერებს ვუსმენდი და როცა ამ სიმღერის (Girl in Amber) საბოლოო ვერსია მოვისმინე, გავოგნდი. მივხვდი, რომ ეს სიმღერა ჩემს მეუღლეს - სუზის ცხოვრებას აღწერდა, ჩვენი შვილის გარდაცვალების შემდეგ.

მინდა ვიფიქრო, რომ Girl in Amber-მა მე და ჩემი ცოლი ჩვენი მწუხარებისგან, რომელიც უმოქმედოს გვხდიდა, გარკვეულწილად გაგვათავისუფლა. საკუთარი გამოცდილებიდან გამომდინარე მინდა დავამატო, რომ მიუხედავად იმისა, რომ ჩვენ ყველანი წარსულში მომხდარი შეუცვლელი მოვლენების ტყვეობაში ვართ, დროთა განმავლობაში, მოთმინებით გადავლახავთ ყველაფერს და სიმშვიდეს მოვიპოვებთ", - ამბობდა მუსიკოსი.

ნიკ ქეივი და მისი მეუღლე, სუზი ბიკი

წყარო: dailymail

მოამზადა: ანა სიბოშვილმა