ავტორი:

"უმაღლესი სარდლობისგან მიღებული ბრძანება შესრულებულია" - "აზოვსტალი" 300-მდე მებრძოლმა დატოვა: პრეზიდენტ ზელენსკის პირველი კომენტარი

"უმაღლესი სარდლობისგან მიღებული ბრძანება შესრულებულია" - "აზოვსტალი" 300-მდე მებრძოლმა დატოვა: პრეზიდენტ ზელენსკის პირველი კომენტარი

უკრაინის თავდაცვის სამინისტრომ დაადასტურა, რომ ალყაში მოქცეული "აზოვსტალის" ფოლადის ქარხნიდან მებრძოლების ევაკუაციის ოპერაცია განხორციელდა. ამის შესახებ ინფორმაცია მედიაში ვრცელდება.

თავდაცვის მინისტრის მოადგილე ანა მალიარმა განაცხადა, რომ 53 მძიმედ დაშავებული მებრძოლი ქალაქ ნოვოაზოვსკში გადაიყვანეს, რომელსაც რუსეთის მიერ მხარდაჭერილი ძალები იკავებენ. კიდევ 211 ადამიანის ევაკუაცია მათ მიერ კონტროლირებად სხვა ადგილას, იელენოვკაში ჰუმანიტარული დერეფნის გამოყენებით განხორციელდა.

ანა მალიარის ინფორმაციით, გათავისუფლებული ჯარისკაცები ტყვედ ჩავარდნილ რუს ჯარისკაცებში გაცვალეს.

მანამდე საინფორმაციო სააგენტო "როიტერსი“ წერდა, რომ ათეულმა ავტობუსმა, რომლითაც უკრაინელი მებრძოლები გადაჰყავდათ, "აზოვსტალის" ტერიტორია დატოვა.

  • უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ "აზოვსტალის" ფოლადის ქარხანაში ჯარისკაცების ევაკუაციასთან დაკავშირებით მის მორიგ ვიდეომიმართვაში ისაუბრა და განაცხადა, რომ აღნიშნულ პროცესში უკრაინული მხარე, "წითელი ჯვარი" და გაერო მონაწილეობენ.

ზელენსკი იმედოვნებს, რომ ჯარისკაცების სიცოცხლეს გადაარჩენენ. მისი თქმით, უკრაინას გმირები ცოცხალი სჭირდება და გრძელდება მუშაობა მათ სახლში მისაყვანად.

"უკრაინელი სამხედროების, უკრაინის შეიარაღებული ძალების, დაზვერვის, მოლაპარაკებების ჯგუფის, "წითელი ჯვრის" საერთაშორისო კომიტეტისა და გაეროს ქმედებების წყალობით ვიმედოვნებთ, რომ შევძლებთ ჩვენი ბიჭების სიცოცხლის გადარჩენას. მათ შორის არიან მძიმედ დაჭრილები, მათ სამედიცინო დახმარება უტარდებათ.

მინდა ხაზი გავუსვა: უკრაინას ცოცხალი სჭირდება უკრაინელი გმირები, ეს არის ჩვენი პრინციპი. ვფიქრობ, ყველა ადეკვატური ადამიანი ამ სიტყვებს გაიგებს. მარიუპოლის დამცველების გადარჩენის ოპერაცია ჩვენმა სამხედრო და დაზვერვის ოფიცრებმა დაიწყეს. ბიჭების სახლში მისაყვანად მუშაობა გრძელდება, ამას დრო სჭირდება", - განაცხადა ზელენსკიმ.

  • აღნიშნულთან დაკავშირებით განცხადება გაავრცელა უკრაინის გენშტაბმაც, სადაც ნათქვამია, რომ აზოვსტალის ქვედანაყოფების მეთაურებმა უმაღლესი სამხედრო სარდლობისგან მიიღეს ბრძანება, გადაერჩინათ პირადი შემადგენლობის სიცოცხლე.

"უმაღლესმა სამხედრო სარდლობამ გასცა ბრძანება "აზოვსტალში“ მყოფი ქვედანაყოფების მეთაურებისთვის, რომ გადაერჩინათ პირადი შემადგენლობის სიცოცხლე. მიმდინარეობს ოპერაცია ქარხნის ტერიტორიაზე ბლოკირებული უკრაინის დამცველების გადასარჩენად", - ნათქვამია ანგარიშში.

მათივე ცნობით, დაიწყო 53 მძიმედ დაჭრილი სამხედრო მოსამსახურის ევაკუაცია, რომლებიც გადაიყვანეს ნოვოაზოვსკის სამედიცინო დაწესებულებაში, ხოლო კიდევ 211 დამცველი ჰუმანიტარული დერეფნით ელენოვკაში გადაიყვანეს. გენშტაბში განმარტავენ, რომ უკრაინის მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე მათი დაბრუნება გაცვლითი პროცედურების გზით მოხდება.

"აზოვსტალის ტერიტორიაზე დარჩენილი დამცველების გადარჩენის ღონისძიებები გრძელდება“, - აცხადებენ გენერალურ შტაბში.

მათი თქმით, გარნიზონმა „მარიუპოლმა“ დაკისრებული საბრძოლო ამოცანა შეასრულა.

"მარიუპოლის დამცველები ჩვენი დროის გმირები არიან. ისინი სამუდამოდ შევიდნენ ისტორიაში. „აზოვსტალზე“ პოზიციების შენარჩუნებით, ისინი მტერს არ აძლევდნენ უფლებას 17-მდე საბატალიონო-ტაქტიკური ჯგუფი (დაახლოებით 20 000 პერსონალით) სხვა მიმართულებით გადაეყვანა, რითაც აღკვეთეს ზაპოროჟიეს სწრაფად აღების გეგმა, ხელი შეუშალეს მოწინააღმდეგეს დონეცკისა და ზაპოროჟიეს ოლქების ადმინისტრაციულ საზღვრებამდე მიღწევაში და გაერთიანებული ძალების ოპერაციის დაჯგუფებების ალყაში მოქცევის პირობების შექმნაში“, - აცხადებენ შტაბში.

მათი თქმით, მტრის მთავარი ძალების „მარიუპოლის“ გარშემო შებოჭვამ უკრაინის შეიარაღებულ ძალებს მომზადების საშუალება მისცა.

"ჩვენ მივიღეთ კრიტიკულად საჭირო დრო რეზერვების შესაქმნელად, ძალების გადაჯგუფებისთვის, პარტნიორებისგან დახმარების მისაღებად. უკრაინისა და მთელი მსოფლიოსთვის ყველაზე მნიშვნელოვანი საერთო ამოცანა მარიუპოლის დამცველების სიცოცხლის გადარჩენაა. ჩვენ ვიბრძოლებთ ყველა თქვენგანისთვის ყველა ფრონტზე ისეთივე თავდადებით, როგორც თქვენ იცავთ სახელმწიფოს!“ - აცხადებენ გენშტაბში.