ავტორი:

"ნიკა გვარამიაც და მიხეილ სააკაშვილიც ტყვეები არიან... მოვუწოდებ ჩემს კოლეგებს, ნუ გავლენ აქციაზე, ჯერ უნდა მოვემზადოთ აქციებისთვის" - იაგო ხვიჩია

"ნიკა გვარამიაც და მიხეილ სააკაშვილიც ტყვეები არიან... მოვუწოდებ ჩემს კოლეგებს, ნუ გავლენ აქციაზე, ჯერ უნდა მოვემზადოთ აქციებისთვის" - იაგო ხვიჩია

ნიკა გვარამიაც და მიხეილ სააკაშვილიც ტყვეები არიან - ეს არ ემსახურება მართლმსაჯულების და კანონიერების ინტერესებს, არამედ ქვეყნის საზიანო ინტერესებს, - ამის შესახებ ჟურნალისტებთან "გირჩის" დეპუტატმა იაგო ხვიჩიამ განაცხადა.

მისი თქმით, ახლა, როცა ქვეყანა კანდიდატის სტატუსს ელოდება, გვარამიას დაკავება "არაფერში წერია და ეს სამართლიან სასამართლოსთან კავშირში არაა."

"მგონია, რომ ნიკა გვარამიაც და სააკაშვილიც, ჩხუბის შედეგად რომ გამარჯვებული დამარცხებულს ატყვევებს, ამ მდგომარეობაში არიან, შესაბამისად, ტყვეები არიან. უკვე არანაირი ეჭვები არ არსებობს და არც არსებობდა იმასთან დაკავშირებით, მიკერძოებულია თუ არა სასამართლო, ჩვენ ისტორიულად ყოველთვის მიკერძოებული სასამართლო გვქონდა. შესაბამისად, ეჭვები, რომელზეც პარტნიორები საუბრობენ, მგონი, უბრალოდ დიპლომატიური ზრდილობის ამბავია,"- განაცხადა ხვიჩიამ.

ამასთან, ხვიჩია ვერ ხედავს აზრს პრეზიდენტის მიმართ მოწოდებებში, რომ გვარამია ან სააკაშვილი შეიწყალოს, რადგან მიაჩნია, რომ სალომე ზურაბიშვილი "ქართული ოცნების" გუნდის წევრია. რაც შეეხება აქციებს, დეპუტატი მიიჩნევს, რომ გეგმის გარეშე აქციის გამართვა შედეგს ვერ გამოიღებს, ამიტომ პოლიტიკურმა კლასმა გარკვეული პერიოდით აქციებზე უარი უნდა თქვას.

"მოვუწოდებ ჩემს კოლეგებს, თვითონაც ნუ გავლენ აქციაზე, ჯერ უნდა მოვემზადოთ აქციებისთვის, იდეა უნდა გვქონდეს აქციის. პოლიტიკურმა კლასმა უნდა თქვას, რომ არ გავლენ აქციაზე, თუ ხალხს უნდა გასვლა, გავიდეს, ჩვენ უნდა შევთანხმდეთ იდეაზე, თუ რას ვთავაზობთ ქართველ ხალხს "ქართული ოცნების" სანაცვლოდ და რას ვთავაზობთ ყველაზე მეტად ეს უნდა იყოს პოლიტიკური ველის ცვლილება, რასაც თუ რაიმე გამოიწვევს, გამოიწვევს "ნაცმოძრაობის" დაშლა", - განაცხადა ხვიჩიამ.