ავტორი:

"მივედით, ბატონო პრეზიდენტო, აქ ვართ! საზღვარზე ვართ!" - რა ხდება ხარკოვის ოლქში რუსეთის საზღვართან, იზუმთან, მარიუპლში?

"მივედით, ბატონო პრეზიდენტო, აქ ვართ! საზღვარზე ვართ!" - რა ხდება ხარკოვის ოლქში რუსეთის საზღვართან, იზუმთან, მარიუპლში?

უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბი ფრონტის ხაზზე არსებული ვითარების შესახებ ინფორმაციას ავრცელებს, რომლის თანახმადაც რუსული ძალები იზიუმის რაიონში კონცენტრირებული ქვედანაყოფების გამოყენებით შეტევითი მოქმედებებისთვის ემზადებიან.

"მტერი კონცენტრირებულია დონეცკის მიმართულებით. სლობოჟანსკის მიმართულებით მოწინაღმდეგე ცდილობს შეაკავოს უკრაინის თავდაცვის ძალების შეტევა ქალაქ ხარკოვის ჩრდილოეთით და ხელი შეუშალოს მათ სახელმწიფო საზღვრამდე მისვლას. მტერი იზიუმის რაიონში კონცენტრირებული ქვედანაყოფების გამოყენებით შეტევითი მოქმედებებისთვის ემზადება“, - ნათქვამია გენშტაბის ანგარიშში.

მათივე ცნობით, აღმოსავლეთ ოპერაციის ზონაში რუსეთის ავიაციამ სამოქალაქო და სამხედრო ინფრასტრუქტურა დააზიანა.

"ხარკოვის მიმართულებით, მოწინააღმდეგის ძირითადი ძალისხმევა მიმართულია პოზიციების შენარჩუნებაზე და რუსეთის ფედერაციასთან უკრაინის სახელმწიფო საზღვრისკენ ჩვენი ჯარების დაწინაურების აღკვეთაზე“, - აცხადებენ გენშტაბში.

მათივე ცნობით, რუსული ძალები საარტილერიო ცეცხლს უხსნიდნენ სამოქალაქო ინფრასტრუქტურას დოვჰენკეს, რუსკი ტიშკის, ტერნოვასა და პეტრივკას დასახლებებში.

"დონეცკის მიმართულებით რუსი დამპყრობლები ცეცხლს ხსნიდნენ ყველა სახის იარაღიდან ჩვენი ჯარისკაცებისა და ჩვენი ძალების სიმაგრეების განადგურების მიზნით. ლიმანის, ბახმუტისა და კურახივის მიმართულებით მტერი აგრძელებს შეტევას, ბრძოლები გრძელდება", - აცხადებენ გენშტაბში.

მათივე ცნობით, ავდიივკას მიმართულებით, უკრაინული ძალების მიერ მიყენებული დანაკარგის შემდეგ, მოწინააღმდეგემ ადრე დაკავებულ პოზიციებზე გადაინაცვლა.

"მარიუპოლში რუსული ძალები აგრძელებენ მასიურ საარტილერიო და საავიაციო დარტყმებს. ოკუპანტების ძირითადი ძალისხმევა მიმართული იყო "აზოვსტალის“ ქარხნის ტერიტორიაზე ჩვენი ქვედანაყოფების ბლოკირებასა და ზარალის მიყენებაზე“, - აცხადებენ გენშტაბში.

მათივე ინფორმაციით, უკრაინელმა სამხედროებმა გასული დღის განმავლობაში მოწინააღმდეგის 11 საჰაერო სამიზნე გაანადგურეს.

"განადგურებულია: ორი ვერტმფრენი (KA-52 და Mi-28), ოპერატიულ-ტაქტიკური დონის შვიდი უპილოტო საფრენი აპარატი და ორი რაკეტა“, - აცხადებენ გენშტაბში.

მათივე ცნობით, უკრაინულმა ძალებმა, გასული დღის განმავლობაში, დონეცკისა და ლუგანსკის მიმართულებებით მოწინააღმდეგის 17 შეტევა მოიგერიეს. "განადგურდა მტრის 3 ტანკი, ერთი საარტილერიო სისტემა, 6 ერთეული საბრძოლო ჯავშანტექნიკა,“- აცხადებენ გენშტაბში.

ამასთანავე ვრცელდება ინფორმაცია, რომ უკრაინის შეიარაღებული ძალების ტერიტორიული თავდაცვის ძალების 127-ე ბრიგადის 227-ე ბატალიონმა ხარკოვის ოლქში უკან დახია რუსი სამხედროები და რუსეთის საზღვრამდე მივიდა, - უკრაინული მედიის ცნობით, ამის შესახებ ინფორმაცია თავდაცვის უწყების "ფეისბუქგვერდზეა" განთავსებული.

ამასთანავე, გამოქვეყნებულია ვიდეო, სადაც უკრაინელი სამხედროები პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის მიმართავენ.

"მივედით, ბატონო პრეზიდენტო, აქ ვართ! საზღვარზე ვართ!" - აცხადებენ უკრაინელი სამხედროები.

მანამდე შინაგან საქმეთა მინისტრის მრჩეველმა, ვადიმ დენისენკომ გაავრცელა ინფორმაცია, რომ ხარკოვის ოლქში უკრაინის ჯარები სახელმწიფო საზღვართან ახლოს იყვნენ.