ავტორი:

"რაღაც ცუდადაა საქმე მატყუარა ოცნებების პარტიისთვის, ვაშინგტონში მათთან მიმართებაში სერიოზული უნდობლობაა, სახელი აქვთ გატეხილი" - ვაშაძე

"რაღაც ცუდადაა საქმე მატყუარა ოცნებების პარტიისთვის, ვაშინგტონში მათთან მიმართებაში სერიოზული უნდობლობაა, სახელი აქვთ გატეხილი" - ვაშაძე

ივანიშვილს თავისი დავა აქვს და მიხედოს იმ დავას, როგორ შეიძლება ეს დაუკავშირდეს სახელმწიფო ინტერესებს?, - ასე პასუხობს "სტრატეგია აღმაშენებლის" ლიდერი, გიორგი ვაშაძე "პალიტრანიუსის" გადაცემა "დღის ნიუსრუმში" "ქართული ოცნების" თავმჯდომარის, ირაკლი კობახიძის მიერ გაკეთებულ განცხადებას შვეიცარიული ბანკის მიერ ბიძინა ივანიშვილისთვის თანხების გადარიცხვის შეფერხებაზე, რომ „თუ ვინმეს აქვს იმის მცდელობა, რომ ბიძინა ივანიშვილი მისი ნების წინააღმდეგ შემოაბრუნოს ქართულ პოლიტიკაში იმისათვის, რომ ქვეყანა ომში ჩაერთოს, ეს მინიმუმ მიუღებელია და პრინციპულად არასწორია“.

გიორგი ვაშაძის განცხადებით, კერძო პირის ფინანსური დავის დაკავშირება სახელმწიფოსთან „ეს ყველაზე დიდი კატასტროფაა“.

"კობახიძის მხრიდან იყო ანტიდასავლური, ანტიამერიკული განცხადება. ვიღაც თითქოს მათ იძულებას აპირებს რაღაცაში. საერთოდ, კერძო პირის ფინანსური დავის დაკავშირება სახელმწიფოსთან, ყველაზე დიდი კატასტროფაა. ეს მიუთითებს, რომ არასდროს ოლიგარქები არ უნდა იყვნენ პოლიტიკასთან ახლოს. თვითონ თქვა ფაქტობრივად, რომ ქვეყნის ინტერესები და ივანიშვილის ინტერესები გადაეკვეთა ერთმანეთს, პერსონალურად ამბობს ამას მატყუარა ოცნებების პარტიის თავმჯდომარე. ამით აღიარებს, რომ კერძო პირის ფინანსურმა ინტერესმა შეიძლება სახელმწიფოს შეუქმნას საფრთხე. საქართველოს სახელმწიფო ინტერესი ერთი მხრივ, უკრაინასთან მიმართებაში ომში ჩართვა, ეს აბსურდული რიტორიკა, რაც აქვთ და მეორე მხრივ დააკავშირა ბიძინა ივანიშვილის ქონება. ეს ჩემი აზრით არის ყველაზე დიდი საფრთხე საქართველოს სუვერენიტეტისთვის“, - განაცხადა გიორგი ვაშაძემ.

გიორგი ვაშაძის თქმით, მას შთაბეჭდილება დარჩა, რომ „ქართულ ოცნებას“ რაღაცის ეშინია, „ეტყობა რაღაც დანაშაული აქვთ ჩადენილი“.

"გულწრფელად რომ გითხრათ, მე უფრო შთაბეჭდილება დამრჩა, რომ „ქართული ოცნება“ რაღაცნაირად თავს იზღვევს. ეტყობა რაღაც დანაშაული აქვთ ჩადენილი. გამოვიდნენ და თვითონ თქვეს, რომ კერძო პირის კერძო ფინანსები კავშირშია სახელმწიფოს საგარეო პოლიტიკასთან. ამაზე მეტი რა უნდა თქვას? მმართველი პარტიის თავმჯდომარემ თქვა მე ხომ არ მითქვამს?

მოკლედ, რაღაც ცუდადაა საქმე რა, მატყუარა ოცნებების პარტიისთვის. მათ რაღაცის ეშინიათ. ამას ჩვენ გავიგებთ, დამალული არ დარჩება. მე ერთი რამ შემიძლია გითხრათ, რომ ვაშინგტონში მათთან მიმართებაში არის სერიოზული უნდობლობა, სახელი აქვთ გატეხილი. „ქართული ოცნების“ საქმე როგორაა იცით? „სახელის გატეხას თავის გატეხა ჯობიაო“ ზუსტად ასეა, სახელ გატეხილი პოლიტიკური ძალაა. იმის ნაცვლად რომ ვაშინგტონში და ბრიუსელში ისხდნენ უმაღლეს დონეზე დელეგაციები, რათა ჩვენი ქვეყნის ინტერესები დაიცვან უკრაინის მხარდამხარ, აგერ, არგენტინაში დადის საპარლამენტო დელეგაცია სტეიკების საჭმელად და ფეხბურთის საყურებლად“, - განაცხადა გიორგი ვაშაძემ.

გიორგი ვაშაძემ გადაცემაში აშშ-ში მისი ვიზიტის შესახებაც ისაუბრა და აღნიშნა, რომ დასავლური მხარე 19 აპრილის შეთანხმებით დაკისრებული ვალდებულებების შესრულების იძულებას დაიწყებს.

"მე სირცხვილით ვიწვოდი შეხვედრებზე, პირდაპირ გეტყვით, როცა ჩემი ქვეყნის ხელისუფლებასთან დაკავშირებით პირდაპირ კითხვას მისვამენ, „რა ხდება, რატომ არის ეს პოზიცია?“ სერიოზულად სვამენ კითხვას ამასთან დაკავშირებით, რომ რატომ არ არის გულწრფელი, გულმხურვალე დამოკიდებულება.

მე რაც შემიძლია გითხრათ, ჩემი ვიზიტის შემდეგ, უახლოეს 2-3 თვეში თქვენ ნახავთ, რომ ოფიციალურ დოკუმენტებშიც კი გაჩნდება სრულიად სხვა შინაარსები. ერთ-ერთი მნიშვნელოვანი საკითხი იქნება, რომ ვალდებულებების შესრულების იძულებას დაიწყებს დასავლური მხარე.

რა თქმა უნდა, ჩვენი ვიზიტის მიზანი იყო 19 აპრილის შეთანხმება, რაზედაც ჩვენ ხელი მოვაწერეთ ამერიკული და ევროპული გარანტიის ქვეშ. ჩვენ ახლა ვითხოვთ პარტნიორებისგან იძულებითი მექანიზმების ჩართვას, რომ ეს ყველაფერი შეასრულოს „ოცნებამ“. მართლმსაჯულების რეფორმა, საკონსტიტუციო ცვლილებები, ძალაუფლების განაწილების საკითხი, სამივე საკითხი, რომელიც 19 აპრილის შეთანხმებაშია, არსად არ წასულა და არავინ არ აპირებს, რომ უბრალოდ გადაგდებულ მდგომარეობაში იყოს. ჩვენი დასავლელი პარტნიორები მოითხოვენ, რომ შესრულდეს“, - განაცხადა გიორგი ვაშაძემ.