ავტორი:

"რუსების მხრიდან ეს ერთ-ერთი ბოლო მასშტაბური შეტევაა. თუ უკრაინელებმა მისი მოგერიება შეძლეს, შესაძლებელი გახდება კონტრშეტევაზე გადასვლა" - რა ხდება უკრაინაში, ფრონტის ხაზზე?

"რუსების მხრიდან ეს ერთ-ერთი ბოლო მასშტაბური შეტევაა. თუ უკრაინელებმა მისი მოგერიება შეძლეს, შესაძლებელი გახდება კონტრშეტევაზე გადასვლა" - რა ხდება უკრაინაში, ფრონტის ხაზზე?

რუსეთ-უკრაინის ომის 78-ე დღის გამთენიისას, რუსულმა სამხედრო ნაწილებმა თითქმის ყველა მიმართულებით მასიური იერიში წამოიწყეს. რუსული სამხედრო ძალები აქტიურად ბომბავენ უკრაინის აღმოსავლეთსა და სამხრეთს, უტევენ დონეცკის რეგიონს, ბომბავენ ხარკოვს. საოკუპაციო ჯარებმა 26-ჯერ მიიტანეს იერიში ლუგანსკის რაიონის ქალაქებსა და სოფლებზე. ამ ეტაპზე გააქტიურებულია საავიაციო თავდასხმებიც. რუსები ცდილობენ დაამყარონ სრული კონტროლი ლუგანსკის, დონეცკისა და ხერსონის რეგიონების ტერიტორიებზე, რათა შეინარჩუნოს სახმელეთო დერეფანი დროებით ოკუპირებულ ყირიმთან. "ძალიან მნიშვნელოვანია უკრაინელებმა შეტევის ამ ფაზებს გაუძლონ. სავარაუდოდ, რუსების მხრიდან ეს ერთ-ერთი ბოლო მასშტაბური შეტევაა. თუკი უკრაინელებმა მათი გამოფიტვა და მოგერიება შეძლეს, სრულად შესაძლებელი გახდება რეალური კონტრშეტევა, ისეთი, როგორც ხარკოვის შემოგარენში მიმდინარეობს“, - ამბობს GIPA-ს საერთაშორისო ურთიერთობებისა და უსაფრთხოების პროფესორი გიორგი კობერიძე, რომელიც რუსეთ-უკრაინის ომის მიმდინარეობას მიმოიხილავს:

- უკრაინელები ამ ეტაპზე ყველაზე წარმატებულად მოქმედებენ ხარკოვის მიმართულებით, სადაც რუსების თითქმის ყველა დაჯგუფება განეიტრალებულია. სავარაუდოდ, რამდენიმე დღეში, ხარკოვის რაიონში რუსების საზღვარს დიდწილად უკრაინელები გააკონტროლებენ. ეს არ ეხება იზიუმის რაიონს, ეს მიმართულება ცოტა უფრო პრობლემურია, თუმცა რუსების შეტევა იქაც შეჩერებულია. უკრაინელებს არ ჰყოფნით საკმარისი დანაყოფები, სრულმასშტაბიან კონტრშეტევაზე გადავიდნენ. მნიშვნელოვანია ხარკოვის შემოგარენის გათავისუფლება იმ თვალსაზრისით, რომ გამოთავისუფლდება უკრაინული ელიტური დანაყოფები, რომელთა გადასროლა მოგვიანებით სხვა მიმართულებით იქნება შესაძლებელი. სრულიად ლოგიკური იქნება თუ ვივარაუდებთ, რომ შემდგომი მიმართულება იქნება იზიუმის თავზე არსებული ტერიტორია, საიდანაც რუსები თავიანთ დაჯგუფებას ამარაგებენ.

- ყველაზე რთული ვითარება სადაა?

