ავტორი:

"უკრაინასთან, ასევე საქართველოსთან ომზე, ყველა რუსი პასუხისმგებელია" - რას ამბობს საქართველოში მცხოვრები რუსი ექსპერტი პუტინის რეჟიმსა და უკრაინის გამარჯვების მნიშვნელობაზე

"უკრაინასთან, ასევე საქართველოსთან ომზე, ყველა რუსი პასუხისმგებელია" - რას ამბობს საქართველოში მცხოვრები რუსი ექსპერტი პუტინის რეჟიმსა და უკრაინის გამარჯვების მნიშვნელობაზე

"არა პუტინს! არა ფაშიზმს! ჩვენ უნდა ვიბრძოლოთ, მხოლოდ ასე გვეპატიება“, - ამ სიტყვებით მიმართა შეკრებილებს 9 მაისს, რუსეთიდან ჩამოსული მოქალაქეებისთვის გამართულ აქციაზე რუსმა პოლიტიკურმა ექსპერტმა,"თავისუფალი რუსეთის“ ფონდის დირექტორმა სამხრეთ კავკასიაში ეგორ კუროპტევმა. იმ დროს ის პრო-ქართულად პოზიციონირებდა და თავის თანამემამულეებს რუსეთის მიერ ოკუპირებულ საქართველოზე ესაუბრებოდა.

"ბევრ ჩვენს თანამოქალაქეს მიაჩნია, რომ საქართველო მოსკოვის გარეუბანია, მაგრამ ასე არაა. თუ არ შევეცდებით ჩვენს ახლობლებს ეს ავუხსნათ, არასდროს გვაპატიებენ. ამიტომ გთხოვთ, ვინც აქ ხართ, გააცნობიეროთ, რომ ეს ჩვენი ჯარების მიერ ოკუპირებული საქართველოა, სადაც აგრესია და ძალადობა ყოველდღიურად გრძელდება. პატივისცემით მოვეპყროთ ამ ქვეყანას, ვილაპარაკოთ იმაზე, რას სჩადის ჩვენი ხელისუფლება და ალბათ, ოდესმე ყველაფერს აღვადგენთ. ვიგრძნოთ ჩვენი პასუხისმგებლობა, ბოდიში მოვიხადოთ და ვებრძოლოთ რეჟიმს, სინდისი რომ სუფთა გვქონდეს და მშვიდად ძილი შევძლოთ“, - ამბობს აქციაზე გამოსვლის ვიდეოჩანაწერში, რომელმაც ინტერნეტსივრცე დაიპყრო და თავისი საქმე გააკეთა რუსული პროპაგანდის საზიანოდ. ვინ არის 36 წლის რუსეთის მოქალაქე, რატომ იდევნებოდა რუსეთში, როგორ მოხვდა აქ და რა აკავშირებს საქართველოსთან? - ამ და სხვა კითხვებს ეგორ კუროპტევი ambebi.ge - ს პასუხობს:

- ჩემი მიზანია ყველას, ვინც საქართველოში მოდის, მოვუყვე, რომ ეს ქვეყანა ოკუპირებულია, უნდა იცოდნენ, სად მოდიან. სამწუხაროდ, რუსეთში ამაზე არ აქვთ ინფორმაცია და არც არასდროს ჰქონიათ. იქ ხალხმა 2008 წლის ომზე, ასე თუ ისე, იციან, როგორც ფაქტი, მაგრამ ოკუპაციაზე და დანაშაულებზე, რაც მაშინ იყო და დღემდე გრძელდება რუსების მხრიდან, თითქმის არავინ არაფერი იცის (თუ არ ჩავთვლით რამდენიმე აქტიურ ოპოზიციურ პოლიტიკოსს). ამჟამად საქართველოში ძალიან ბევრი ეროვნებით რუსი ჩამოვიდა. ჩემი მიზანია, რუსებმა იცოდნენ სიმართლე და ილაპარაკონ მასზე.

