ავტორი:

"ვაფასებთ გაეროში კენჭისყრისას საქართველოს მხარდაჭერას, ვიცით, რამდენად რთულია თქვენთვის რუსეთის წინააღმდეგ წასვლა" - ჯოზეფ ბორელი

"ვაფასებთ გაეროში კენჭისყრისას საქართველოს მხარდაჭერას, ვიცით, რამდენად რთულია თქვენთვის რუსეთის წინააღმდეგ წასვლა" - ჯოზეფ ბორელი

ჩვენ ძალიან ვაფასებთ გაეროში [უკრაინის საკითხზე] კენჭისყრისას საქართველოს მხარდაჭერას, ვიცით რამდენად რთულია თქვენთვის რუსეთის წინააღმდეგ წასვლა, მაგრამ ჩვენ ასევე უნდა გთხოვოთ სანქციების აღსრულება, რათა საფრთხე არ შეექმნას მათ ეფექტურობას , - ამის შესახებ საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა, ევროკომისიის ვიცე-პრეზიდენტმა ჯოზეფ ბორელმა საქართველოს პრემიერ-მინისტრთან ირაკლი ღარიბაშვილთან შეხვედრის შემდეგ ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.

ბორელის თქმით, საქართველოს მთავრობის მეთაურთან უკრაინაში შეჭრის გამო რუსეთის წინააღმდეგ დაწესებული სანქციები, ე.წ სამხრეთ ოსეთში არსებული ვითარება და იქ დაგეგმილი ე.წ რეფერენდუმი, ისევე როგორც ევროკავშირის წევრობის განაცხადი განიხილეს.

"ჩვენ ვიზიარებთ საქართველოს პრემიერ-მინისტრის შეშფოთებას [ე.წ სამხრეთ ოსეთში] დაგეგმილ რეფერენდუმთან დაკავშირებით, რომელსაც ჩვენ არალეგიტიმურად მივიჩნევთ და არ ვაღიარებთ. ჩვენ გავაგრძელებთ საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის მხარდაჭერას“, - აღნიშნა ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა.

ევროკავშირში წევრობაზე საქართველოს განაცხადზე საუბრისას, ბორელმა აღნიშნა, რომ ეს შესაძლებლობის ფანჯარაა, როდესაც რეფორმების დაჩქარება უნდა მოხდეს.

"ეს არის შესაძლებლობის ფანჯარა. მომენტი, როდესაც რეფორმების დაჩქარება უნდა მოხდეს, რომ თავიდან იქნას აცილებული ნებისმიერი სახის პოლიტიკური პოლარიზაცია, რომ რეფორმების კურსის გაგრძელება მოხდეს, განსაკუთრებით მართლმსაჯულების სისტემაში, რადგან ეს არის ის საკითხები, რომლებიც არის საკვანძო“, - დასძინა ევროკომისიის ვიცე-პრეზიდენტმა.

ჯოზეფ ბორელის თქმით, ევროკავშირი არის პოლიტიკური სისტემა, რომელიც კანონის უზენაესობაზეა დაფუძნებული. მისი განცხადებით, დამოუკიდებელი სასამართლო, რომელიც სრულად ანგარიშვალდებულია და რომელსაც მოქალაქეების ნდობა აქვს ისაა, რასაც ევროგაერთიანება ნებისმიერი კანდიდატისგან მოითხოვს.