ავტორი:

რატომ გადაწყვიტა სააკაშვილის მეგობარმა ბიზნესმენმა ხვიჩა მაქაცარიამ "ბილაინის“ ყიდვა და რა ინტერესი აქვთ სააკაშვილს და მის თანაგუნდელებს "ბილაინის“ მიმართ?!

რატომ გადაწყვიტა სააკაშვილის მეგობარმა ბიზნესმენმა ხვიჩა მაქაცარიამ "ბილაინის“ ყიდვა და რა ინტერესი აქვთ სააკაშვილს და მის თანაგუნდელებს "ბილაინის“ მიმართ?!

ექსპრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის მიერ "ბილაინის" თაობაზე გაკეთებული განცხადებასა და მის უკან არსებულ სავარაუდო ინტერესებზე სტატიას აქვეყნებს ვებპორტალი kvira.ge, რომელსაც უცვლელად გთავაზობთ:

  • მსჯავრდებული ექსპრეზიდენტის განცხადება ციხიდან "ბილაინთან“ დაკავშირებით და მისი მეგობარი ბიზნესმენის მზაობა კომპანიის ყიდვაზე - ხვიჩა მაქაცარია ისევ სააკაშვილის დავალებებებს ასრულებს?!

კომუნიკაციების კომისიამ თანხმობა გასცა "ბილაინის“, იგივე "ვიონი საქართველოს“ გაყიდვაზე. კომპანიის 100%-იანი წილის შეძენას ბიზნესმენი ხვიჩა მაქაცარია გეგმავს. ცნობისთვის: "ვიონ ჯგუფის“ აქციათა 47,9%-ს ფლობს რუსი ბიზნესმენი მიხაილ ფრიდმანი, რომელიც სანქცირებულ რუს ოლიგარქთა სიაში მოხვდა.

რატომ გადაწყვიტა სააკაშვილის მეგობარმა ბიზნესმენმა ხვიჩა მაქაცარიმ ბილაინის ყიდვა და რა ინტერესი აქვთ სააკაშვილს და მის თანაგუნდელებს "ბილაინის“ მიმართ?! ეს მხოლოდ ბიზნესინტერესებია თუ პოლიტიკურიც?!

მიხეილ სააკაშვილი რომ საჯარო განცხადებებით რუსეთს ლანძღავს, რეალურად კი მისი ხელისუფლებაში ყოფნის დროს რუსულ ინტერესებს ატარებდა და რუსულ ფულსაც შოულობდა, არახალია. ამის დასტურად ფაქტები უახლესი წარსულიდან: 2006 წლის ნოემბრის ბოლოს ოკუპირებული აფხაზეთის ტერიტორიაზე ოპერირებას იწყებს აფხაზური მობილური კავშირის კომპანია "ა-მობაილი“, სადაც 5-%-იანი წილი ეკუთვნის ე.წ. სახელმწიფოს, ხოლო დანარჩენი, როგორც აფხაზური კონფიდენციალური წყარო აცხადებს, ე. წ. კერძო ინვესტორებს. ამ მოცემულობაში ყველაზე საინტერესო ის გახლდათ, რომ აფხაზური მობილური კომპანია საქართველოს კოდით - + 995-ით სარგებლობდა, რაც მხოლოდ ერთადერთ შემთხვევაში იყო შესაძლებელი. მიხეილ სააკაშვილის რეჟიმის დროს აფხაზურმა "ა-მობაილმა“, რომლის არაოფიციალური მფლობელები ასევე გახლდნენ საქართველოში კომპანია "ბილაინის“ მეწილეები, საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიისგან, კერძოდ, დიმიტრი ქიტოშვილისგან, 9 მილიონად მოიპოვეს ოპერირების ლიცენზია. ეს გარიგება უფრო მსხვილი ქეისის ნაწილს შეადგენდა და 2006 წლის ნოემბერში, როდესაც ფინალურ ფაზაში შევიდა მოლაპარაკება "ა-მობაილსა“ და სააკაშვილის მთავრობას შორის, მას შემდეგ, რაც "ა-მობაილმა“ გადაიხადა 9 მილიონი, "მეგაკომმა“ 239 000 ლარად მიიღო ზუსტად ისეთივე სიხშირე, რაშიც "მაგთიკომს“ 27 მილიონი გადაახდევინეს.

