ავტორი:

"ხმის მიცემისას გამოვლენილი დარღვევა და სავარაუდო მანიპულაცია" - რატომ გამოაცხადეს "ევროვიზიაზე" საქართველოდან შეცვლილი ქულები?

"ხმის მიცემისას გამოვლენილი დარღვევა და სავარაუდო მანიპულაცია" - რატომ გამოაცხადეს "ევროვიზიაზე" საქართველოდან შეცვლილი ქულები?

2022 წლის "ევროვიზიის" სიმღერის კონკურსთან დაკავშირებული სკანდალი კვლავ გრძელდება. კონკურსის ფინალში, პირდაპირ ეთერში გამოაცხადეს, რომ საქართველოდან ჟიურიმ უკრაინელ კონკურსანტს 6 ქულა დაუწერა, მოგვიანებით, საქართველოს საზოგადოებრივმა მაუწყებელმა განცხადება გაავრცელა, სადაც ნათქვამი იყო, რომ რეალურად, ჟიურიმ უკრაინას უმაღლესი, 12 ქულა გადასცა. მათივე ცნობით, ამის დასადასტურებლად ნოტარიულად დამოწმებული დოკუმენტიც არსებობს, რომელიც "ევროვიზიის" ორგანიზატორებს გადაეგზავნათ.

აღსანიშნავია, რომ საქართველოდან ქულები ჩვენი ქვეყნის წარმომადგენელს არ გამოუცხადებია, რაც უჩვეულო იყო, რადგანაც, როგორც წესი, ყველა ქვეყანას თავისი წარმომადგენელი ჰყავს, რომელიც დასკვნით ეტაპზე პირდაპირ ეთერში ერთვება და აცნობს, რომელ კონკურსანტს რამდენი ქულა მიენიჭა. ამ ფაქტმა დამატებით კითხვები გააჩინა.

  • ყოველივე შესაძლოა, ხმის მიცემის დროს გამოვლენილ გარკვეულ დარღვევებსა და მანიპულაციებს უკავშირდებოდეს. ევროპის მაუწყებელთა კავშირმა "ევროვიზიის" კონკურსის ფინალის დაწყებამდე რამდენიმე წუთით ადრე გაავრცელა განცხადება, სადაც ეწერა, რომ 6 ქვეყნის ჟიურიმ ხმა, სავარაუდოდ, წესების დარღვევით მისცა. რის გამოც, მათი შედეგები შეიცვალა - შედეგები იმ ქვეყნების ხმების მიხედვით გამოთვალეს, რომელთაც ხმის მიცემის მსგავსი ისტორია ჰქონდათ.

EBU-ს განცხადება:

"ევროპის მაუწყებელთა კავშირის (EBU) მიერ ჟიურის ხმების ანალიზმა "ევროვიზიის" სიმღერის კონკურსის მეორე ნახევარფინალში აჩვენა ექვსი ქვეყნის შედეგებში ხმის მიცემის გარკვეული არარეგულარული სქემა.

EBU-მ გამოთვალა განზოგადებული შედეგი თითოეული ქვეყნისთვის როგორც მეორე ნახევარფინალისთვის, ასევე ფინალისთვის (კალკულაცია დაფუძნებულია ხმის მიცემის მსგავსი ისტორიის ქვეყნების შედეგებზე).

ევროპის მაუწყებელთა კავშირი ევროვიზიის სიმღერის კონკურსზე ხმის მიცემის მანიპულირების ნებისმიერ მცდელობას უკიდურესად სერიოზულად იღებს და უფლება აქვს ამოიღოს ასეთი ხმები ინსტრუქციების შესაბამისად, მიუხედავად იმისა, ექნება თუ არა მათ გავლენა შედეგებზე“, - ნათქვამია განცხადებაში.

  • აღსანიშნავია, რომ EBU-ს არ დაუსახელებია კონკრეტულად იმ ქვეყნების სია, რომელთა ჟიურის ქულებიც "სავარაუდო მანინპულაციად" მიიჩნიეს, თუმცა BBC-ის კორესპონდენტი მარკ სავჯი "ტვიტერზე" წერს, რომ ამ ქვეყნებს შორის არის საქართველო და ასევე აზერბაიჯანი.

