ავტორი:

მამაკაცს, რომელმაც მეუღლე, 27 წლის სალომე მარტიაშვილი მოკლა, შემდეგ კი გაზით გაგუდვის ინსცენირება მოაწყო, 15 წლით პატირმობა მიესაჯა

მამაკაცს, რომელმაც მეუღლე, 27 წლის სალომე მარტიაშვილი მოკლა, შემდეგ კი გაზით გაგუდვის ინსცენირება მოაწყო, 15 წლით პატირმობა მიესაჯა

2021 წლის 5 ნოემბერს თბილისში მეუღლის მოკვლის ბრალდებით დაკავებული ანზორ ლურსმანაშვილი სასამართლომ დამნაშავედ ცნო და 15 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა.

აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას გენერალური პროკურატურა ავრცელებს.

"სასამართლოზე გამოკვლეული მტკიცებულებებით დადასტურდა, რომ 2021 წლის 5 ნოემბერს ქ.თბილისში, ა.ლ.-მ განზრახ მოკვლის მიზნით, მეუღლეს ს.მ.-ს თავის არეში დაზიანებები მიაყენა. მიღებული დაზიანებების შედეგად ს.მ. ადგილზე გარდაიცვალა. დანაშაულის დაფარვის მიზნით, ბრალდებულმა დანაშაულის ადგილი მოასუფთავა, გაზის მილი ჩახსნა და დაზარალებულის ბუნებრივი აირით გარდაცვალების იმიტაცია შექმნა.

თბილისის საქალაქო სასამართლომ ა.ლ. დამნაშავედ ცნო საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 11 პრიმა 109-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ვ“ ქვეპუნქტით (განზრახ მკვლელობა, ჩადენილი ოჯახის წევრის მიმართ) და სასჯელის სახედ და ზომად 15 წლით თავისუფლების აღკვეთა განუსაზღვრა“, - ნათქვამია განცხადებაში.

საქმე ეხება შემდეგ ფაქტს: 27 წლის სალომე მარტიაშვილი საკუთარმა მეუღლემ ბლაგვი საგნის ჩარტყმით მოკლა, შემდეგ კი დანაშაულის კვალის გაქრობის მიზნით, უბედური შემთხვევის, კერძოდ, გაზით გაგუდვის ინსცენირება მოაწყო.

პოლიციამ ახალგაზრდა ქალის ცხედარი გურამიშვილის გამზირზე მდებარე საცხოვრებელ ბინაში იპოვა. იქვე იატაკზე ნახეს ანზორ ლურსმანაშვილიც, რომელიც გაზით ინტოქსიკაციის ნიშნებით საავადმყოფოში გადაიყვანეს, თუმცა ცოტა ხანში ბინაზე გაწერეს.

პირველ ეტაპზე გამოძიება ქალის გარდაცვალების ვერსიად გაზით ინტოქსიკაციას განიხილავდა, თუმცა შემთხვევის ადგილზე ექსპერტიზამ სისხლის კვალს მიაგნო, აღმოჩნდა, რომ ქალს დაზიანებები თავის არეში ბლაგვი საგნით ჰქონდა მიყენებული. სამართალდამცველებმა ანზორ ლურსმანაშვილი მკვლელობის ჩადენიდან რამდენიმე დღეში დააკავეს.