ავტორი:

"ჯანმრთელობის პრობლემები მქონდა და მეუღლემ და შვილმა ორანჟერეა გამიკეთეს… დეპრესიიდან ამან გამომიყვანა" - ცნობილი მემცენარის გზა სოხუმიდან წავკისამდე

"ჯანმრთელობის პრობლემები მქონდა და მეუღლემ და შვილმა ორანჟერეა გამიკეთეს… დეპრესიიდან ამან გამომიყვანა" - ცნობილი მემცენარის გზა სოხუმიდან წავკისამდე

მისი ყვავილები საქართველოში შინ ბევრს აქვს, ბევრიც აზრს ეკითხება - როგორ მოაშენოს და მოამრავლოს ისინი. მიუხედავად იმისა, რომ 25 წელი სკოლაში მათემატიკას ასწავლიდა, ახლა კვალიფიციურ მემცენარედ იცნობენ.

ფიქრია ციკარიშვილმა მთელი შეგნებული ცხოვრება თელავში გაატარა, თუმცა ზუგდიდშია დაბადებული, გაზრდილი კი ულამაზეს სოხუმში.

- სოხუმი მშობლიური, საყვარელი ქალაქია... წელს მარტში თოვლი რომ მოდიოდა, სოხუმი გამახსენდა, - რომ მოვიდოდა, ბავშვები სკოლიდან სანაპიროზე გავრბოდით, იქ მაღალ და დათოვლილ პალმების ძირში ვდგებოდით, ვარხევდით და გვიხაროდა, თავზე რომ გვეყრებოდა... თოვლი იშვიათად მოდიოდა, მაგრამ როცა მოვიდოდა, დღესასწაული იყო...

მე-10 კლასში ვიყავი, სოხუმში პირველი ტროლეიბუსი რომ გაჩნდა და სანამ სახლში მივიდოდი, სადგურთან ვცხოვრობდით, ქალაქს ტროლეიბუსით 10 წრეს მაინც შემოვუვლიდი... ქუჩებში ფეხით სიარულიც მიყვარდა...

ჩვენი ოჯახი იქ საცხოვრებლად ზუგდიდიდან გადავიდა... სახლი ზღვას გადაჰყურებდა და ღამე საოცარი სანახავი იყო, პორტში განათებული დიდი და ცნობილი გემები რომ შემოდიოდნენ... თელავში აფხაზეთის დაკარგვამდე ბევრად ადრე გადმოვედი, რადგანაც აქეთ გავთხოვდი...

- ალბათ სოხუმის იმ ლამაზმა გარემომ და იმანაც, რომ მამა აგრონომი გყავდათ, ხელი შეუწყო თქვენში მცენარეების მიმართ ასეთი სიყვარულის გაღვივებას...

- თავიდან მამამ პატარა სახლი იყიდა, მაგრამ დიდი ეზო ჰქონდა, წლების მერე კი იქაურობა კარგად მოაწყო. სახლიც და ეზოც შეუდარებლად ლამაზი იყო. მცენარეები თავიდანვე მიყვარდა, მერე თელავში რომ აღმოვჩნდი, იქაც მოვამრავლე... სკოლაში მუშაობას თავი რომ დავანებე, ერთი პერიოდი მოსწავლეებს ვამზადებდი, მაგრამ ახლა რასაც ვაკეთებ, ეს სულ სხვა რამ არის...

- როგორც ჩანს, თელავი მოგეწონათ...

- თელავის ინსტიტუტში ვსწავლობდი, სადაც რექტორი ბიძაჩემი იყო, ბოლოს კი ბინაც იქ დავიდე... ამ ქალაქში ყოველთვის გამორჩეული საზოგადოება ცხოვრობდა, იქ კარგი განათლების მიღებაც შეიძლებოდა და კულტურული ცხოვრებაც დუღდა...

სკოლაში მუშაობას თავი რომ დავანებე, იმ პერიოდისთვის ეზო უკვე სავსე მქონდა მცენარეებით, ნამდვილი ბაღნარი იყო...

