ავტორი:

იაპონიაში, კორონავირუსით დაზარალებული ოჯახებისთვის განკუთვნილი 358 000 დოლარი, მამაკაცმა კაზინოში გაფლანგა - როგორ მოხვდა თანხა მის ანგარიშზე?

იაპონიაში, კორონავირუსით დაზარალებული ოჯახებისთვის განკუთვნილი 358 000 დოლარი, მამაკაცმა კაზინოში გაფლანგა - როგორ მოხვდა თანხა მის ანგარიშზე?

იაპონელი მამაკაცი, რომელსაც შემთხვევით კორონავირუსით დაზარალებულთა დასახმარებელი ფონდის თანხა - 358 000 დოლარი ჩაერიცხა, გამოტყდა, რომ მთელი ფული, ორი კვირის განმავლობაში, ონლაინკაზინოში გაფლანგა. შემთხვევა დასავლეთ იაპონიის ქალაქ აბუში მოხდა.

ადგილობრივი სამთავრობო პროგრამის დასაფინანსებელი თანხა 24 წლის მამაკაცს აპრილში ჩაერიცხა საბანკო ანგარიშზე. იმის ნაცვლად, რომ მისთვის, ისევე, როგორც დანარჩენი 462 გაჭირვებული ოჯახისთვის გამოყოფილი თანხა - 100 000 იენი (774 $) ჩაერიცხათ, ოფიციალურ პირებს შეცდომა მოუვიდათ და ყველა რეზიდენტისთვის ჩასარიცხი თანხა ამ ერთ ადამიანს გადაურიცხეს.

მას შემდეგ, რაც ადგილობრივი ოფიციალური პირები თავიანთ შეცდომას მიხვდნენ, 12 მაისს სარჩელი შეიტანეს და სასწრაფოდ თანხის უკან დაბრუნება მოითხოვეს, მაგრამ მამაკაცთან დაკავშირება ვერ მოხერხდა.

24 წლის კაცი, რომელიც მარტო ცხოვრობს, ახლახან წამოვიდა სამსახურიდან და უმუშევარია. საბოლოოდ ის მაინც დათანხმდა ფულის უკან დაბრუნებაზე, მაგრამ გარკვეული დროის შემდეგ განაცხადა, რომ თანხა მის ანგარიშზე აღარ ირიცხებოდა. მართლაც, ჩანაწერებმა უჩვენა, რომ რეზიდენტებისთვის გამოყოფილი ფული, მისი ანგარიშიდან 8-21 აპრილამდე პერიოდში გაიტანეს.

მამაკაცის ადვოკატმა განაცხადა, რომ ახალგაზრდამ მთელი თანხა ონლაინკაზინოში დახარჯა და რომ მისი კლიენტისთვის "ძნელი“ იქნება ფულის უკან დაბრუნება, რადგან ის არ ფლობს რაიმე ქონებას".

აბუს მერი, ნორიჰიკო ჰამადა, მამაკაცის საქციელს "უპატიებელს“ უწოდებს და პირობას იძლევა, რომ ქალაქი ყველაფერს გააკეთებს იმისთვის, რომ დაკარგული თანხები აღადგინოს. მაგრამ საწინააღმდეგო აზრზე არიან იურიდიული ექსპერტები და მათ ფულის დაბრუნების არანაირი იმედი არ აქვთ: "იმ შემთხვევაშიც კი, თუ ქალაქი სასამართლოს მოიგებს, თუ ამ პიროვნებას არ გააჩნია ქონება, ამ ყველაფერს აზრი არ ექნება“.

მიუხედავად გამოწვეული არეულობისა, იმ მცირეშემოსავლიან ოჯახებს, რომელთათვის განკუთვნილი თანხებიც მამაკაცმა კაზინოში გაფლანგა, საბოლოოდ, მაინც დაურიგდათ კუთვნილი 100 000 იენი.

წყარო: theguardian

მოამზადა: ანა სიბოშვილმა