ავტორი:

სალომე ზურაბიშვილი აცხადებს, რომ სააკაშვილისთვის უზრუნველყოფილი უნდა იყოს ჯანმრთელობის ის პირობები, რაც ყოფილ პრეზიდენტს და ქვეყანას ეკადრება

სალომე ზურაბიშვილი აცხადებს, რომ სააკაშვილისთვის უზრუნველყოფილი უნდა იყოს ჯანმრთელობის ის პირობები, რაც ყოფილ პრეზიდენტს და ქვეყანას ეკადრება

საქართველოს პრეზიდენტის, სალომე ზურაბიშვილის განცხადებით, ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის საზღვარგარეთ სამკურნალოდ გადაყვანის საკითხს ვერ შეაფასებს.

როგორც მან ჟურნალისტებს განუცხადა, თუ ვინმე დაადასტურებს, რომ სააკაშვილის მკურნალობა საქართველოში შეუძლებელია, გადაწყვეტილება მხოლოდ მას შემდეგ უნდა იყოს მიღებული.

ამასთან, ჟურნალისტის კითხვაზე: შესაძლებელია თუ არა ცნობილი ფრაზის კორექტირება შეწყალებასთან დაკავშირებით „არა და არასოდეს“? ზურაბიშვილმა განმარტა: „ჩემი პოზიცია ამ საკითხზე არ ეხება შეწყალებას. ამაზე მე ვთქვი, რაც მქონდა სათქმელი“.

"მიმაჩნია, რომ დღეს ქვეყნისთვის, ქვეყნის რეპუტაციისთვის ყველაფერი უნდა გაკეთდეს, რათა უზრუნველყოფილი იყოს ჯანმრთელობის ის პირობები, რაც ყოფილ პრეზიდენტს და ქვეყანას ეკადრება. რაც შეეხება მის გადაყვანას საზღვარგარეთ სამკურნალოდ, მე ამას ვერ შევაფასებ. როგორც ამ ქვეყნის პრეზიდენტი, ვიდრე ეს არ არის დადასტურებული, ვერ ვიტყვი, რომ ამ ქვეყანაში არ არსებობს ის სამედიცინო პოტენციალი, რომელიც ამას უზრუნველყოფს. თუ ვინმე ამას დაადასტურებს და იქნება უეჭვოდ, მაშინ უნდა იყოს მიღებული გადაწყვეტილება. მაგრამ ჩემთვის დღეს ასეთი მდგომარეობა და მოცემულობა არ არსებობს“, - განაცხადა ზურაბიშვილმა.