- ყველაზე რთული ვითარება ლუგანსკშია, სადაც მოქმედებს არა მხოლოდ რუსული რეგულარული ნაწილები, არამედ ის სეპარატისტული დანაყოფებიც, რომლებიც ჯერ კიდევ 2014 წლიდან იბრძვიან. მათი მოტივაცია შეიძლება არაა ძალიან დიდი, მაგრამ დიდია მათი გამოცდილება უკრაინასთან ბრძოლაში. მიუხედავად ამისა, უკრაინელებმა შეძლეს და სევეროდონეცკის თავზე შეიმუშავეს ძალიან კარგი თავდაცვის ზღუდე, რომლის გადალახვაც რუსულ და ლუგანსკის სეპარატისტულ ძალებს ამ ეტაპზე არ შეუძლიათ. მიუხედავად ამისა, ლუგანსკის დაახლოებით 85% რუსების მიერ კონტროლდება. ამიტომ ვამბობ, რომ ლუგანსკში ამ ეტაპზე ყველაზე მძიმე მდგომარეობაა.

- მარიუპოლი მანამ არ ჩაითვლება აღებულად, ვიდრე"აზოვსტალი“, თითქმის ორთვიანი ბრძოლების შემდეგაც გამაგრებულია. როგორ გადაწყდება მისი ბედი?

- წარმოიდგინეთ, "აზოვსტალი“ არის ქალაქი-ქალაქში, საკმაოდ დიდ ტერიტორიაზეა ქარხანა გაშლილი, რომელიც 2-3-ჯერ მეტია ქვემოთ. უკრაინელების მხრიდან მისი დაცვა არ წარმოადგენს ძალიან რთულ მოვლენას, უბრალოდ, მთავარი პრობლემა გახდა მშვიდობიანი მოსახლეობა და დაჭრილები, რომელთა იქ ყოფნაც ნიშნავდა იმას, რომ უშუალოდ “აზოვისა“ და 36-ე ბრიგადის ნაწილებს ორ ფრონტზე ბრძოლა უწევდათ - საკუთარი მოსახლეობის დაცვა "აზოვსტალის“ ტერიტორიაზე და მტრის მოგერიება. ამ ეტაპზე ეს საკითხი დიდწილად გადაჭრილია და შეგვიძლია ვთქვათ, რომ უკრაინელებს აქვთ საშუალება, უფრო ხანგრძლივი დროით მოახერხონ რუსების შეკავება, მაგალითად, დაახლოებით ერთი თვის განმავლობაში, რაც უკრაინელებს მისცემს იმის საშუალებას ან სრულმასშტაბიანი კონტრშეტევა განახორციელონ თავად მარიუპოლის მიმართულებით (რაც რთული იქნება, მაგრამ სრულიად ლოგიკური), ან ჩატარდეს სპეცოპერაცია, რომლითაც "აზოვსტალის“ ტერიტორიაზე დარჩენილი ნაწილების გამოყვანა იქნება შესაძლებელი.

- რუსული პროპაგანდის "წყალობით“ ვრცელდება ინფორმაციები, რომ "აზოვის“ პოლკი გაწირეს, მათ არავინ ეხმარება, ხელისუფლებას მათი განადგურება სწადია, რომ აზოველებს მძევლად ჰყავდათ აყვანილი მოსახლეობა და ა.შ.

