ავტორი:

რამდენად მნიშვნელოვანია თეორიული და პრაქტიკული სწავლების სინთეზი მედიცინაში? - ინტერვიუ ქეთევან ჩახნაშვილთან

რამდენად მნიშვნელოვანია თეორიული და პრაქტიკული სწავლების სინთეზი მედიცინაში? - ინტერვიუ ქეთევან ჩახნაშვილთან

თეორიული და პრაქტიკული სწავლების მეთოდების დასახვეწად და სტუდენტებისთვის საუკეთესო შესაძლებლობების შესაქმნელად „ალტე უნივერსიტეტის“ მედიცინის საერთაშორისო სკოლა განვითარებას აგრძელებს. სკოლის დეკანის პოზიციაზე ცოტა ხნის წინ საზოგადოებრივი ჯანდაცვის დოქტორანტი და ევროპის საბჭოს ექსპერტი პენიტენციური ჯანდაცვის საკითხებში - ქეთევან ჩახნაშვილი დაინიშნა.

მისი 15-წლიანი გამოცდილება, რომელიც მოიცავს საქართველოს პენიტენციური ჯანდაცვის სისტემის ეთიკის კოდექსის შემუშავებას, პუბლიკაციების ავტორობასა და თანაავტორობასა და ჯანდაცვის სისტემების ადმინისტრირებას როგორც კერძო, ისე საჯარო სექტორში, უნივერსიტეტის მედიცინის საერთაშორისო სკოლას დაეხმარება სტუდენტებისთვის მტკიცებით მედიცინაზე დაფუძნებული ცოდნის გადაცემასა და თანამედროვე მიდგომების დანერგვაში.

როგორც ქეთევან ჩახნაშვილი განმარტავს, საქართველოში უმაღლესი სამედიცინო განათლების სფეროში ბევრი გამოწვევაა, მათი დაძლევა კი მხოლოდ აქტიური მუშაობითა და საუკეთესო გამოცდილების დანერგვითაა შესაძლებელი.

უფრო დეტალურად, როგორი უნდა იყოს სამედიცინო სკოლის სტუდენტებისთვის სასწავლო პროცესი და რა მნიშვნელობა აქვს პრაქტიკულ კომპონენტს, „ალტე უნივერსიტეტის“გუნდის ახალ წევრს, მედიცინის საერთაშორისო სკოლის დეკანს, ქეთევან ჩახნაშვილს ვესაუბრეთ.

კონკრეტულად, რა გამოწვევებს ხედავთ ახლა უმაღლესი სამედიცინო განათლების სფეროში და რა მექანიზმებით უნდა დავძლიოთ ისინი?

თანამედროვე, კონკურენტუნარიან განათლების სისტემას სჭირდება ძალიან დიდი მხარდაჭერა როგორც პოლიტიკური, ისე ფინანსური და ინსტიტუციური თვალსაზრისით. ამ მიმართულებით ჩვენს ქვეყანაში ბევრი ნაბიჯი გადაიდგა წინ, თუნდაც იმ კუთხით, რომ ჩვენ ევროპის განათლების სისტემის ნაწილი ვართ და უკვე გვაქვს გარკვეული ვალდებულებები, რომლებსაც განვითარებისთვის უნდა გავყვეთ. რეალურად, ეს გვაძლევს ძალიან დიდ შანსს, თუნდაც ჩვენს რეგიონში სამედიცინო განათლების ჰაბად ჩამოვყალიბდეთ, ასევე, გვაძლევს შესაძლებლობას შევქმნათ თანამედროვე, მტკიცებულებებზე, მეცნიერებაზე დაფუძნებული განათლების სისტემა და მოვამზადოთ თანამედროვე ჯანდაცვის პროფესიონალები. ასეთ კადრებს კი ექნებათ როგორც კლინიკური, ბაზისური საგნების თეორიული ცოდნა, ისე სამეცნიერო მიმართულებით მუშაობის უნარები. თუ სტუდენტები სწავლის დასაწყისშივე მეცნიერებაში იქნებიან ჩართულები, მათ მეორე ეტაპის განათლების - რეზიდენტურის დაწყებისას, როგორც მომავალ ექიმებს, უკვე ექნებათ ყველა საჭირო პროფესიული და კლინიკური უნარი გამომუშავებული.