- მართლაც, ათეულობით ათასმა რუსეთის მოქალაქემ გადმოკვეთა ჩვენი საზღვარი. როგორ ფიქრობთ, რას გამოექცნენ ისინი - პუტინის რეჟიმს თუ სანქციებს დააღწიეს თავი?

- არის სხვადასხვა კატეგორია. თავდაპირველად, 40 ათასი რუსი მოქალაქე შემოვიდა საქართველოში, მათგან ნახევარი, 20 ათასამდე დარჩა საქართველოში. ზოგი სანქციებს გამოექცა, ზოგი იმიტომ წამოვიდა, რომ მათ ომში ჩართვა ემუქრებათ და არ უნდათ ამაში მონაწილეობის მიღება, დიდია პოლიტიკური აქტივისტების რაოდენობაც, რომელთაც იქ საფრთხე ელოდათ - ისინი საჯაროდ გამოდიოდნენ ომის წინააღმდეგ და არა მარტო, - წლების განმავლობაში აპროტესტებდნენ პუტინის რეჟიმს, ამიტომ უსაფრთხოების მიზნით მიიღეს ასეთი გადაწყვეტილება. ახლა რუსეთში სამხედრო დიქტატურაა და რამის, ან ვინმეს წინააღმდეგ გამოსვლა შეუძლებელია, ეგრევე ციხეში სვამენ და რა ხეირი? ადამიანები მიდიან სხვადასხვა მიმართულებით - საქართველოში, ევროპის სხვადასხვა ქვეყნებში... ოკუპაციის შესახებ ინფორმირება ძალიან მნიშვნელოვანია, მაგრამ არა მარტო ოკუპაცია, ჩემთვის არანაკლებ მნიშვნელოვანია რუსების პასუხისმგებლობის თემა. ზოგიერთები ამბობენ, რომ ჩვენ რეჟიმის წინააღმდეგ ვიბრძოდით და დანარჩენზე, ანუ ამ ომზე პასუხს არ ვაგებთო. მე ასე არ ვფიქრობ, რადგან უკრაინელებს ასე არ მიაჩნიათ. რუსებს დღეს უნდა აღელვებდეთ ის, რაც უკრაინელებს აღელვებთ. უკრაინასთან, ასევე, საქართველოსთან ომისთვის, ყველა რუსი პასუხისმგებელია და მიმაჩნია ყველანი უნდა ებრძოდნენ ოკუპაციას. პასუხისმგებლობას თუ გრძნობ, მაშინ მოგიწევს ბრძოლა ამასთან, რომ ასე არ იყოს, ან აღარ განმეორდეს. ამიტომ მქონდა ამ კონკრეტულ აქციაზე ორი მიზანი - მომეყოლა ოკუპაციაზე და მეთქვა, რომ მე და ჩემი მეგობრები, კოლეგები, თანამოაზრეები პასუხისმგებლები ვართ ამ ყველაფერზე და ჩვენ უფრო მეტი უნდა გავაკეთოთ ოკუპაციის წინააღმდეგ ბრძოლაში. მე პირადად, რუსეთის მოქალაქე, პასუხისმგებლობას ვგრძნობ რუსეთის ფედერაციის სისხლიან სამხედრო აგრესიაზე უკრაინის სუვერენული სახელმწიფოს წინააღმდეგ. ასევე, პასუხისმგებელი ვარ რუსეთის მიერ საქართველოს სუვერენული სახელმწიფოს წინააღმდეგ ომზე, ამ ქვეყნის ტერიტორიის ოკუპაციაზე და რუსეთის რეჟიმის მიერ ჩადენილ სხვა დანაშაულებზე.

- იმის გამო, რომ საინფორმაციო ვაკუუმში არიან და არც ოკუპაციაზე სმენიათ რამე, როგორ ფიქრობთ, თქვენი თანამემამულეებიც ისევე აღიქვამენ საქართველოს, როგორც მათი ლიდერი პუტინი? - რუსეთის გუბერნიად, მოსკოვის გარეუბნად, რუსეთის უკანა ეზოდ და ა.შ.?