- ეს აბსოლუტური ტყუილია იმიტომ, რომ "აზოვის“ პოლკის მხოლოდ 40% დგას მარიუპოლში, 60% იბრძვის ხარკოვის რაიონში და, შესაბამისად, სწორედ ელიტური ნაწილები იქაა გადასროლილი. მათი განადგურება თუ მოუნდებოდათ, ასეთი რამ არ მოხდებოდა. მეორე - უშუალოდ სამხედროები, რომლებიც მარიუპოლში დგანან, ეს შემთხვევითი არაა. ის ხარკოვთან ერთად იყო აზოვის მთავარი ცენტრი და ამ სამხედროებს შეგნებულად ჰქონდათ გადაწყვეტილი, რომ დაეცვათ მარიუპოლი. უკრაინის ხელისუფლებამ გააკეთა მაქსიმუმი - რამდენიმე ურთულესი ფრენა განახორციელა აზოვის ნაწილების დასახმარებლად, როდესაც დაჭრილები გამოიყვანეს, საკვები და იარაღი ჩაიტანეს... რუსებმა ჩამოაგდეს კიდეც შვეულმფრენები და ის საკითხი, რომ თითქოს ვიღაცამ ვიღაცა გაწირა, არის სრულიად აზრს მოკლებული მით უმეტეს მაშინ, როცა უკრაინის პრეზიდენტმა "აზოვის“ პოლკის სამხედრო ლიდერ დენის პროკოპენკოს ეროვნული გმირის წოდება მიანიჭა. ჩვენ შეიძლება ვივარაუდოთ, რომ ეს საკითხი რუსეთის მხრიდან მითქმა-მოთქმის საგანია მხოლოდ იმისთვის, რომ შიდა განხეთქილება ჩამოაგდონ. უკრაინელებმა ძალიან კარგად იციან, რა ხდება "აზოვსტალის“ ტერიტორიაზე და ნათელია ისიც, რომ უკრაინის ხელისუფლება აპირებს მათ დახმარებას, ეს შეიძლება იყოს საარტილერიო დახმარება ზურგში, უფრო მეტი მომარაგება, სპეცოპერაცია, მაგრამ "აზოვისა“ და 36-ე ბრიგადის ნაწილები არ არიან მიტოვებულნი. თუკი ვინმესგან მეტი დახმარების თხოვნაზე რაიმე განცხადება კეთდება, ეს არის ძალიან სწორი კამპანია იმიტომ, რომ მსოფლიოს ყურადღება არ მოდუნდეს.

- კონკრეტულად რომელი ტერიტორიები აქვთ რუსებს ამ ეტაპზე დაკავებული და როგორ გამოიყურება მათი რესურსები?

- რუსებს დაკავებული აქვთ ლუგანსკის დაახლოებით 85%, დონეცკის რაიონის - 40%, ზაპოროჟიეს - 30-40% და ხერსონის - 90%. ომის დაწყებისას რუსების მობილიზებული არმია დაახლოებით 120 ათასი კაცისგან შედგებოდა, პირველივე ფაზაში რუსებმა დაკარგეს თავისი ელიტური ნაწილების აბსოლუტური უმრავლესობა მარიუპოლის, ხარკოვისა და კიევის მიმართულებაზე. უკრაინის ინფორმაციით, რუსეთის მხრიდან დანაკარგი (გარდაცვლილების სახით) მინიმუმ 25 ათასი სამხედროა. და თუკი ეს ასეა, უნდა ვივარაუდოთ, რომ დაჭრილი მინიმუმ სამჯერ მეტია, რაც იმას ნიშნავს, რომ დაჭრილებიდან მხოლოდ ნახევარს შეეძლება ფრონტის ხაზზე დაბრუნება. ციფრებში რომ წარმოვიდგინოთ, ამ ეტაპზე რუსული შემტევი ნაწილების მინიმუმ 40% გამოთიშულია საბრძოლო ოპერაციიდან. ასევე, ყოველდღიურად იზრდება ტყვეების რიცხვიც და ეს ყველაფერი მიანიშნებს იმაზე, რომ რუსებს აქვთ სერიოზული კრიზისი იმ თვალსაზრისით, რომ პროფესიონალური შემტევი ნაწილები აღარ ჰყავთ. დღეს ვისაც შეუძლია საბრძოლო ოპერაციაში რამე გარდატეხის შეტანა, ის ნაწილები უკვე იბრძვიან და დამატებით რესურსის მობილიზება შესაძლებელია იყოს მხოლოდ საზარბაზნე ხორცი და მეტი არაფერი.

- მართლა შეიძლება დღის წესრიგში დადგეს ბელორუსის სამხედრო ნაწილების გამოყენების საკითხი და რას მოიმოქმედებს ამ შემთხვევაში ლუკაშენკო?

