ავტორი:

"ახლა ცხვირის ჩამოშვების კი არა, ბრძოლის დროა... გვარამიას "განაჩენი" სინამდვილეში საქართველოში ხელისუფლების მიმტაცებლების მიერ საკუთარი თავისთვის გამოტანილი განაჩენია" - სააკაშვილი

"ახლა ცხვირის ჩამოშვების კი არა, ბრძოლის დროა... გვარამიას "განაჩენი" სინამდვილეში საქართველოში ხელისუფლების მიმტაცებლების მიერ საკუთარი თავისთვის გამოტანილი განაჩენია" - სააკაშვილი

საქართველოს მესამე პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის განცხადებით, "მთავარი არხის“ დამფუძნებლის ნიკა გვარამიას მიმართ გამოტანილი "განაჩენი" სინამდვილეში საქართველოში ხელისუფლების მიმტაცებლების მიერ საკუთარი თავისთვის გამოტანილი განაჩენია”.

როგორც მიხეილ სააკაშვილის წერილშია ნათქვამი, ახლა არა ცხვირის ჩამოშვების, არამედ ბრძოლის დროა.

"ნიკა გვარამია თავისუფლებისთვის ბრძოლის, შეუპოვრობის, მოუსყიდლობისა და გამბედაობის სიმბოლოა. მისი "განაჩენი" სინამდვილეში საქართველოში ხელისუფლების მიმტაცებლების მიერ საკუთარი თავისთვის გამოტანილი განაჩენია. ეს რეჟიმის ლპობის ბოლო სტადიაა.

ქართველი ხალხი აუცილებლად გაითავისუფლებს თავს და გაათავისუფლებს ნიკასაც. საქართველო იქნება თავისუფალი და წარმატებული ევროპული ქვეყანა.

ახლა, როგორც არასდროს, ყველა უნდა გაერთიანდეს და ჩვენი წვრილმანი განსხვავება გავწიოთ გვერდით. გამარჯვების ერთადერთი რეცეპტი არის ერთობა. ახლა ცხვირის ჩამოშვების დრო კი არა, ბრძოლის დროა!“,- წერს მიხეილ სააკაშვილი.

ცნობისთვის, "მთავარი არხის“ დამფუძნებელს, ნიკა გვარამიას 3 წლით და 6 თვით პატიმრობა მიესაჯა. კერძოდ, ნიკა გვარამია ტელეკომპანია "რუსთავი 2“-სთვის 6 763 509 ლარის ზიანის მიყენების ფაქტზე, დამნაშავედ იქნა ცნობილი. სასამართლომ ბრალდებულის ქმედება სისხლის სამართლის კოდექსის 182-ე მუხლიდან 220-ე მუხლით დააკვალიფიცირა, რაც სამეწარმეო ორგანიზაციაში უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებას გულისხმობს. აღნიშნულისთვის გვარამიას სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა ჯარიმა 50 000 ლარის ოდენობით.

ასევე, ნიკა გვარამია დამნაშავედ იქნა ცნობილი, სისხლის სამართლის კოდექსის 220-ე მუხლით, რაც სამეწარმეო ორგანიზაციაში უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებას გულისხმობს. მას საბოლოო სასჯელის სახედ და ზომად 3 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა განესაზღვრა. სასამართლოს გადაწყვეტილებით, ნიკა გვარამია გამართლდა სხვა ყველა წარდგენილ ბრალდებაში.

კახაბერ დამენია "ტელეკომპანია "რუსთავი-2“-ისთვის 6 763 509 ლარის ზიანის მიყენების ფაქტზე დამნაშავედ იქნა ცნობილი. დამენიას სისხლის სამართლის კოდექსის 182-ე მუხლიდან 220-ე მუხლზე გადაუკვალიფიცირდა, რაც სამეწარმეო ორგანიზაციაში უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებას გულისხმობს. მას სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა ჯარიმა 50 000 ლარი.

ზურაბ იაშვილი წარდგენილ ბრალდებებში სრულად გამართლდა. მას ბრალი სისხლის სამართლის კოდექსის 221-ე და 362-ე მუხლებით ჰქონდა წარდგენილი, რაც კომერციულ მოსყიდვასა და ყალბი ოფიციალური დოკუმენტის დამზადებას გულისხმობდა.