ამის შემდეგ საქართველოში ოპერირება დაიწყო რუსულმა "ბილაინმა“, როგორც "მეგაკომის“ პარტნიორმა. "ბილაინი“ კი წარმოადგენდა რუსულ კომპანია "ვიმპელკომს“. "ბილაინი“ საწყის პერიოდში საქართველოში ოპერირებდა კომპანია "მობიტელის“ სახელით. ამ ფაქტმა "ნაციონალური მოძრაობის“ გუნდში მაშინ მწვავე დაპირისპირება გამოიწვია. კახა ბენდუქიძემ ქიტოშვილს, რომელიც გახლდათ იმ დროისთვის კომისიის თავმჯდომარე, კორუფციაში დასდო ბრალი, ქართულ მობილურ ბაზარზე რუსული "ვიმპელკომისთვის“ სასათბურე პირობების შექმნის გამო. როგორც ჩვენი წყარო აცხადებს, ბენდუქიძე ამ გარიგებასთან დაკავშირებით სააკაშვილმა არ ჩააყენა საქმის კურსში, რადგან აფხაზური კომპანიის ლიცენზიაში გადახდილი 9 მილიონი და ქართული "ბილაინის“ ლიცენზიაში გადახდილი დამატებითი 6 მილიონი ბენდუქიძეს არ უნახავს და არც ბიუჯეტში შესულა. ამ გარიგებით, რომელიც ჯამში 15 მილიონი დაჯდა, რუსულმა "ვიმპელკომმა“ მოიხსნა ისეთი პრობლემა, როგორიც ოკუპირებულ ტერიტორიაზე ოპერირების ლიცენზიის მიღება იყო, რადგან მათი ოფიციალური თანამშრომლობა აფხაზეთის დე ფაქტო ხელისუფლებასთან საერთაშორისო პრიზმიდან, მსუბუქად რომ ვთქვათ, ცუდი სანახავი იქნებოდა რეპუტაციულად და გამოსავალი მარტივად, ისევ საქართველოში მიხეილ სააკაშვილის ხელისუფლებასთან ნახა. შედეგად რუსული "ბილაინის“ ქართული წილი და "ა-მობაილის“ წილები რეალურად სწორედ სააკაშვილთან დაკავშირებული გუნდის საკუთრებაში დარჩა.

ვის ეკუთვნოდა რუსული "ბილაინის“ და აფხაზური "ა-მობაილის“ ქართული წილები რეალურად. 2014 წლის მონაცემებით, "ბილაინის“ დამფუძნებელი ორივე კომპანია დაკავშირებული იყო ბიზნესმენ ლევან ყარამანაშვილთან.