- ლუკაშენკო არის ძალიან ძლიერი გადარჩენის ინსტიქტის ადამიანი, ამიტომ მეეჭვება, რომ მას იმდენი ალღო და შეგნება არ ჰქონდეს, წაგებულ ომში არ ჩაებას. თავისი ნაწილები თუ დაკარგა, მას მყიფე პოზიცია ექნება ყველა თვალსაზრისით. ნებისმიერი მხარის გამარჯვების შემთხვევაში, ლუკაშენკოს თუ საკუთარი სამხედრო ძალები აღარ ეყოლება, ის უბრალოდ, აღარ იქნება ხელისუფლებაში. ლუკაშენკო ჭკვიანია და მეეჭვება, რაიმე მიმართულებით გადავიდეს შეტევაზე, მაგრამ რუსებმა რომ ტერიტორიული თვალსაზრისით ბელორუსი კიდევ ერთხელ გამოიყენონ, ეს სრულიად შესაძლებელია. მეეჭვება კიევზე გასვლის რაიმე მცდელობა იყოს იმიტომ, რომ მისი შემოგარენი ძალიან კარგადაა დაცული. ერთადერთი მიმართულება, სადაც რუსებმა შეიძლება დივერსიული გადასროლა მოახდინონ, რათა უკრაინელების ყურადღება გადაიტანონ, შეიძლება იყოს უკიდურესი დასავლეთ უკრაინა, ლუცკის მიმართულება, ვოლინის რაიონში, რაც ვერაფერს შეცვლის, მაგრამ უკრაინელების ზოგიერთ რეზერვს აიძულებს, დარჩეს დასავლეთ უკრაინის დასაცავად. ვფიქრობ, ამ ოპერაციის დაწყების ალბათობა მაღალი არაა, მაგრამ არც გამორიცხვა შეიძლება - ფაქტია, რუსები ბოლომდე არ ტოვებენ ბელორუსს, რაც ინდიკატორია იმისა, რომ იქ რაღაცის გამო რჩებიან და ეს რაღაც ვერ იქნება მხოლოდ პოლიტიკური გადაწყვეტილება, ეს იქნება სამხედრო გათვლა.

- საუბარი იყო მოლდოვასა და დნესტრისპირეთზე გალაშქრებაზე, ეს თემა რუსეთის დღის წესრიგშია ისევ?

- ამ ეტაპზე არ ვფიქრობ, ეს შეტევა განხორციელდეს, მაგრამ არაა გამორიცხული, რომ რუსეთი შეეცადოს დესანტირებას სადმე ოდესასთან, ან დიდი რაოდენობით ძალების თავმოყრას და კიდევ ერთხელ მიკოლაევის მიმართულებით შეჭრას. თუმცა ობიექტურობა გვეუბნება იმას, რომ ამ ეტაპზე რუსეთის სურვილი ერთია და შესაძლებლობა - მეორე. ოდესასთან დესანტირების შანსი რუსეთს არ აქვს იმიტომ, რომ მისი სადესანტო ხომალდების ნაწილი შავი ზღვის ტერიტორიაზე დაზიანებულია და მეორეს მხრივ, დესანტი რომც გადასხას, სანაპირო ზოლი ისეთი გამაგრებულია, სიღრმეში შეჭრა რთულად მესახება. დღეს რუსეთს ბევრი კარგი არჩევანი არ აქვს. მისთვის კარგი არჩევანი მხოლოდ ის იქნებოდა, უკან გავიდეს.

- როგორც იკვეთება, პუტინი საყოველთაო მობილიზაციის გამოცხადებას აღარ აპირებს, რა შეიძლება მოიმოქმედოს მან ახლა?

