ავტორი:

"კიდევ უფრო გამოჩნდა ოკუპანტების სიმახინჯე, სიამოვნებას ანიჭებთ უკრაინელების მოკვლა" - რუსმა დამპყრობლებმა ბუჩაში პატარა გოგონას ფორტეპიანოში ნაღმი დატოვეს

"კიდევ უფრო გამოჩნდა ოკუპანტების სიმახინჯე, სიამოვნებას ანიჭებთ უკრაინელების მოკვლა" - რუსმა დამპყრობლებმა ბუჩაში პატარა გოგონას ფორტეპიანოში ნაღმი დატოვეს

უკრაინელმა ოჯახმა, რომელიც ბუჩაში, გაძარცვულ სახლში რუსული ძალების წასვლის შემდეგ დაბრუნდა, აღმოაჩინა, რომ მტრის ჯარისკაცებს მათთვის სასიკვდილო სიურპრიზი დაუტოვებიათ. ოჯახმა მათი ქალიშვილის ფორტეპიანოში ჩატოვებული ნაღმი იპოვა.

როცა თებერვლის ბოლოს ბუჩაში რუსული ჯარი შევიდა, ტატიანა მონკო და მისი ქმარი იძულებულები გახდნენ თავიანთი ორი მცირეწლოვანი შვილი წაეყვანათ და გაქცეულიყვნენ.

ოჯახი ცენტრალურ უკრაინაში გაემგზავრა და ცოლ-ქმარს წარმოდგენა არ ჰქონდა, როდის ან როგორ შეძლებდნენ სახლში დაბრუნებას. "რუსების ამ მოღალატურმა თავდასხმამ ჩვენი ცხოვრება გაანადგურა," - ამბობს ტატიანა მონკო.

ბუჩაში ოკუპანტებმა წარმოუდგენელი ტრაგედია დაატრიალეს. ქალაქში ასობით მშვიდობიანი მოქალაქე დაიღუპა. ოფიციალური პირების თქმით, აქ რუსებმა არაერთი სამხედრო დანაშაული ჩაიდინეს და ათასობით აუფეთქებელი ნაღმი და რაკეტა დატოვეს.

"ჩვენი შვილები მშვიდობისა და ერთმანეთის სიყვარულით აღვზარდეთ და არ გვესმის, დღევანდელ ცხოვრებაში, როგორ შეუძლია რუსეთს ასეთი საშინელებების კეთება. მთელი მსოფლიო ხედავს, თუ რას სჩადიან,"- თქვა მონკომ.

როცა მონკო და მისი ოჯახი საბოლოოდ დაბრუნდა ბუჩაში, აღმოაჩინეს, რომ მათი სახლი რუს ჯარისკაცებს ჰქონიათ დაკავებული. მონკო ყვება, როგორ გაანადგურეს მათი ტრადიციული უკრაინული სამოსი, მისი გოგონას ოთახში პლაკატები ჩამოხიეს და მისი აკორდეონიც კი მოიპარეს.

უკრაინელი სამხედროები სახლის შესამოწმებლად ორჯერ მივიდნენ, მაგრამ მათ ასაფეთქებელ ნივთიერებებს ვერ მიაგნეს.

ფორტეპიანო მონკოების ქალიშვილის, დაშას საყვარელი ინსტრუმენტია და მათი სახლის ცენტრში დგას. როცა ინსპექციის შემდეგ გოგონა ფორტეპიანოსთან დასაკრავად დაჯდა, ზოგი კლავიში აღარ მუშაობდა. ამან მონკოებს ეჭვი გაუჩინა და მათი თხოვნით სამხედრო ინსპექტორები კვლავ დაბრუნდნენ სახლში ინსტრუმენტის შესამოწმებლად. საბოლოოდ, აქ VOG-25P ყუმბარმტყორცნი ამოიღეს.

"ეს ფოტო იმათ სიმახინჯეს ასახავს, ვინც თავს დაგვესხა. არა მხოლოდ სახელმწიფოს ლიდერები, უბრალო ადამიანებიც ასეთები არიან, რადგან სწორედ მათ ჩაიდინეს ასეთი რამ. სიამოვნებას ანიჭებთ უკრაინელების მოკვლა. ეს ნამდვილი გენოციდია.. საშინელებაა, როცა მსოფლიო რუსეთთან მოლაპარაკებას ცდილობს იმის გაუაზრებლად, რომ სასწორზე ჩვენი სიცოცხლე დევს. თავად ის აქტი, რომ მათ ნიჭიერი ბავშვისთვის ასაფეთქებელი დატოვეს - თავისთავად მეტყველებს მათ არაადამიანობაზე," - ამბობს მონკო.

მიუხედავად გამოვლილი სიძნელეებისა, ის მაინც იმედით უყურებს მომავალს და ამბობს: "ეს ომი ჩვენი უფლებებისთვის ბრძოლაა. ამისთვის ვიბრძვით და საბოლოოდ, ჩვენ გავიმარჯვებთ!"

წყარო: businessinsider

მოამზადა: ანა სიბოშვილმა