ავტორი:

"მერამდენე წელია, საქართველო ფინალშიც კი ვერ აღწევს უგემოვნო პროგრამების გამო...  სომხებისა და აზერბაიჯანელებისაგან მაინც ესწავლათ რაიმე" - რომან გოცირიძე "ევროვიზიაზე"

"მერამდენე წელია, საქართველო ფინალშიც კი ვერ აღწევს უგემოვნო პროგრამების გამო...  სომხებისა და აზერბაიჯანელებისაგან მაინც ესწავლათ რაიმე" - რომან გოცირიძე "ევროვიზიაზე"

"ევროვიზიის" კონკურსის გამარჯვებული უკრაინის წარმომადგენელი გახდა. სამწუხაროდ, საქართველო ვერც წელს მოხვდა ფინალურ ტურში.

გარდა იმისა, რომ ქართული საზოგადოება კვლავ გულდაწყვეტილი დარჩა წარუმატებლობის გამო, კონკურსის ფინალურ შოუს სკანდალიც დაერთო - საქმე ეხება საქართველოს მიერ უკრაინის წარმომადგენლისთვის დაწერილ ქულებს.

კონკურსზე პირდაპირ ეთერში გამოაცხადეს, რომ საქართველომ (ჟიურიმ) უკრაინას 6 ქულა გადასცა, მოგვიანებით კი "საზოგადოებრივმა მაუწყებელმა" განცხადება გაავრცელა, სადაც ნათქვამი იყო, რომ რეალურად ქართველმა ჟიურიმ უკრაინელი კონკურსანტი უმაღლესი, 12 ქულით შეაფასა.

მათივე ცნობით, ქულების შეცდომით გამოცხადებასთან დაკავშირებით "ევროვიზიის კონკურსის ორგანიზატორებთან დეტალებს არკვევენ."

საკითხს სოციალურ ქსელში "ნაციონალური მოძრაობის" წარმომადგენელი, დეპუტატი რომან გოცირიძეც ეხმიანება და ის მიიჩნევს, რომ "ევროვიზიის" ხელმძღვანელობამ ბოდიში უნდა მოუხადოს საქართველოს საზოგადოებრივ მაუწყებელს.

ამავდროულად, გოცირიძე საზმაუს აკრიტიკებს იმის გამო, რომ საქართველოს წარმომადგენელი უკვე წლებია, ფინალურ ეტაპამდეც ვერ აღწევს.

"ევროვიზიის ხელმძღვანელობამ ბოდიში უნდა მოუხადოს საქართველოს საზოგადოებრივ მაუწყებელს, რომ უკრაინისათვის მიკუთვნებული უმაღლესი ქულის ნაცვლად სხვა, ცუდი შედეგი გამოაცხადა.

ამ კონკურსს მთელი მსოფლიო ადევნებდა თვალს და უკრაინაში რუსეთის აგრესიის ფონზე განსაკუთრებული პოლიტიკური დატვირთვა ჰქონდა შეძენილი.

80 მილიონიანი დაფინანსების მქონე საზოგადოებრივმა მაუწყებელმა კვლავ შეირცხვინა თავი და აგერ უკვე მერამდენე წელია საქართველოს წარმომადგენელი ფინალურ ეტაპამდეც კი ვერ აღწევს იმ უგემოვნო პროგრამების გამო, რომელიც ქართველი შემსრულებლებისთვის ასე დამახასიათებელი გახდა.

სომხებისა და აზერბაიჯანელებისაგან მაინც ესწავლათ რაიმე", - წერს რომან გოცირიძე.