- პუტინს სურს რუსეთის გარშემო ქვეყნებზე სრული, 100%-იანი გავლენის მოპოვება. მისი პირველადი ამოცანაა ბელარუსზე და უკრაინაზე გავლენის მოპოვება, თუმცა საქართველოს, სომხეთისა და აზერბაიჯანის სრულად ანექსირება მას არ სჭირდება, საკმარისია ეკონომიკური-სამხედრო და პოლიტიკური გავლენები. ეს კაცი ჩეკისტია და ბანდიტი. მისი ოცნებაა არა რამის აღდგენა და შენება, არამედ სიკვდილამდე ხელისუფლებაში ყოფნა და ამ ხელისუფლებასაც რომ ვერავინ ჩამოაშორა?!. მას რუსეთის შიგნით არაფრის გაკეთება არ უნდა და არც შეუძლია, დროთა განმავლობაში უნდა რუსებს აჩვენოს, როგორი დიდია რუსეთი, რომ კიდევ უფრო უნდა გააფართოოს და ხოცოს ადამიანები, ის პარალელურად ხოცავს რუსებსაც. მადლობა ღმერთს, როგორც იქნა, მთელმა მსოფლიომ გაიცნო და გაიგო, რომ ტერორისტისთვის ხელის ჩამორთმევა არ შეიძლება და დღეს ყველა მის წინააღმდეგ იბრძვის.

- თქვით, პუტინი ვერ ჩამოაშორეს ხელისუფლებასო. დღეს ბევრის ოცნებაც ეს არის. როგორ ფიქრობთ, რა გზით არის ეს შესაძლებელი?

- ვფიქრობ, რომ ერთადერთი რეალური საშუალება, რაც მას ხელისუფლებას ჩამოაშორებს, არის შიდა ელიტური გადატრიალება. თუნდაც ასობით ათასი ადამიანი გამოვიდეს ქუჩაში, მათ ნებისმიერი იარაღის გამოყენებით ესვრიან ისევე, როგორც ახლა ისვრიან უკრაინაში. იმას არ ვგულისხმობ, რომ არ უნდა გამოხვიდე და პროტესტი არ გამოთქვა, ეს საჭიროა, მაგრამ უშედეგო იქნება. პუტინი რომ ხელისუფლებიდან მართლა წავიდეს, საჭიროა შიდა ელიტური გადატრიალება. რაც ომი დაიწყო, გამოვიდა ხმები, რომ ბევრია პუტინით უკმაყოფილო, მათ შორის სამხედრო პირებიც, რომელთაც არ უნდოდათ ამ ომის დაწყება, ესმოდათ რა, რომ რუსეთი ამისთვის მზად არ იყო. ახლა მთავარია, უკრაინამ გაიმარჯვოს, ესაა აუცილებელი და არა მარტო უკრაინისთვის, ყველასთვის - საქართველოსთვის, მთელი მსოფლიოსთვის და მათ შორის, რუსეთისთვისაც. უკრაინამ თუ მოიგო, რუსეთის გარშემო მყოფი სახელმწიფოები, პოსტსაბჭოთა ქვეყნები თავს უფრო მშვიდად და უსაფრთხოდ იგრძნობენ.

- ომის პირველ დღეებში ერთმა ქართველმა ექსპერტმა თქვა, პუტინმა სამ დღეში მოახერხა კიმ ჩენ ინად ქცეულიყო, თავად კორეის ლიდერს ამისთვის წლები დასჭირდაო. ეთანხმებით?