დაახლოებით მაგ პერიოდში ჯანმრთელობის პრობლემა მქონდა და შვილმა და მეუღლემ ორანჟერეა გამიკეთეს. ამან კი დეპრესიიდან გამომიყვანა. არადა, იმ დროს (1999 წელი) საქართველოში ცუდი პერიოდი იყო, თან, შვილები სტუდენტები მყავდა. მიუხედავად იმისა, რომ ჩემს მეუღლეს დამოუკიდებელი ინსტიტუტიც ჰქონდა, თელავის უნივერსიტეტშიც მუშაობდა, დაბალი ანაზღაურების გამო ორი სტუდენტის შენახვა გაჭირდა და ჩემი ორანჟერეა სწორედ მაშინ ძალიან დამეხმარა. ყვავილებით თბილისში ჩავდიოდი და ვყიდდი. ისე რომ, დოლიძის ქუჩაზე ჩემი მცენარეების კლუბიც გავაკეთე. ასეთი შრომა არ მეთაკილებოდა. არ მითქვამს, - ლექტორის ცოლი ვარ, თავადაც მასწავლებლი და ამას არ გავაკეთებ-მეთქი.

ახლა ჩემი ბიჭი ამერიკაში წარმატებული ექიმია, გოგოც იქ არის, თავის სპეციალობით საქმიანობს. ორივე ამერიკის მოქალაქეა. დღეს ამ საქმეს იმიტომ არ ვაკეთებ, რომ ეკონომიურად მიჭირს. უბრალოდ, ამ ყველაფერს რაღაც დიდი მიზიდულობა აქვს. დრო ორანჟერეაში მუშაობისას ისე გადის, ვერც ვიგებ. ჩემს თავს ვეუბნები ხოლმე - როგორ არ გეზარება ამდენი საქმის კეთება? მაგრამ თავი როგორ დავანებო, როცა ვიცი, რომ მცენარეებს ჩემი დახმარება სჭირდება?! შეიძლება სხვა საქმე გადავდო და ამას არ ვუღალატებ.

- 1000-ზე დასახელების მცენარე გაქვთ. მათგან ზოგი ფოთლოვანია, მარადმწვანე, ეკლოვანი, მოყვავილე. ზოგს სითბო უყვარს, ზოგს - ჩრდილი, როგორ ახერხებთ ორანჟერეაში მათთვის შესაფერისი გარემოს შექმნას?

- სინათლის მოყვარულებს ერთად ვათავსებ, ჩრდილის მოყვარულებს შეიძლება ზემოდან სხვა თარო დავადგა. ტემპერატურას ვერაფერს ვშველი, დანარჩენს, მორწყვით ვაბალანსებ...

- ცოტა ხნის წინ თელავიდან საცხოვრებლად წავკისში გადმოხვედით და ორანჟერეა აქაც გაქვთ. შეიცვალა რამე?

- თითქმის არაფერი... მცენარეები წავკისშიც კარგად გრძნობენ თავს. წყალი თელავზე უკეთესია, რბილი, იქ კირიანი იყო. ჰაერიც კარგია წავკისში, რაც მცენარეებზე ასევე კარგად მოქმედებს.

- სიყვარული გასაგებია, მაგრამ ამ საქმის კეთებას ცოდნაც უნდა...

- თავიდანვე ვიწერდი სპეციალურ ჟურნალებს, სამეცნიერო ლიტერატურას, ჩემი ძმა სოხუმის სუბტროპიკულ ინსტიტუტში სწავლობდა და მის არაერთ წიგნსაც ვეცნობოდი, ძალიან ბევრ რამეს ვკითხულობდი. თუ მნიშვნელოვანი რჩევა შემხვდებოდა, რაც უნდა მცოდნოდა, ვწერდი. ახლა ყველა წესი უკვე გამჯდარი მაქვს, ბევრი რამ პრაქტიკამ მაჩვენა. არ მომერიდება იმის თქმა, რომ მცენარის შიგნითაც კი ვიყურები. ის კი არა, „აგრო-ქიმია“ და „მიწათმოქმედება“ წიგნები დავამუშავე. ბოლო პერიოდში ინტერნეტიც შემომეშველა. ეს ყველაფერი ძალიან საინტერესოა და ამიტომ საფუძვლიანად მოვკიდე ხელი.

ამას წინათ მკითხეს - კაქტუსს რა უყვარსო? ასე ცალსახად ვერ იტყვი - გააჩნია, სად არის მისი სამშობლო, ასევეა ყველაზე გავრცელებული მცენარე ფიკუსიც... უნდა ვიცოდეთ მისი სამშობლო, როგორი მიწაა იქ - ნეშომპალიანი, ნესტიანია... მცენარეს თავისი მშობლიური გარემო და იქ არსებული პირობები მოსწონს. ყურადღებით ვარ, რომ რომელიმეს რაიმე ავადმყოფობა არ შეეყაროს ფესვებში, არ დალპეს.

