ავტორი:

"ზოგჯერ ცდილობენ, გვამებისგან გაწმინდონ ადგილი, რათა საკვების ნასახს მიაგნონ..." - რას ჰყვება მარიუპოლის მერის მრჩეველი მოსახლეობის კატასტროფულ ვითარებაზე?

"ზოგჯერ ცდილობენ, გვამებისგან გაწმინდონ ადგილი, რათა საკვების ნასახს მიაგნონ..." - რას ჰყვება მარიუპოლის მერის მრჩეველი მოსახლეობის კატასტროფულ ვითარებაზე?

მარიუპოლის 95% სხვადასხვა სიმძიმის ხარისხით დაზარალდა, 50% ალბათ ვეღარ განახლდება. დანარჩენი 45% უნდა იქნას შესწავლილი, რის შემდეგაც დადგინდება, აღდგება ეს ყველაფერი თუ ვერა, - ამის შესახებ მარიუპოლის მერის მრჩეველმა, პეტრო ანდრიუშენკომ „პალიტრანიუსის“ გადაცემა „360 გრადუსში“ განაცხადა.

როგორც მან აღნიშნა, სავარაუდოდ, ქალაქში არსებული ინფრასტრუქტურის უდიდესი ნაწილი უნდა დაინგრეს და ხელახლა დაიწყოს მშენებლობა. მან ასევე განაცხადა, რომ ბოლო მონაცემებით, "აზოვსტალის" ტერიტორიაზე აღარ არის მშვიდობიანი მოსახლეობა, თუმცა, მისი თქმით, „გადაჭრით ამის თქმა მაინც ჭირს, რადგან ტერიტორია ძალზედ დიდია“.

"მარიუპოლში მყოფი მოსახლეობა, ფაქტობრივად, ჰუმანიტარული კატასტროფის ზღვარს გასცდა. მათ ელემენტარული საკვები აღარ აქვთ. აქ არ არის საუბარი რაღაც მაღალკალორიულ საჭმელზე, არ აქვთ სასმელი წყალი, ელექტროენერგია, გაზი და ისინი უბრალოდ ქუჩაში ამზადებენ სადილს. მათ ბინებში მინებიც ვერ ჩაუსვიათ, სახლები ვერ გაუკეთებიათ და ანტისანიტარულ პირობებში ცხოვრობენ, შიმშილობენ და ზოგჯერ ცდილობენ, რომ გვამებისგან გაწმინდონ ადგილი, რათა საკვების ნასახს სადმე მიაგნონ. უბრალოდ კატასტროფული სიტუაციაა“, - განაცხადა ანდრიუშენკომ.

ანდრიუშენკომ მარიუპოლში დარჩენილი მშვიდობიანი მოსახლეობის შესახებ ისაუბრა და აღნიშნა, რომ ისინი კატასტროფულ სიტუაციაში იმყოფებიან.

"პირველ რიგში, ანტისანიტარული და ეპიდემიოლოგიური სიტუაციის გაუარესება და სეზონური დაავადებები კიდევ უფრო მეტად შეუტევს მოსახლეობას, რადგან მათ არ აქვთ დასალევი წყალი და ღმერთმა უწყის რა ტიპის წყალს იყენებე. გარდა ამისა, იქნება იმუნიტეტის დაქვეთება, რადგან ისინი სარდაფებში ცხოვრობენ, სადაც ანტისანიტარული პირობებია. მათ არ აქვთ დაბანის საშუალება. ამასთან, მათ გარშემო უამრავი გვამი იხრწნება და სამწუხაროდ, სიტუაცია უკეთესობისკენ არ იცვლება, პირიქით, ის უარესობისკენ მიდის. ბუნებრივია, ეპიდემიოლოგიური საფრთხე ჩნდება და ეს იქნება ძალზედ სავალალო ნახტომი სიკვდილიანობის ზრდის მიმართულებით. ქალაქში, პრაქტიკულად არ არის სამედიცინო დაწესებულებები და არ არსებობს მედიკამენტები“, - განაცხადა პეტრო ანდრიუშენკომ.

მან ასევე რუსი ოკუპანტების მხრიდან ქიმიური იარაღის გამოყენების საფრთხეზე ისაუბრა.

"მასობრივი განადგურების იარაღის მუქარა რუსების მხრიდან კვლავ ძალაშია. რუსები არ მალავენ თავის გეგმას. თუ ისინი ნახავენ, რომ „აზოვსტალის“ დამცველებს ვერ გატეხავენ, ალბათ, ისინი გამოიყენებენ ქიმიურ იარაღსაც კი - ამაში ეჭვი არ უნდა შეგვეპაროს. რუსები ყველაზე მეტად არიან არაჰუმანურები და არაადამიანები, სწორედ ეს გამოარჩევს ადამიანებს არაადამიანებისგან“, - აღნიშნა მერის მრჩეველმა.

ნახეთ ვიდეო: