ავტორი:

"ვრცელდება ცნობები, რომ არძინბას აქვს გეგმა... იციან ჩვენი აზრი რუსებთან მიერთებაზე  და სურთ, სხვა მხარეს გასახედი ამოქოლონ" - აფხაზები კრემლის ფავორიტ "მინისტრს" აკრიტიკებენ

"ვრცელდება ცნობები, რომ არძინბას აქვს გეგმა... იციან ჩვენი აზრი რუსებთან მიერთებაზე  და სურთ, სხვა მხარეს გასახედი ამოქოლონ" - აფხაზები კრემლის ფავორიტ "მინისტრს" აკრიტიკებენ

მას შემდეგ, რაც ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. საგარეო საქმეთა მინისტრად, კრემლის ფავორიტი, ინალ არძინბა დაინიშნა, მან პირველ რიგში, რეგიონში მოქმედ საერთაშორისო არასამთავრობო ორგანიზაციებს შეუტია, რადგან მისივე თქმით, ისინი ქართული სპეცსამსახურების დავალებებს ასრულებენ...

აფხაზური გამოცემის apsadgil.info-ს ცნობით, არძინბას უწყებამ, საერთაშორისო ორგანიზაციის ქართულ-აფხაზური პროექტი "მოძრაობა შიმშილის წინააღმდეგ" დახურა... მას შემდეგ, რაც არძინბამ არასამთავრობო ორგანიზაციებზე გაილაშქრა, მისი თანამშრომლები იძულებული გახდნენ, იატაკქვეშა მუშაობაზე გადასულიყვნენ.

აფხაზური მხარის ცნობით, არძინბას მიერ დაბლოკილი ორგანიზაცია მოლდოვაში აფხაზი და ქართველი ახალგაზრდების შეხვედრას, ასევე, ავსტრიასა და სომხეთში ერთობლივი ტრენინგებისა და სემინარების ჩატარებას მოიცავდა.

"მსგავსი ინიციატივები პოლიტიკურ ხასიათს ატარებს და საქართველოს ხელისუფლების მიზნებისა და ამოცანების განხორციელებას ემსახურება. სამინისტრო მომავალშიც აღკვეთს იმ პროექტებს, რომლებიც მოემსახურება საქართველოს ხელისუფლების გაცხადებული პოლიტიკის მიზნებს. მოვუწოდებთ საერთაშორისო ორგანიზაციებს, დაიცვან გამჭვირვალობის პრინციპი და ჰუმანიტარული მიზნების ფარგლებში იმუშაონ", - ნათქვამია აფხაზეთის ე.წ. საგარეო სამინისტროს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

არძინბას ინიციატივას ადგილობრივ მოსახლეობაში ადრეც მოჰყვა აზრთა სხვადასხვაობა. მათი მოსაზრებით, არძინბა სიტყვით აფხაზეთის დამოუკიდებლობაზე ლაპარაკობს, მაგრამ საქმით, რუსეთისკენ აქვს გეზი აღებული...

მათივე თქმით, მსგავსი პროექტები საერთაშორისო დაფინანსებით მუშაობს და ქართულ სპეცსამსახურებთან არავითარი კავშირი არ აქვს.

"თუ მსგავსი რამ დაფიქსირდა, აღძრან საქმე და გაასამართლონ ადამიანი, ვინც მსგავს საქმეს ემსახურება. ვრელდება ცნობები, რომ არძინბას აქვს გეგმა, რომლის ფარგლებშიც, ცოტა ხანში საქართველოში სამკურნალოდ ვიზიტსაც აკრძალავენ, მაგრამ ჩვენი ხალხი, იმის შიშით ღალატი არ დააბრალონ, ხმას არ იღებს და ამასაც შეეგუება", - წერს ადგილობრივი ბლოგერი რაფიდა ბგანბა.

სხვების თქმით, მაშინ როდესაც რეგიონში ცხოვრება ყოველდღიურად ძვირდება, უკვე დააანონსეს საზოგადოებრივი ტრანსპორტით მგზავრობის გაძვირება, სურსათზე ფასები გასამმაგდა, არძინბა არასამთავრობო ორგანიზაციებზე ნადირობს, რადგან კრემლში ვიღაცას არ მოსწონს, რომ აფხაზეთის მოსახლეობას თვალსაწიერის გაფართოების, განსხვავებული ინფორმაციის მიღების შესაძლებლობა აქვს.

მათივე მოსაზრებით, საერთაშორისო ორგანიზაციების დახურვა კიდევ უფრო დაასუსტებს რეგიონის მოსახლეობას არაერთი მიმართულებით.

"გასაგებია ჩვენი ხელმძღვანელობის სიფრთხილე - სამხრეთ ოსეთში რუსეთთან შეერთების მოთხოვნით რეფერენდუმი დაიგეგმა. ისედაც იციან, რომ აფხაზეთში განსხვავებული მიდგომებია, ჩვენი არჩევანი დამოუკიდებლობაა. მაგრამ იციან, რომ ჩვენი დამოუკიდებლობა მყიფეა, ჯერჯერობით მაინც, და ზედმეტი თავის ტკივილი არ სურთ. უნდათ ისეთი დამოუკიდებლობა გვქონდეს, როგორის ქონის უფლებასაც თავად მოისურვებენ - თითქმის ერთობლივი, ჰარმონიზებული კანონებით, რუსეთზე მიბმული ეკონომიკით... ამიტომ, ცდილობენ, სხვა მხარეს გასახედი ამოქოლონ. მე ის მიკვირს, "რკინის ალიკა" (ალექსანდრე ანქვაბი) და ბჟანია რატომ უთმობენ ამდენს ამ პატარა ბიჭს" - წერს ინტერნეტმომხმარებელი სოფია შოუა.

"რუსეთთან შეერთების შემდეგ, ისინი ჩრდილოეთ ოსეთს შეუერთდებიან და ამ სუბიექტს, ალბათ, ოსეთი დაერქმევა. ცუდი პრეცენდენტია, მაგრამ ოს ხალხს მაინც განვითარებას და თვითმყოფადობის შენარჩუნებას ვუსურვებ. აფხაზეთს სხვაგვარი რეალობა აქვს, ის არც ერთი ქვეყნის შემადგენლობაში არ უნდა შევიდეს, ვინც არ უნდა იყოს და რასაც არ უნდა სთავაზობდეს" - წერს ადგილობრივი თემურ ქეცბა.