ავტორი:

"ჯერ ჩემი უმცროსი ძმა დახვრიტეს, შემდეგ დიმა, ბოლოს მე მესროლეს... ორმოში ჩაგვყარეს" - მიკოლა კულიჩენკოს უმძიმესი ამბავი, რომელმაც სასწაულებრივად მოახერხა საფლავიდან ამოსვლა

"ჯერ ჩემი უმცროსი ძმა დახვრიტეს, შემდეგ დიმა, ბოლოს მე მესროლეს... ორმოში ჩაგვყარეს" -  მიკოლა კულიჩენკოს უმძიმესი ამბავი, რომელმაც სასწაულებრივად მოახერხა საფლავიდან ამოსვლა

მესამე თვეა, რაც უკრაინაში რუსეთის არმია შეიჭრა და მას შემდეგ, ომის დღეებს უამრავი მძიმე ისტორია ახლავს თან. ათასობით გარდაცვლილი, დაჭრილი და უსახლკაროდ დარჩენილი ადამიანები, გარდაცვლილი და დასახიჩრებული ბავშვები და მოხუცები...

ჩერნიგოვში მომხდარი ამბავი მკითხველს კიდევ ერთხელ შეძრავს და ომის სისასტიკეს დაანახებს. ალბათ, მოვა დრო და სამი ძმის ისტორიაზე ფილმს გადაიღებენ. მათგან მხოლოდ ერთი გადარჩა, დიახ, მან რუსების მიერ გათხრილ საფლავს სასწაულებრივად დააღწია თავი...

18 მარტს, მიკოლა კულიჩენკოს და მის ორ ძმას, დიმიტრისა და ევგენის სახლში რუსი ოკუპანტები შეუცვივდნენ. ჩხრეკისას უკრაინის შეიარაღებული ძალების ფორმა, რომელიც უმცროს ძმას ევგენის ეკუთვნოდა და ბაბუის მედლები უპოვეს, რომელიც მეორე მსოფლიო ომის დროს სამხედრო სამსახურისთვის მიიღო. მიკოლას თქმით, სწორედ ეს გახდა მიზეზი, რომ რუსმა ჯარისკაცებმა ძმები ჯერ აწამეს, შემდეგ კი გადაწყვიტეს, დაეხვრიტათ.

ძმები გარეთ გამოიყვანეს, მუხლებზე დააყენეს და ხელკეტებით სცემეს. შემდეგ თვალები აუხვიეს, სამხედრო მანქანაში ჩასვეს და სოფლიდან გაიყვანეს.

ოკუპანტებმა ისინი სოფელ ვიშნევეში, მიტოვებული საამქროს დიდ შენობაში მიიყვანეს.

ოთახში, სადაც სხვა უკრაინელი ტყვეებიც იყვნენ, ძმები სამი დღის განმავლობაში იმყოფებოდნენ, შემდეგ კი დასახვრეტად წაიყვანეს.

რუსმა სამხედროებმა სამივე ძმას წინასწარ გაუთხარეს საფლავი, ამ დროს მათ თვალები ახვეული და ხელ-ფეხი შეკრული ჰქონდათ.

"მე ჩემი უფროსი ძმის გვერდით ვიყავი დაჩოქილი, ოდნავ მოშორებით, ჩემი უმცროსი ძმა იწვა. პირველად ის დახვრიტეს და სპეციალურად გათხრილ საფლავში ჩააგდეს. შემდეგ კი დიმას ესროლეს, მაგრამ ორმოში არ ჩაუგდიათ. მე როცა მესროლეს, ერთ-ერთმა ჯარისკაცმა წიხლი დამარტყა და ჩემი უფროსი ძმის სხეულს დავეცი...“ - ამბობს მიკოლაი.

შემდეგ ორივე ძმა საფლავში ჩაყარეს და რუსმა ჯარისკაცებმა ტერიტორია დატოვეს. მიკოლა გადარჩა და შეკრული ხელ-ფეხის მიუხედავად, საფლავიდან ამოსვლა შეძლო. ტყვიამ მამაკაცის ლოყაში გაიარა და სასიცოცხლო ორგანოები არ დაუზიანებია.

საფლავიდან ამოსვლის შემდეგ 40 კილომეტრი ფეხით გაიარა და უახლოეს სოფელს მიაღწია, რომელიც რუსული საგუშაგოს გვერდით მდებარეობდა. სოფელში მისული მიკოლა ადგილობრივმა მაცხოვრებელმა ვალენტინა პეტროვნამ შეიფარა. ქალი დეოკუპაციამდე მამაკაცს უვლიდა და კვებავდა.

მოგვიანებით მიკოლა ექიმებმა გასინჯეს, მას ორი ნეკნი მოტეხილი ჰქონდა.

დეოკუპაციის შემდეგ ოპერატიულ-სამძებრო ჯგუფი იმ ადგილას მივიდა, სადაც ძმები დახვრიტეს. პროკურორმა დაადასტურა, რომ ძმებს თვალები ახვეული, ხელ-ფეხი შეკრული ჰქონდათ. ცხედრების წინასწარი დათვალიერებით თითოეულ დაზარალებულს თავში ცეცხლსასროლი იარაღით მიყენებული ჭრილობა აღენიშნებოდა.