ცოტა რამ ძმებ ყარამანაშვილებზე. შეგახსენებთ, რომ გიორგი და ლევან ყარამანაშვილები სააკაშვილის მეგობარი ბიზნესმენები არიან და 2019 წლამდე, სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილებამდე ფლობდნენ ტელეკომპანია "რუსთავი 2“-ს. ლევან და გიორგი ყარამანიშვილების სახელები ოფშორულ ზონაში რეგისტრირებულ რამდენიმე კომპანიაშიც გვხვდება, რომლებსაც თავის მხრივ საქართველოში, სხვადასხვა მსხვილ კომპანიებში ჰქონდათ წილები. საგამოძიებო ჟურნალისტთა საერთაშორისო კონსორციუმის საინფორმაციო ბაზაში, რომელმაც ოფშორული კომპანიების მფლობელთა ვინაობა გაშიფრა, ლევან ყარამანიშვილის სახელიც მოხვდა, რომელიც თავის მხრივ ორი ოფშორული კომპანიის - Delgado Resources-ისა და Watertrial Industries-ის თანამფლობელია. ამავე კომპანიაში წილები აქვს ასევე ხვიჩა მაქაცარიას. საჯარო რეესტრის 2014 წლის 9 დეკემბრის მონაცემებით, საქართველოში სიდიდით მესამე ფიჭური ოპერატორის, “ბილაინის” (იგივე “მობიტელი”) 51%-ის მფლობელი ზემოთხსენებული ოფშორში რეგისტრირებული და ლევან ყარამანიშვილთან დაკავშირებული Watertrial Industries-ია, ხოლო მობილური ოპერატორის სამეთვალყურეო საბჭოში, რუსეთის ფედერაციის რამდენიმე მოქალაქესთან ერთად, იმავე ოფშორული კომპანიის თანამფლობელები - ხვიჩა მაქაცარია და თეიმურაზ არონიაც არიან.

ლევან ყარამანიშვილის სახელი უკავშირდება ასევე “ბილაინის” კიდევ ერთ აქციონერ კომპანიას, Investico Aliance-ს, რომელიც მობილური ოპერატორის 29%-ს ფლობს. რაც შეეხება ბიზნესმენ ხვიჩა მაქაცარიას, 2012 წლამდე, ხელისუფლების შეცვლამდე, მაშინდელი ოპოზიცია სააკაშვილის მთავრობას ღიად, მაქაცარიას ლობირებაში და სხვა ბიზნესების ლობირებაშიც ადანაშაულებდა. კერძოდ, თინა ხიდაშელი თბილისის მაშინდელ მერს გიგი უგულავას ადანაშაულებდა, რომ მან ყაზბეგის გამზირზე მდებარე პარკი მართვის უფლებით გადასცა მაქაცარიას წელიწადში 100 ლარად. გარდა ამისა, ოპოზიციონერები და უფლებადამცველები მაქაცარიას სახელს, ძმებ შარანგიებთან ერთად, უკავშირებდნენ 2010 წელს თბილისის სამარშრუტო ტაქსების სკანდალურ ტენდერს. დამთხვევაა თუ არა, რომ სააკაშვილის მორიგი მეგობარი ბიზნესმენი აპირებს "ბილაინის“ ყიდვას, ამაზე პასუხი ალბათ, საზოგადოებას აუცილებლად სჭირდება. თუმცა, მანამდე ალბათ, ბოლომდეა გასარკვევი, რატომ აქვს ასეთი ინტერესი სააკაშვილს და მის თანაგუნდელებს "ბილაინის“ მიმართ? ეს მხოლოდ ბიზნესინტერესებია თუ პოლიტიკურიც?აქვე საინტერესო დეტალი მსჯავრდებული სააკაშვილი ციხიდანაც კი აკეთებს მის ჩვეულ სტილში განცხადებას “ბილაინთან” დაკავშირებით, რის შემდეგაც სასწრაფო წესით ხვიჩა მაქაცარია, რომელმაც ერთხელ უკვე გაყიდა მისი კუთვნილი წილი კომპანიაში, მზაობას გამოთქვამს "ბილაინის“ ყიდვაზე. საინტერესოა, ეს ხვიჩა მაქაცარიას დამოუკიდებელი გადაწყვეტილებაა თუ ის სააკაშვილის დავალებას ასრულებს? ასევე ხვიჩა მაქაცარია უშუალო მონაწილეა "ბილაინის“პირველი გაყიდვის დროს კორუფციული გარიგების და ხომ არ აშანტაჟებს ამით მავანს?! იმედია, საზოგადოება ამ კითხვებზე პასუხს მალე მიიღებს. წყარო: kvira.ge