- პუტინის რეჟიმი, ეს არის ერთი მაფიოზური რეჟიმი, რომელსაც არ აქვს არანაირი იდეოლოგია. მათ უბრალოდ, უნდათ ხელისუფლებაში ისხდნენ და მოიპარონ იმდენი ფული, რამდენის საშუალებასაც მისცემს მათი ფიზიოლოგიური საათი, ანუ სანამ არ მოკვდებიან. იქნება ეს პუტინი, შმუტინი, პეტროვი, თუ ივანოვი, მისთვის და მისი გარემოცვისთვის მთავარია ასე ისხდნენ და იპარონ ფული, ხალხის ბედი მათ საერთოდ არ აღელვებთ, ამისთვის ადამიანები რომც მოკლან, არც - ეს. ამიტომაც საერთაშორისო ზეწოლა და ამ ომში უკრაინის გამარჯვება რუსეთს მისცემს იმის საშუალებას, რომ პუტინის პოლიტიკა დამარცხდეს და ყველაფერს ეცდებიან, რომ ბოლოს და ბოლოს, ეს ლიდერი მოაშორონ. ის, რომ პუტინს შეცვლის დემოკრატიული ლიდერი, ასე არ იქნება, მაგრამ შეიცვლება და რაც უფრო მალე, მით უკეთესი.

- თქვენზეც გვიამბეთ. რამდენი ხანია და როგორ მოხვდით საქართველოში?

- საქართველოში 10 წლის წინ ჩამოვედი, ვარ ანტისაოკუპაციო მოძრაობის "ძალა ერთობაშია“ წევრი, საბავშვო საქველმოქმედო ბანაკის თანადამფუძნებელი, "თავისუფალი რუსეთის“ ფონდის დირექტორი სამხრეთ კავკასიაში და ა.შ. ერთ-ერთი ჩემი საქმიანობაა რუსეთის რეჟიმის წინააღმდეგ ბრძოლა, რახანია ბევრს ვმუშაობთ ოკუპაციის წინააღმდეგ, კონფლიქტების საკითხებზე საქართველოში, ყარაბახში, უკრაინაში და ა.შ. ხშირად მიწევს საოკუპაციო ხაზთან ჩასვლა... რუსეთში ჩასვლა არ შემიძლია, ასეთ შემთხვევაში დიდხანს მომიწევს ციხეში ჯდომა. ვიდრე წამოვიდოდი, არ მქონდა მუშაობის საშუალება, ხელს მიშლიდნენ, რეკავდნენ კოლეგებთან და უკრძალავდნენ ჩემთან ერთად საქმიანობას და ეს ყველაფერი იქიდან გამომდინარე, რომ 17 წლიდან ოპოზიციაში ვიყავი. ვიმუშავე ყველაზე ცნობილ ოპოზიციურ რადიოსადგურ "ეხო მასკვიში“, მერე დამიწყეს დევნა. საქართველოში მქონდა პროექტი ტელეარხ "პიკ“-ისთვის, მე და ქსენია სობჩაკმა ( რომელიც მაშინ ასევე ოპოზიციონერი იყო) გავაკეთეთ ოპოზიციური გადაცემა. დავიანგარიშე და ამ 10 წელიწადში 150 ანტისახელისუფლებო სტატია მექნება დაწერილი და 150 წლის გატარებას არ ვაპირებ ციხეში, უკან არ დავბრუნდები.

- იმის გამო, რომ რუსეთში არ არის გამოხატვის თავისუფლება, მედია კონტროლდება და განსხვავებული აზრი და ხმა არსად ისმის, ალბათ ამის დამსახურებაა, რომ რუსეთში პუტინის რეიტინგი კვლავ მაღალია (ჩვენ ასე ვიცით). რუსებს სწამთ ლიდერის, რომელიც მხოლოდ თავის ხალხს "აბოლებს“ და აჯერებს, რომ "უკრაინა აპირებდა რუსეთზე თავდასხმას და რუსეთი ამის გამო გახდა იძულებული სამხედრო ოპერაცია დაეწყო უკრაინაში“ და თავს ახვევს სხვა მსგავს პროპაგანდას.