- კაქტუსს ამყნობთ?

- კი, სხვადასხვანაირი საძირეები არსებობს. არის ისეთი კაქტუსი, რომელიც ლამაზია, მაგრამ ფესვთა სისტემა სუსტად აქვს განვითარებული, ან ჭრელია, ფერადია... ასეთ დროს ქლოროფილი ცოტაა. კაქტუსი რაც უფრო მწვანეა, მასში მეტი ქლოროფილი და მეტი ფოტოსინთეზია, უფრო ძლიერია და ფესვთა სისტემაც კარგად არის განვითარებული.

მოკლედ, კარგად რომ განვითარდეს, აუცილებელია მწვანე საძირეზე დაიმყნოს, ისეთზე, რომელსაც ძლიერი ფესვები აქვს. ეს მას მინერალებით და საკვებით ამაგრებს და დაავადების მიმართაც მედეგს ხდის.

- წავკისში ეზოსაც უვლით, ხომ?

- აქ 6 თვეა, რაც გადმოვედით. ეზო 1000 კვადრატია. დავგეგმე, სად რა უნდა გაკეთებულიყო, ფაქტობრივად, უკვე შევსებულია. ორიგინალური მცენარეები მაქვს, თელავში ასე მქონდა. რაღაც რაოდენობა იქიდან აქეთ წამოვიღე. ზოგი საიდან მაქვს ჩამოტანილი და ზოგი - საიდან. წყალსაცავიც გავაკეთე და ლოტოსები მაქვს. ახლა ქვით ბილიკები შეიქმნება და კოინდარი დაითესება.

- ვინ გეხმარებათ?

- მე და ჩემი მეუღლე ვმუშაობთ, მაგრამ ყვავილებთან დიდი სიფრთხილეა მაინც საჭირო, ჩემს მეუღლეს სულ ვეუბნები - წყალი შენ არ დაუსახა-მეთქი. ვინც არ უნდა იყოს, ვერავის ვანდობ...

- როგორც ვიცი, არაერთი მოსწავლე გყავთ, რომლებსაც ამ სფეროში ბევრ რამეს ასწავლით. რას ურჩევდით ჩვენს მკითხველს?

- ვისაც უნდა, რომ ეს საქმე გამოუვიდეს, გამოუვა, თუ ყურადღებით მიუდგება და ყველაფერს გაითვალისწინებს. ვიცობ ისეთ ადამიანებს, მცენარეები უყვართ, მაგრამ წყლის დასხმა ავიწყდებათ და ყვავილი შინ როგორც ტყვე, ისე ჰყავთ გამომწყვდეული. ასე არ შეიძლება. მცენარეს სახლში რომ მოიტანთ, ის თქვენი ნაწილი უნდა გახდეს, უნდა გრძნობდეთ მას.

დიდი მცენარე არასდროს მიყიდია, ის ჩემ თვალწინ უნდა გაიზარდოს. იტყვიან ხოლმე, - ეს როდის გაიზრდებაო? და პირდაპირ დიდ ქოთანში ჩარგავენ, იქნება და იქნებაო. არ არის სწორი - ქოთანი და ყვავილი ერთად უნდა იზრდებოდეს. მცენარე რომ გაიზრდება, ქოთანიც შესაბამისი უნდა შეურჩიო, ცოტა დიდში გადარგო...

მთავარი კი ისაა, რომ ადამიანი უნდა დარწმუნდეს, უყვარს თუ არა ყვავილები, აქვს თუ არა საიმისო ნებისყოფა, რომ მცენარის ხასიათი შეისწავლოს. რჩევაც ის იქნება, რომ ამისთვის თავიდან უნდა მოემზადოს.

- ამ "წვანე სამყარომ" თქვენს ცხოვრებაში რა ფანჯარა გახსნა?

- კომუნიკაბელური ვარ, ამავე დროს დისტანციურიც. ყველასთან არ შემიძლია ერთნაირი ურთიერთობა, მაგრამ ამ მცენარეებმა ძალიან დამაახლოვა ხალხთან, ბევრ ენერგიას გავცემ და შესაბამისად მათგანაც სითბოს ვიღებ. მეტი ცოდნა, გამოცდილება და ურთიერთობები შემძინა, რამაც ცხოვრება გამიხალისა.