ავტორი:

"გვაბრალებენ, რომ "სამმა მუშკეტერმა" მილიარდი ლარი მივითვისეთ... პაციენტები კლინიკებში ჩავხოცეთ... " - რატომ აპირებდა თანამდებობის დატოვებას თენგიზ ცერცვაძე და რას უწუნებს ჯანდაცვის ახალ მინისტრს

"გვაბრალებენ, რომ "სამმა მუშკეტერმა" მილიარდი ლარი მივითვისეთ... პაციენტები კლინიკებში ჩავხოცეთ... " - რატომ აპირებდა თანამდებობის დატოვებას თენგიზ ცერცვაძე და რას უწუნებს ჯანდაცვის ახალ მინისტრს

თანამდებობიდან შესაძლო წასვლის შესახებ გაკეთებული განცხადების შემდეგ, ინფექციური საავადმყოფოს გენერალური დირექტორი, თენგიზ ცერცვაძე "ინტერპრესნიუსთან“ ინტერვიუში პირველად საუბრობს თავისი პოზიციის დეტალებზე.

  • ვინ იყო თენგიზ ცერცვაძის კრიტიკის მთავარი ადრესატი, ჯანდაცვის მინისტრის რომელმა განცხადებებმა გამოიწვია მისი უკმაყოფილება და როგორ აფასებს ის ახალი ჯანდაცვის მინისტრის პოლიტიკას, ამ და სხვა მნიშვნელოვან საკითხებზე "ინტერპრესნიუსი“ ინფექციური საავადმყოფოს გენერალურ დირექტორს, თენგიზ ცერცვაძეს ესაუბრა.

კლინიკური მართვის ხარვეზებზე კამათი და დისკუსია ბევრჯერ იყო, თუმცა ეს არასდროს ყოფილა ისეთი დონის მიზეზი, რომ თანამდებობიდან წასვლაზე გამეკეთებინა განცხადება. მრავალი წელია, რაც ექიმად ვმუშაობ. ვიცი, რომ ცხოვრებას უსამართლო ბრალდებების, ცილისწამების და რთული მომენტების გარეშე ვერ გაივლი.

ამ შემთხვევაში, ბრალდება იმდენად უსაფუძვლო და უზნეო იყო, რომ ყველა "წითელი ხაზი“ გადაკვეთა, საღ აზრს იყო აცილებული და რაღაც მომენტში, კონტროლი დავკარგე. ჩემი კრიტიკის მთავარი ადრესატი იყო გაზეთი "რეზონანსი“ და მასში გამოქვეყნებული, ზვიად ტომარაძის ინტერვიუ, ამასთან, მისი მიმდევრების კომენტარი. ძალიან მძიმე ბრალდება იყო, რომ მე და ჩემმა ორმა კოლეგამ, ე.წ. სამმა მუშკეტერმა მილიარდი ლარი მივითვისეთ. მთელმა ქვეყანამ იცის, რომ სიცოცხლეში ერთი ლარიც კი არ ამიღია არაკანონიერად, პაციენტისგან ერთხელაც კი არ ამიღია ჰონორარი!

როდესაც ჩვენ მილიარდის გაფლანგვას გვაბრალებენ, ამას საფუძველი თუ არა, ეჭვი მაინც უნდა ჰქონდეს. ჩვენ, ადამიანებმა, მთელი პანდემიის სიმძიმე საკუთარ კისერზე გადავიტანეთ, საკუთარი ჯანმრთელობის რისკის ფასად ყველაფერი გავაკეთეთ, რომ ქვეყანაში გარდაცვალების მაჩვენებელი მინიმალური ყოფილიყო. უამრავი ადამიანი გვყავს გადარჩენილი. ბრალს იმაში კი არ გვდებენ, რომ პაციენტებს ცუდად ვმკურნალობდით, გვაბრალებენ, რომ პაციენტები კლინიკებში ჩავხოცეთ! ტომარაძე და მისი მიმდევრები მოითხოვდნენ, რომ არათუ დავესაჯეთ, არამედ დავეხოცეთ, საფლავში ჩაგვდონ არა ჩვეულებრივი გზით, არამედ - წამებით. ეს ყოფილა მარგინალური კატეგორია, ბნელეთის წარმომადგენლები, რომლებიც ცდილობენ, დაარწმუნონ ადამიანები, რომ ქვეყანაში საშინელება ხდება, ექიმები შეგნებულად კლავენ ადამიანებს, მილიარდს ფლანგავენ. ასევე, ამბობენ, რომ კოვიდი არ არსებობს. ყველამ იცის, თუ რას წარმოადგენს ეს კატეგორია. საზოგადოების უმეტესი ჯანსაღი ნაწილისგან მივიღე რჩევა, რომ ამ კატეგორიის ადამიანებს ყურადღება არ უნდა მივაქციო.

გარდა ამისა, ჩემი განცხადების პირდაპირი ადრესატი მინისტრი არ ყოფილა, თუმცა, მის მიმართ უკმაყოფილების გრძნობა დამრჩა. მაშინ, როდესაც მინისტრმა მილიარდის და ცარიელი საწოლების თემა გააჟღერა, არ განმარტა, თუ ვინ იყო ბრალდების ადრესატი, არ განმარტა, სად წავიდა ეს მილიარდი - საქმეში დაიხარჯა, თუ გაიფლანგა. ჯერ არ იყო დასრულებული კვლევა იმისთვის, რომ ეთქვა, კონკრეტულად ვინ და როგორ დახარჯა. ამ ყველაფრის წინასწარ გაჟღერებით ინსინუაციების საბაბი მისცა ტომარაძეს და მსგავს ადამიანებს. როდესაც გადადგომაზე განცხადება დავწერე, არ მჯეროდა, მეგონა სიზმარში ვიყავი, როდესაც მილიარდის გაფლანგვას და ადამიანების ჩახოცვას გვაბრალებდნენ." - აცხადებს თენგიზ ცერცვაძე.

სრული ინტერვიუ იხილეთ ბმულზე