- პუტინი ტერორისტია და ყველაფერს იმას არქმევს, რაც მას სურს. რუსეთში მიდის საინფორმაციო ომი და მუშაობს პროპაგანდა, რისი მეოხებითაც უმრავლესობა დაარწმუნეს, რომ ეს ომი არის სპეცოპერაცია ნაცისტების წინააღმდეგ, ვიცი, რომ დიდი ნაწილი სიმბოლო Z-ს როგორც ფაშისტურს, ისე აღიქვამენ, სიცრუის გიგანტური ნიაღვარი მიდის, არ არსებობს ოპოზიციური არხები, რეგიონებში ხალხი უსმენს და იჯერებს რუსულ პროპაგანდას, რომ უკრაინელები ნაცისტები, ფაშისტები არიან და მათგან უნდა დაიცვან და იხსნან მოსახლეობა. რუსებს ბევრი ნათესავი ჰყავთ უკრაინაში, უკრაინიდან რუსეთში ურეკავენ ნათესავებს და ეუბნებიან, რომ გვხოცავენ, გვბომბავენ, ახლახან ამიფეთქეს სახლი... ისინი კი პასუხობენ, ნუ იტყუებით და ნუ უყურებთ თქვენს დეზინფორმაციულ არხებსო. მოკლედ, დეზინფორმაცია ეფექტურად მუშაობს, ყველას ატყუებენ. შესაძლოა, მოსახლეობის ერთ მესამედს სჯერა დეზინფორმაციის, მეორე მესამედს ეჭვი ეპარება მასში, მაგრამ რიგი მიზეზების გამო დუმს, ან ეშინია. არის კიდევ მესამედი, რომელსაც ასევე ეშინია და, ძირითადად, რაღაც პოსტებს წერს ფბ-ში, ან "კონტაქტზე“. ზოგი შუაღამის პიკეტზე გამოდის... ნახავდით, თავიდან 50 ათასი კაცი თუ გამოვიდა მიტინგზე, მათგან 15 ათასი დააკავეს. ახლა კანონები გაამკაცრეს და 15-წლიანი ციხე შემოიღეს, 6-წლიანი - მარტო აქციაზე გასვლისთვის, მოკლედ, კოდექსში ბევრი რეპრესიული და აგრესიული კანონი შეიტანეს. ბევრ ადამიანს მართლა სჯერა ხელისუფლების, უყურებს მხოლოდ პროპაგანდისტულ არხებს (სხვა არცაა) და მისი გავლენის ქვეშაა მოქცეული, ბევრმა იცის, რომ ეს არის ომი და არა სპეცოპერაცია, მაგრამ ეშინია გამოხატვის. სამწუხაროდ, ძალიან მცირე ნაწილია მზად საჯაროდ გამოვიდეს. ბევრმაც მოასწრო თავის დაღწევა და რუსეთიდან წავიდა, ისინი ბევრნი არიან და ახლა მთავარია, მათ მაინც ილაპარაკონ, წერონ, იყვირონ სიმართლე.

- აქციაზე თქვენც მოიხსენიეთ საქართველოში არსებული მცოცავი ოკუპაცია, მავთულხლართები, ადამიანების გატაცება... ბევრს კი ჰგონია რომ ომში არ ვართ, მაგრამ ომი სხვა ფაზაში გრძელდება. ალბათ მეთანხმებით, პუტინს არ უნდა ეპატიოს საქართველოს და აწ უკვე უკრაინის ოკუპაცია. როგორ ფიქრობთ, რით დასრულდება ეს დამპყრობლური ომი უკრაინაში?