რა ნაბიჯები უნდა გადაიდგას იმისათვის, რომ სტუდენტებმა უფრო თანამედროვე განათლება მიიღონ მედიცინის სფეროში და რამდენად დგას დღეს ამის პრობლემა?

მედიცინის ენა მსოფლიოში დღეს ინგლისურია, რომელზეც შეგიძლია უახლეს, თანამედროვე და მტკიცებაზე დაფუძნებულ ლიტერატურას გაეცნო. ერთ-ერთი გამოწვევა არის ის, რომ ჩვენს სტუდენტებს არ შეუძლიათ ქართულ ენაზე წაიკითხონ ისეთი ინფორმაცია, რასაც წაიკითხავენ ინგლისურ ენაზე. შესაბამისად, მათ აქვთ ორი მოცემულობა: ყველაფერი უნდა ისწავლონ ინგლისურად ან როგორც ქართულად, ისე ინგლისურად. მნიშვნელოვანია, რომ ჩვენი ინგლისურენოვანი პროგრამა სტუდენტს შესაძლებლობას აძლევს საფუძვლიანად შეისწავლოს ინგლისური ენა და ასევე, წვდომა ჰქონდეს უახლეს, ხარისხიან ლიტერატურაზე, რაც პროფესიონალად ჩამოყალიბებაში დაეხმარება.

ჩვენი სისტემა კიდევ უფრო მეტად უნდა ინტეგრირდეს ევროპისა და მსოფლიო მედიცინის განათლების სისტემაში. გვჭირდება ბევრი მუშაობა იმისთვის, რომ სწავლების მეთოდებში დავიხვეწოთ. მაგალითად, განვითარებულ ქვეყნებში უკვე ასწავლიან ვირტუალური ჰოსპიტლების მეშვეობით, სადაც სტუდენტები ყველაფერს სენსორული გამოსახულებებით, 3D გამოსახულებაში ხედავენ. ჩვენც აღნიშნულ მეთოდებსა და სისტემისთვის ვაპირებთ ფეხის აწყობას.

მნიშვნელოვანია თუ არა ამისათვის უცხოურ უნივერსიტეტებთან თანამშრომლობა და რამდენად აპირებთ აღნიშნული მიმართულება გააძლიეროთ „ალტე უნივერსიტეტში“?

ჩვენ უკვე ვთანამშრომლობთ რამდენიმე უნივერსიტეტთან, ეს არის Northeastern University აშშ-ში, ბაჰარატის სამეცნიერო უნივერსიტეტი ინდოეთში და ასევე, აქტიურ მოლაპარაკებებს ვაწარმოებთ რამდენიმე ევროპულ უნივერსიტეტთან. მსგავსი თანამშრომლობა ერთადერთი შესაძლებლობაა, გახდე მსოფლიო მედიცინისა და მსოფლიო სასწავლო სამედიცინო გარემოს ნაწილი, გაიზიარო გამოცდილება და ისწავლო მეტი.

ურთიერთთანამშრომლობა გულისხმობს როგორც სტუდენტების, ისე აკადემიური პერსონალის გაცვლით პროგრამებს, რაც მათ ახალ შესაძლებლობებს მისცემს.

რა მიზნები გაქვთ დასახული „ალტე უნივერსიტეტის“ მედიცინის საერთაშორისო სკოლის დეკანის პოზიციაზე და რა მექანიზმებით შეასრულებთ მათ?

