ავტორი:

"ფერი არ ჰქონდა, თეთრი იყო სულ - მითხრა, რომ გუშინ სამჯერ დაეცა, საშინელი სისუსტე აქვს" - რას ამბობს გიული ალასანია შვილის მონახულების შემდეგ?

"ფერი არ ჰქონდა, თეთრი იყო სულ - მითხრა, რომ გუშინ სამჯერ დაეცა, საშინელი სისუსტე აქვს" - რას ამბობს გიული ალასანია შვილის მონახულების შემდეგ?

ძალიან კარგ პირობებშია, რა თქმა უნდა, არის საბადრაგო სამსახური, მაგრამ არ შევადარებ გორის კლინიკას - აქ [ვივამედში] კარგი პირობებია ნამდვილად, პერსონალიც ძალიან მომეწონა, - ამის შესახებ საქართველოს მესამე პრეზიდენტის დედამ, გიული ალასანიამ "ვივამედის“ კლინიკაში მიხეილ სააკაშვილის მონახულების შემდეგ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

გიული ალასანიას განცხადებით, მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა გაუარესებულია. როგორც ალასანია აცხადებს, მას სიარულიც უჭირდა.

"მე რაც დავინახე, ორი დღის წინ მყავდა ნანახი ციხეში სხვათა შორის, იმასთან შედარებით ბევრად უარესად იყო, თვალშისაცემად. ფერი საერთოდ არ ჰქონდა, თვალები მეტკინა უბრალოდ რომ შევხედე, თეთრი იყო სულ. სიარული ძალიან უჭირდა. ვიფიქრე, რომ ჩვენც ხომ არ გვეძინა ღამე და ალბათ ისიც ასეთ მდგომარეობაში იყო, მაგრამ არა, მეძინაო. გუშინ კიდევ სამჯერ დავეციო მითხრა, ასეთი მდგომარეობა აქვს, საშინელი სისუსტე.

ექიმები ვნახე, გავიცანი, ძალიან ყურადღებიანი ხალხია, ძალიან კარგი ვითარებაა ამ მხრივ, მაგრამ ეს არ არის კარგად თვითონ, აი, ეს არის პრობლემა, თორემ თვითონ პერსონალი ძალიან მომეწონა“, - განაცხადა გიული ალასანიამ.

მისივე თქმით, მიუხედავად იმისა, რომ კლინიკაში კარგი პირობებია, ეს არ არის საკმარისი მიხეილ სააკაშვილის გამოსაჯანმრთელებლად და ის უცხოეთში უნდა იქნას გადაყვანილი.

"ანალიზები გაკეთდა, პასუხები არ ვიცი ჯერ. უნდა დავაკვირდეთო. როდემდე გაჩერდება არ ვიცი, მაგრამ ზუსტად ვიცი, რომ საჭიროა ადამიანის აქედან გაყვანა იმიტომ, რომ არც დაკვირვება და არც ანალიზები, გამოკვლევა, რა თქმა უნდა, არ იქნება საკმარისი. მას სჭირდება ინტენსიური მკურნალობა, გადარჩენაზეა.

ძალიან ცდილობს ყველა, რომ შეუმსუბუქოს მდგომარეობა, მაგრამ ყველანაირად ჩანს, რომ აქ მისი რეაბილიტაცია, რა თქმა უნდა, ვერ მოხდება და რაც შეიძლება სწრაფადაა საჭირო, რომ დაიწყოს ეს პროცესი იმიტომ, რომ ყოველ წუთში შეიძლება რომ ადამიანი აღარ იყოს. ასეთი შთაბეჭდილება დამრჩა დღეს განსაკუთრებით. რომ ვნახე ბოლოს იქაც კი არ მქონია ასეთი შთაბეჭდილება, მაგრამ დღეს რაც ვნახე, უბრალოდ შემეშინდა.

გავიგე, რომ ამ კლინიკაშიც არ ჰქონიათ ასეთი შემთხვევა ასეთი პაციენტი ჰყოლოდათ. არ არის გამოცდილება. ცხრა დიაგნოზი აქვს დასმული უკვე და ყველა არის ერთმანეთზე მძიმე და დაავადებას შეუძლია ნებისმიერ დროს გამოიწვიოს ძალიან მძიმე დასასრული“, - განაცხადა გიული ალასანიამ.

ამასთან, გიული ალასანიას განცხადებით, ხვალვე მიხეილ სააკაშვილს მისი პირადი ექიმი ნიკოლოზ ყიფშიძე მონახულებას.