- ვფიქრობ, უკრაინა გაიმარჯვებს. დარწმუნებული ვარ, უკრაინელი ხალხი მზადაა ბოლომდე წავიდეს, დაიბრუნოს ყირიმი, გააძევოს რუსული შეიარაღებული ძალები დონბასიდან... ერთი სიტყვით, უკრაინამ სრული გამარჯვება მოიპოვოს. ღმერთმა ქნას, ასეც მოხდეს. ომი როდის დასრულდება, არავინ იცის, მაგრამ გავიმეორებ, რომ უკრაინის გამარჯვება აბსოლუტურად ყველას სჭირდება - უკრაინას, დასავლელ პარტნიორებს, საქართველოს და სხვა მეზობელ ქვეყნებს, მათ შორის რუსეთსაც, ვინაიდან დროა, რუსეთი აზრზე მოვიდეს, ხალხმა, რომელიც პროპაგანდის მეოხებით მხარს უჭერს ომს და რუსეთს, ცივი შხაპი უნდა მიიღოს, ხოლო პუტინი, საუკეთესო შემთხვევაში, ციხეში უნდა ჩაჯდეს.

- პუტინის 9 მაისზე რას იტყვით, ცოტა ნირწამხდარი ხომ არ გეჩვენათ?

- ეს ყოველწლიური მასკარადია, რადგან პუტინს, ამ 23 წლის მმართველობის განმავლობაში საერთოდ არაფერი აქვს საამაყო და რუსებისთვის საჩვენებელი - არანაირი მიღწევა, ხალხი გაჭირვებაში ცხოვრობს, ათობით მილიონი ადამიანი სიღარიბის ზღვარზეა და ერთადერთი, რითაც ის ართობს და ახარებს საწყალ ხალხს, ეს არის გამარჯვების დღე და აღლუმი. 9 მაისის დღე საშინლად გამოიყურებოდა - ეს არის ფაშიზმზე გამარჯვების თარიღი და ახლა ფაშიზმი გახდა თვითონ პუტინი და მისი რეჟიმი. თავად როგორ გამოიყურებოდა? აბსოლუტურად გასაგებია, რომ ისინი აგებენ ომს, გასაგებია, რომ არ ელოდნენ ამ რაოდენობით სანქციებს, რომ ამხელა შეიარაღება წავიდოდა უკრაინელებისთვის, რომ დასავლეთი ამხელა მხარდაჭერას გამოხატავდა უკრაინის მიმართ. პირველი შემთხვევაა, როცა ამერიკის დაზვერვის ყველა მონაცემი ხვდება უკრაინელების ხელში, უკრაინა კი ისვრის დასავლური იარაღით იმ კოორდინატებით, რომლებსაც დასავლეთის დაზვერვა აწვდის. გასაგებია, რომ "ამხანაგი პუტინისთვის“ ეს ყველაფერი არაა იოლი, ის აგებს ომს, ის სძულთ, დაკარგეს და ყოველ დღე კარგავენ ფულს. ღმერთმა ქნას, რაც შეიძლება მალე ყველა ისინი გაანადგურონ და რეჟიმი თუ შეიცვალა, მერე მთავარია, ვინ მოვა სათავეში. ის თუ რუსეთის ძალოვანი ბლოკიდან იქნება, 1-2 წელი წყნარად იჯდება, დააგროვებს ფულს, გაყიდის ნავთობს, შეკრებს არმიას და ისევ დაიწყებს ომს. ახლა მთავარია, ომი უკრაინის გამარჯვებით მალე დასრულდეს და აღიდგინოს თავისი ტერიტორიები, რუსეთისთვის კი გამარჯვება ის იქნება, არა მარტო პუტინი, რეჟიმი და სისტემა დაინგრეს. არ მგონია, პუტინმა ბირთვულ ომზე იფიქროს, ვინაიდან ეს არა მარტო მას, მთელ რუსეთს გაანადგურებს, ყველა ვარიანტში რუსეთი გამოვა დამარცხებული. ტაქტიკური ბირთვული იარაღის გამოყენება იქნება არა მარტო პუტინის, მისი ქვეყნის დასასრულიც, ის ამას ვერ გაბედავს.