ავტორი:

"დიდი შვიდეულის“ შეხვედრაზე საქართველოს არ მიწვევა არის ივანიშვილის რეჟიმის პროპუტინისტური პოლიტიკის პირდაპირი შედეგი" - გიგა ბოკერია

"დიდი შვიდეულის“ შეხვედრაზე საქართველოს არ მიწვევა არის ივანიშვილის რეჟიმის პროპუტინისტური პოლიტიკის პირდაპირი შედეგი" - გიგა ბოკერია

"დიდი შვიდეულის“ შეხვედრაზე საქართველოს არ მიწვევა არის ივანიშვილის რეჟიმის მოღალატეობრივი, პროპუტინისტური პოლიტიკის პირდაპირი შედეგი, - ამის შესახებ "ევროპული საქართველოს“ თავმჯდომარემ, გიგა ბოკერიამ ბრიფინგზე განაცხადა.

მისი თქმით, არსებული ვითარება საქართველოს წინააღმდეგ, პუტინის რუსეთის აგრესიის საფრთხეს ზრდის.

"ჩვენ ყველა ვაკვირდებით ივანიშვილის რეჟიმის პოლიტიკას, რომელიც წლებია მიმდინარეობს და რომლის ზიანიც გაღრმავდა, ბუნებრივია, ამ ბოლო პერიოდში. უკვე შედეგები გვაქვს - შედგა შვიდეულის შეხვედრა გერმანიაში და ამ შეხვედრაზე უნდა განხილულიყო მიმდინარე მოვლენები პუტინის აგრესიის ფონზე, რეაქცია დასავლეთის, თავისუფალი სამყაროს, მისი პოლიტიკა შემდგომში ამ ბოროტების იმპერიის წინააღმდეგ, დახმარება ყველა იმ ქვეყნის, რომელსაც ემუქრება საფრთხე და ბუნებრივია, ამ შეხვედრაზე მიწვეული იყო უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრი, ასევე მიწვეული იყო მოლდოვის საგარეო საქმეთა მინისტრი და ვინ არ იყო მიწვეული? არ იყო მიწვეული საქართველოს ხელისუფლება. ეს სამწუხაროდ, აბსოლუტურად ლოგიკური გაგრძელებაა იმ შედეგების, რაც დგება ივანიშვილის კურსის შედეგად. ნდობა ამ რეჟიმის მიმართ, რომ ის ამ დაპირისპირებაში პუტინის რუსეთსა და თავისუფალ სამყაროს შორის არის თავისუფალი სამყაროს მხარეს, არ არსებობს. მათი ანტიდასავლური პროპაგანდა შეუმჩნეველი არ რჩება არავის და ჩვენს მოქალაქეებს უნდა ესმოდეთ, რომ ეს ტენდენცია რასაც ჩვენ ვაკვირდებით, არის პირდაპირი საფრთხის შემცველი და საფრთხის გამზრდელი საქართველოსთვის ანუ, ეს ვითარება პუტინის რუსეთის საქართველოს წინააღმდეგ აგრესიის საფრთხეს ზრდის. საქართველო შეიძლება დარჩეს დაუცველი ახლო მომავალში ამ რეჟიმის პოლიტიკის შედეგად.

ყველამ იცით, რომ ამერიკამ მოაწერა ხელი "ლენდ ლიზის“ ისტორიულ დოკუმენტს უკრაინის დასახმარებლად პირველ რიგში, რადგან ის აქტიურ საომარ მოქმედებებშია და იცავს თავს პუტინის აგრესიისგან. ამასთან ერთად იქ არის გარკვეული დახმარება სხვა ქვეყნებზეც. ჩვენს მედიაშიც გავიდა, რომ საქართველო საბედნიეროდ მოხსენიებული არის, მაგრამ თუ დავაკვირდებით ამ დოკუმენტს ვნახავთ, რომ პირველი და უდიდესი ნაწილი ამ დახმარების არის უკრაინა, შემდეგ მოდის მოლდოვა და შემდეგ უკვე საქართველო არის მოხვედრილი თავში, რომელსაც ჰქვია კავკასია. ასეთი რამე წლების წინ იყო წარმოუდგენელი. წლების წინ მიუხედავად იმისა, რომ გეოგრაფიულად დაშორებულები ვართ თავისუფალი სამყაროს ცენტრებს, ეს ჩვენი ბუნებრივი მინუსია ამ კონკურენციაში შეიძლება ითქვას, საქართველო ყოველთვის იყო წინა რიგებში და ცალკე განიხილებოდა, არა როგორც კავკასიის ნაწილი უბრალოდ. ესეც არის შედეგი იმ მოღალატეობრივი, კოლაბორაციონისტული, პუტინისტური პოლიტიკის, რომელსაც ივანიშვილის რეჟიმი ატარებს წლებია და რომელიც მკაფიო გახდა ამ ბოლო პერიოდში. ამ ყველაფრის გვირგვინი იყო, როცა ივანიშვილის წინწაწეულმა მარიონეტმა, ღარიბაშვილმა კითხვაზე, რომელმაც მას ჟურნალისტმა დაუსვა ივანიშვილის რეჟიმის სოციალური მედიის ერთ-ერთი სპიკერის, არეშიძის ბოდვას, რომ დასავლეთი არა თუ მხოლოდ უპირისპირდება ივანიშვილს საქართველოს ომში ჩასათრევად, არამედ საერთოდ მოკვლა შეიძლება დააპიროსო, ასეთი ბოდვა თქვა და პრემიერ- მინისტრმა ღარიბაშვილმა არ ჩათვალა საჭიროდ ამ კითხვაზე პასუხისას ამის უარყოფა, იმის თქმა, რომ ეს არის ბოდვა. მას კითხეს ამაზე რა აზრის ხარო და არა თუ არ უარყო, პირიქით ზოგადად ლეგიტიმური კითხვები დაისვაო. საქართველოს ყველა მოქალაქეს პოლიტიკური სიმპათიების მიუხედავად, რომელსაც სურს ერთდროულად უსაფრთხო და თავისუფალ ქვეყანაში ცხოვრება უნდა ვუთხრათ, რომ ის უსინდისო ტყუილი, რომელსაც ივანიშვილის რეჟიმი სულ გიმეორებთ, რომ თურმე დაცულები ვიქნებით თუ ჩავწვებით და თავისუფალ სამყაროს ზურგს ვაქცევთ, არის უზნეო და მავნებლური ტყუილი. პირიქით არის ყველაფერი და ჩვენ თუ ამ რეჟიმს არ დავუსვით მშვიდობიანად წერტილი, ახლო მომავალში, ჩვენი შვილები და ჩვენ თავად გადავიხდით ამის ფასს და ეს ფასი იქნება ძალიან დიდი“, - განაცხადა გიგა ბოკერიამ.

