ავტორი:

"რომ მიდიოდა, საქართველოს დროშაც წაიღო, ამბობდა, მე საქართველოს და  უკრაინას ერთდროულად ვიცავო" - "აზოვსტალში" 27 წლის ქართველი მეომარი დაიღუპა

"რომ მიდიოდა, საქართველოს დროშაც წაიღო, ამბობდა, მე საქართველოს და  უკრაინას ერთდროულად ვიცავო" - "აზოვსტალში" 27 წლის ქართველი მეომარი დაიღუპა

რუს ოკუპანტებთან ბრძოლას უკრაინაში კიდევ ერთი ქართველი მეომარი ემსხვერპლა. ამჯერად მარიუპოლში "აზოვსტალის" ფოლადის ქარხანასთან ბომბის აფეთქების შედეგად, 27 წლის ტატო ბიგვავა დაიღუპა.

ტატო ბიგვავა 2014 წლიდან "აზოვის პოლკის" მეორე ასეულს ხელმძღვანელობდა. ვოლოდიმირ ზელენსკიმ ის ომის დაწყების შემდეგ, სიმამაცის ორდენით დააჯილდოვა.

დაღუპულის ცხედარი ამ დროისთვის "აზოვსტალის" ტერიტორიაზეა და უცნობია, როდის მოხერხდება მისი გადმოსვენება.

ოჯახის წევრების თქმით, ტატო უკრაინაში ომის პირველივე დღიდან იბრძოდა და ბოლოს სამშობლოში ხუთი წლის წინ იყო.

"8 მაისს გვქონდა ბოლო კავშირი, მომწერა, ნორმალურად ვარო, მას შემდეგ გაწყდა კავშირი, მეორე დღეს მაცნობეს, რომ დავალებიდან დაბრუნებულები იყვნენ და ისვენებდნენ, ამ დროს ჩამოყარეს ბუნკერის საწინააღმდეგო სამტონიანი ბომბები და იქ მოყვა ჩემი შვილი და დაიღუპა. უკრაინაში რომ მიდიოდა, საქართველოს დროშაც თან წაიღო, ამბობდა, მე საქართველოს და უკრაინას ერთდროულად ვიცავო", - ამბობს "მთავარ არხთან" ტატო ბიგვავას მამა, ბადრი ბიგვავა.