ალტე უნივერსიტეტში ჩემი ამ პოზიციაზე მუშაობა არის შესაძლებლობა, ქვეყნისთვის უმნიშვნელოვანეს განათლების სფეროში განვახორციელო მნიშვნელოვანი და სასარგებლო ცვლილებები. როგორც ექიმს, პრაქტიკოს ჯანდაცვის მენეჯერს და საზოგადოებრივი ჯანდაცვის სპეციალისტს, მჯერა, რომ მთელი ჩემი გამოცდილებისა და ცოდნის მობილიზებით შევძლებ საინტერესო ნაბიჯები გადავდგა სამედიცინო განათლების განვითარებაში.

ჩვენი მიზანია, სწავლებისა და სწავლის ურთიერთგაცვლის პროცესის შედეგად, თანამედროვე ტექნოლოგიების გამოყენებით, „ალტე უნივერსიტეტის“ მედიცინის საერთაშორისო სკოლა იქცეს მტკიცებით მედიცინაზე დაფუძნებულ, სამეცნიერო ღირებულებებზე ორიენტირებულ თანამედროვე საუნივერსიტეტო სივრცედ. ასევე, ჩვენი მიზანია მოვამზადოთ კონკურენტუნარიანი პროფესიონალი მედიკოსები, რომელთაც ექნებათ კლინიკური და კვლევითი, პროფესიული ქცევისა და ფასეულობების პრაქტიკული უნარ-ჩვევები, რასაც ისინი გამოიყენებენ პაციენტზე ორიენტირებული ხარისხიანი სამედიცინო სერვისის მისაწოდებლად.

რამდენად იქნება სწავლების პროცესში პრაქტიკული ნაწილი გათვალისწინებული და რამდენად მნიშვნელოვანია ეს სტუდენტებისთვის?

„ალტე უნივერსიტეტის“ საერთაშორისო სამედიცინო სკოლაში პირველი კურსიდან არის პრაქტიკული კომპონენტი გათვალისწინებული. თეორიულ საგნებთან ინტეგრაციაში სტუდენტები თავიდანვე ინვითარებენ პრაქტიკულ უნარ-ჩვევებს, ეს ეხება როგორც კლინიკურ, ისე ბაზისურ საგნებს. მაგალითად, სტუდენტები პირველივე კურსიდან ისწავლიან კლინიკურ უნარებსა და პაციენტებთან კომუნიკაციას. ასევე, ბაზისური საგნების შესწავლისას ისინი ისწავლიან, თუ როგორ გამოიყენონ თეორიული ცოდნა უშუალოდ კონკრეტული შემთხვევის ან პრობლემის განხილვისას.

თეორიული და პრაქტიკული სწავლების პროცესი ორნაწილიანია: ერთი - კლინიკური და პრაქტიკული უნარების მისაღებად მათ სჭირდებათ მულაჟებთან მუშაობა სიმულაციურ ცენტრში, სადაც ისწავლიან, როგორ გაკერონ ჭრილობა, როგორ გააკეთონ ნემსი და ა. შ. და მეორე ეტაპი - სიმულაციურ ცენტრში უნარების ათვისების შემდეგ, მიდიან სტაციონარში და უკვე უშუალოდ პაციენტებთან იყენებენ თავიანთ ცოდნას. ჩვენთვის ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს იმას, რომ ჩვენი აფილირებული კლინიკა არის ბოკერიას საუნივერსიტეტო ჰოსპიტალი, სადაც სტუდენტებს აქვთ შესაძლებლობა გაიარონ პრაქტიკული კლინიკური საგნები და პაციენტებთან უშუალოდ ურთიერთოებით განამტკიცონ ჩვენთან მიღებული თეორიული ცოდნა.

დამატებითი დეტალები მედიცინის საერთაშორისო სკოლის პროგრამების შესახებ, იხილეთ ალტე უნივერსიტეტის ოფიციალურ ვებ-გვერდზე: https://alte.edu.ge/ka/schools/meditsinis-saertashoriso-skola

(R)