გარდა ამისა, "ევროპული საქართველოს“ წევრმა გიორგი კანდელაკმა განაცხადა, რომ პოლიტიკური გადაწყვეტილება, რომ საქართველო არ ყოფილიყო მიწვეული "დიდი შვიდეული“ სამიტზე სტუმრის სტატუსით მაშინ, როცა უკრაინა, განსაკუთრებით კი მოლდოვა მიწვეულია ამ სამიტზე, არის მნიშვნელოვანი გეოპოლიტიკური განაცხადი და ეს შემთხვევითი არ არის.

"ეს გადაწყვეტილება არის შედეგი იმისა, რომ რუსეთის აგრესიის უკრაინის წინააღმდეგ კონტექსტში საქართველო პოზიციონირებს, როგორც რუსეთის რბილი სატელიტი, შედეგი იმისა, რომ "ქართულმა ოცნებამ“ ფსონი რუსეთის გამარჯვებაზე დადო, მათ შორის ჩვენ შიდაპოლიტიკურ დისკურსში. ამავე დროს ძალიან მნიშვნელოვანია ჩვენს საზოგადოებას კარგად ესმოდეს რა შეიძლებოდა ყოფილიყო "დიდი შვიდეულის“ სამიტის განხილვის თემა და რა არის. ამ სამიტზე უკეთესი ფორმატი საქართველოს დეოკუპაციის საკითხის წამოსაწევად ძნელად წარმოსადგენია. უკეთესი ფორმატი საქართველოს დეოკუპაციის საკითხის დასავლურ სანქციებში მოსათავსებლად და ამ თხოვნის დასაყენებლად უბრალოდ არ არსებობს, იმიტომ, რომ "დიდი შვიდეულის“ სამიტში მონაწილეობენ მსოფლიოს ყველაზე მნიშვნელოვანი, გავლენიანი და დემოკრატიული ქვეყნების ლიდერები. ერთი მხრივ ეს არის ჩვენთვის თვალშისაცემი პოლიტიკური განაცხადი, ამავე დროს უნდა გვესმოდეს რა ფასს ვიხდით ქვეყანა“, - განაცხადა გიორგი კანდელაკმა.

"დიდი შვიდეულის“ საგარეო საქმეთა მინისტრები გერმანიაში შეხვედრას სასურსათო უსაფრთხოების საკითხზე მართავენ.

Sky News-ის ინფორმაციით, უკრაინა მარცვლეულის ერთ-ერთი მთავარი ექსპორტიორია მსოფლიოში, მაგრამ ექსპორტი შავ ზღვაში რუსეთის ყოფნის გამო შეფერხებულია.

შეხვედრაში მონაწილეობას იღებენ გერმანიის, გაერთიანებული სამეფოს, კანადის, იტალიის, საფრანგეთის, იაპონიის, აშშ-სა და ევროკავშირის წარმომადგენლები. ამასთან, Sky News-ი წერს, რომ შეხვედრას დაესწრებიან უკრაინისა და მოლდოვის საგარეო საქმეთა მინისტრებიც იმ შეშფოთების ფონზე, რომ არსებობს მოლდოვის ტერიტორიაზე ომის გავრცელების საფრთხე.

სამიტი ორდღიანია და ხვალ დასრულდება.