- საყოველთაო მობილიზაციის და ომის გამოცხადებას ყოველთვის გამოვრიცხავდი, მაგრამ რუსეთმა შეიძლება გამოიყენოს ისეთი მიმართულებები, რაც აქამდე არ თქმულა, ვგულისხმობ იმას, რაც ხდება ურალს იქით - ეთნიკურად არარუსი მოსახლეობის ფრონტზე წასვლის იძულება შეინიშნება, მათ შორის ბურიატების, რომლებიც რუსეთის უკიდურეს აღმოსავლეთის ტერიტორიაზე ცხოვრობენ. მათი რაოდენობა ნახევარი მილიონია, მაგრამ დიდია იძულება. ეთნიკური თვალსაზრისით პროცენტული დანაკარგები რომ ავიღოთ, ყველაზე დიდი სწორედ ბურიატებზე და დაღესტნელებზე მოდის, ანუ იმ ძალებზე, რომლებსაც რუსეთი აიძულებს პერიფერიებიდან ფრონტის ხაზზე წავიდნენ. შეიძლება ამის გაგრძელება ვიხილოთ და რუსეთის ხელისუფლებამ ურალს იქით მთელი მოსახლეობა აიძულოს, რათა მეტი და მეტი რაოდენობა იყოს უკრაინაში გადასროლილი.

- შანსები უკრაინისთვის რომ თანდათან იზრდება, ამაზე მარტო ლენდ-ლიზის კანონის ამოქმედება რად ღირს. რით შეიძლება დასრულდეს ომი და უშვებთ იმას, რაიმე მონაპოვარით გავიდეს რუსეთი უკრაინიდან?

- რუსეთის ხელისუფლება ცდილობს დაიჯეროს არარსებული ფაქტი, რომ ევროპა გატყდება, მას მოუნდება რუსულ ბაზარზე კვლავ დაბრუნება, რის გამოც გაწირავს უკრაინას. ამიტომ რუსეთი ცდილობს, იქნებ ომის დროში გაწელვამ იმოქმედოს, უკრაინას ევროპამ იარაღის მიწოდება შეუწყვიტოს და, საბოლოო ჯამში, მან აჯობოს, რაც ნაკლებად სავარაუდოა იმ მარტივი მიზეზის გამო, რომ რაც არ უნდა სურდეს ოფიციალურ პარიზსა და ბერლინს, დღეს იარაღის მიწოდება და რუსეთის საბოლოო ჯამში დამარცხება წყდება ვარშავაში, ლონდონსა და ვაშინგტონში. დღეს უკვე როგორც პოლიტიკურ ისტებლიშმენტში, ისე უბრალო მოქალაქეებში, განსაკუთრებით ამ სამ დიდ ქვეყანაში არსებობს გააზრებული მზაობა იმისა, რომ რუსეთი, როგორც აგრესიული სახელმწიფო, რომელმაც საერთაშორისო არსებული წესრიგის წინააღმდეგ ნეგატიური პრეცედენტი შექმნა, უნდა დამარცხდეს და ის აუცილებლად დამარცხდება. ალბათ ომი რამდენიმე თვეს კიდევ გაგრძელდება, მაგრამ შეგვიძლია ვივარაუდოთ, რომ რუსეთი შემოდგომას ვერ გაუძლებს. შესაბამისად, ზაფხული იქნება ის პერიოდი, რომელიც ომის საბოლოო ბედს გადაწყვეტს, როგორც რუსეთისთვის, ასევე უკრაინისთვის. დღეს თუკი ვინმე ვერ წავა დათმობაზე, ეს არის უკრაინა, რადგანაც უკრაინაში არსებობს საზოგადოებრივი და პოლიტიკური გააზრება იმისა, რომ უკრაინა ომს არ აგებს და მაშასადამე, მას დასათმობი არც არაფერი აქვს. რუსეთმა სულაც ყველა დაკავებული ტერიტორიის ანექსია რომც მოახდინოს, მათ შორის ხერსონის, უკრაინა ამ ფაქტს არ აღიარებს ისევე, როგორც ნებისმიერი საერთაშორისო პოლიტიკური ძალა. აქედან გამომდინარე, უკრაინელებს აქვთ ყველანაირი ძალა, რომ გადავიდნენ შეტევაზე და ეს ტერიტორიები დაიბრუნონ. მათ თუ ყველა ფრონტზე გაიმარჯვეს, არაა გამორიცხული, პოლიტიკური თვალსაზრისით, ყირიმის საკითხიც დაიძრას და რაიმე კონსესუსთან მიახლოებული გზით გადაწყდეს.