ავტორი:

"ბედნიერი ვარ, რომ ეს ჯოჯოხეთი დასრულდა... იქ იმყოფებოდა ჩემი ოჯახის წევრი, ის ჯანმრთელია" - რას ჰყვება "აზოვსტალის" ჯოჯოხეთს გამოქცეულის ახლობელი?

"ბედნიერი ვარ, რომ ეს ჯოჯოხეთი დასრულდა... იქ იმყოფებოდა ჩემი ოჯახის წევრი, ის ჯანმრთელია" - რას ჰყვება "აზოვსტალის" ჯოჯოხეთს გამოქცეულის ახლობელი?

მთელი ღამის განმავლობაში მსოფლიო თვალს ადევნებდა "აზოვსტალის" ქარხნიდან დაჭრილი სამხედროების გაყვანის პროცესს. თავდაპირველად ინფორმაცია, ფოტო და ვიდეო მასალა ბრიტანულმა სააგენტო Reuters-მა თვითმხილველზე დაყრდნობით გავრცელა, რომლით თანახმად ქარხნის ტერიტორია დაახლოებით ათმა ავტობუსმა დატოვა, სადაც უკრაინელი სამხედროები იმყოფებოდნენ.

მოგვიანებით, უკრაინულ მედიაშიც გავრცელდა დადასტურებული ინფორმაცია, რომ "აზოვსტალიდან" მძიმედ დაჭრილი უკრაინელი სამხედროების ევაკუაცია განხორციელდა. მედიის ცნობით, ისინი დატყვევებულ რუს სამხედროებში გაცვალეს.

ლეგენდარული ბატალიონის "აზოვის" მეთაურმა დენის პროკოპენკომ სოციალური ქსელ "ტელეგრამის" მეშვეობით გაავრცელა განცხადება, რომელშიც აღნიშნავს, რომ მარიუპოლის დამცველები უმაღლესი სამხედრო მეთაურობის გადაწყვეტილებას ასრულებენ და უკრაინელი ხალხის მხარდაჭერის იმედი აქვთ.

მეთაური ვიდეომიმართვაში აცხადებს, რომ ისინი 82 დღის განმავლობაში იგერიებდნენ მოწინააღმდეგის უმაღლეს ძალებს და უკრაინის არმიას მისცეს შესაძლებლობა გადაჯგუფებულიყვნენ, მოემზადებინათ მეტი პირადი შემადგენლობა და მიეღოთ დიდი რაოდენობით შეიარაღება პარტნიორი ქვეყნებისგან.

"ვერცერთი შეიარაღება ვერ იმუშავებს პროფესიონალურად მომზადებული სამხედროების გარეშე, რაც მათ არმიის ყველაზე ღირებულ ელემენტად აქცევს. სიცოცხლის შენარჩუნების მიზნით მარიუპოლის მთელი გარნიზონი ასრულებს უმაღლესი სამხედრო მეთაურობის დამტკიცებულ გადაწყვეტილებას..." - ნათქვამია პროკოპენკოს მიმართვაში.

მარიუპოლის ჯოჯოხეთს გამოქცეული უკრაინელი ლამარა მებონია AMBEBI.GE-სთან საუბარში ამბობს, რომ ქარხანაში მისი ოჯახის წევრი იმყოფებოდა და იცოდა იმ უმძიმესი ვითარების შესახებ, რაც რუსი ოკუპანტების ინტენსიური აგრესიის სამიზნედ ქცეულ დაწესებულებაში ხდებოდა...

"ერთადერთი იმის თქმა შემიძლია, რომ ბედნიერი ვარ, რომ ეს ჯოჯოხეთი დასრულდა. თუ სადმე ამქვეყნიური ჯოჯოხეთი არსებობს, ეს "აზოვსტალი" იყო, ბოლო დღეების განმავლობაში... დიდი იმედი მაქვს, რაღაც შეთანხმება, მოლაპარაკება არსებობს და ასობით ადამიანი ტანჯვით სიკვდილს გადაურჩა. ელემენტარული ნივთები არ ჰქონდათ, დაჭრილებს ჭრილობასაც კი ვეღარ უმუშავებდნენ. უფლება არ მაქვს დავაკონკრეტო, მაგრამ იქ ჩემი ოჯახის წევრი იმყოფებოდა. ის ჯანმრთელია, მაგრამ იმას ვგულისხმობ, რომ ფიზიკური იარა არ აქვს, თორემ 82 დღე საშინელება გამოიარეს. ჯერ მშვიდობიანი მოსახლეობის, ბავშვების, ქალების, მოხუცების ტანჯვა, შემდეგ დაჭრილი თანამებრძოლები. ისინი გმირები არიან. შენობის ნაწილი რომ ჩაინგრა, არაერთი მებრძოლი დაიღუპა. არ ჰქონდათ წყალი, საკვები, ჰაერიც კი...

მე და ჩემმა ოჯახმაც 17-დღიანი ბლოკადა გამოვიარეთ, არავის ვუსურვებ იმის ნახვას, რაც ვნახეთ. ჩემი ულამაზესი ქალაქი ნაცარტუტად აქციეს. ოჯახის რამდენიმე წევრზე მხოლოდ გადმოცემით ვიცი, რომ ცოცხალია, არ ვიცი, როდის გავარკვევ სიმართლეა თუ არა... იმ ტერიტორიაზე ალბათ ათასობით ცხედარია, ჩვენების, მოწინააღმდეგის. აზოვსტალი უკრაინის ჯოჯოხეთად დარჩება" - გვიყვება ლამარა მებონია.