საზოგადოებრივი მაუწყებლის განცხადება

საკითხთან დაკავშირებით კიდევ ერთ ვრცელ განცხადებას აქვეყნებს საქართველოს საზოგადოებრივი მაუწყებელი, რომელსაც უცვლელად გთავაზობთ:

"აღსანიშნავია, რომ ევროვიზიის სიმღერის კონკურსის შესაფასებლად დამტკიცებული ეროვნული ჟიურის წარმომადგენლები საკუთარ შეფასებას აკეთებენ არა ფინალური შოუს მიმდინარეობისას, არამედ წინა დღეს, გენერალური რეპეტიციისას. იწერება ქულები, რომელიც შესაბამისი პროცედურების დაცვით, მათ შორის ნოტარიულად დამოწმების შემდეგ, იგზავნება კონკურსის ორგანიზატორებთან. ქულები ფინალის დღეს ხდება ცნობილი. საზოგადოებრივმა მაუწყებელმა ზედმიწევნით შეასრულა ყველა პირობა, გადააგზავნა ოფიციალური დოკუმენტი და ევროპის მაუწყებელთა კავშირიდან მიიღო თანხმობა იმის თაობაზე, რომ არანაირი ხარვეზი არ ყოფილა.

ევროვიზიის სიმღერის კონკურსზე საქართველოდან ეროვნულმა ჟიურიმ ყველაზე მაღალი შეფასება – პირველი ადგილი უკრაინას მისცა, რაც 12 ქულას ნიშნავს. თუმცა ფინალურ შოუზე ქულების გამოცხადებისას აღმოჩნდა, რომ საქართველოსგან 12 ქულა გაერთიანებულ სამეფოს მიენიჭა. ევროვიზიის ქართულმა დელეგაციამ, რომელიც კონკურსს ესწრებოდა, გააპროტესტა შექმნილი ვითარება ევროვიზიის ორგანიზატორთან, ევროპის მაუწყებელთა კავშირთან (EBU). ამ დროისთვის EBU-ში მიმდინარეობს მოკვლევა და მაუწყებელი ელოდება შედეგებს.

ამასთანავე, მსგავსი პრობლემა შეექმნა არა მხოლოდ საქართველოს, არამედ კიდევ რამდენიმე ქვეყანას, რაზეც ასევე მიმდინარეობს მოკვლევა ევროპის მაუწყებელთა კავშირში.

ამასთან, საზოგადოებრივი მაუწყებელი განმარტავს, რომ ქართულ მხარეს არანაირი დაინტერესება არ ჰქონია, მანიპულირების გზით რაიმე გავლენა მოეხდინა კონკურსის შედეგებზე, ვინაიდან ფინალურ შოუში ჩვენი ქვეყნის წარმომადგენელი, სამწუხაროდ, ვერ გადავიდა. ეროვნული ჟიურისთვის პრინციპული მნიშვნელობა ჰქონდა, 12 ქულა მიეღო ღირსეულ კონკურსანტს, რომელიც ამ შემთხვევაში იყო უკრაინის წარმომადგენელი, რომელმაც დამაჯერებელი გამარჯვება მოიპოვა. შექმნილ ვითარებასთან დაკავშირებით საქართველოს საზოგადოებრივი მაუწყებელი ევროპის მაუწყებელთა კავშირთან აქტიურ კომუნიკაციაში რჩება და იმედს იტოვებს, რომ მოკვლევის შედეგები მალევე გახდება ცნობილი, რის შესახებაც ვაცნობებთ საზოგადოებას", - ნათქვამია განცხადებაში.

ცნობისთვის, "ევროვიზია 2022"-ის გამარჯვებული უკრაინის წარმომადგენელი, "კალუშის“ ბენდი გახდა. საქართველოს Circus Mircus-ი წარადგენდა, თუმცა ჩვენი ქვეყნის წარმომადგენელი კონკურსს ნახევარფინალიდან გამოეთიშა.