ავტორი:

ხმოვანი გიფების გაგზავნის შესაძლებლობა სოციალურ ქსელებში - სტუდენტების სტარტაპი, რომელმაც BTU-ს დაფინანსება მოიპოვა

ხმოვანი გიფების გაგზავნის შესაძლებლობა სოციალურ ქსელებში - სტუდენტების სტარტაპი, რომელმაც BTU-ს დაფინანსება მოიპოვა

ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტის ორგანიზებით გამართული სტუდენტური სტარტაპების საგრანტო კონკურსის გამარჯვებული ცნობილია: სტარტაპმა KIKLIKO 7 სხვადასხვა ორგანიზაციის წარმომადგენლის მიერ დაკომპლექტებული კომისიის ყველაზე დიდი მოწონება დაიმსახურა და BTU-სგან 5 000-ლარიანი გრანტით დაჯილდოვდა.

გამარჯვებული პროექტი KIKLIKO გულისხმობს ხმოვან გიფებს, რომელთა გამოყენება სხვადასხვა ინტერნეტ პლატფორმაზე იქნება შესაძლებელი.

„დიდი ხანია, რაც სტარტაპ-იდეაზე ვმუშაობთ, ვართ საკმაოდ გამოცდილი გუნდი და გვჯერა, რომ ამ პროექტს დიდი შესაძლებლობები აქვს. ვინაიდან ვარ BTU-ს სტუდენტი, მოგვეცა შესაძლებლობა, მონაწილეობა მიგვეღო კონკურსში, რაც საკმაოდ კარგი გამოცდილება იყო. მადლობა BTU-სა და ჟიურის ყველა წევრს, რომ სტარტაპ ინდუსტრიის განვითარებასა და სტუდენტებზე ზრუნავენ და რომ მსგავს შესაძლებლობებს ქმნიან,“ - აღნიშნა სტარტაპ KIKLIKO-ს წარმომადგენელმა სალომე მერებაშვილმა.

გამარჯვებულთან ერთად სხვადასხვა პრიზით დაჯილდოვდნენ კომისიის წევრთა რჩეულები: სტარტაპმა „სტუმრობა“ Shark Tank Georgia-ს წარმომადგენლის ქეთი ქვარცხავასგან 2,000 ლარი მიიღო; სტარტაპი Wampler-ი Axel-მა საქართველოს Angel ინვესტორების ქსელის დახურულ ფიჩინგ დღეზე მიიწვია Pre-seed smart money-ის მოზიდვის მიზნით და სტარტაპ Tech up-ს სტარტაპმა „საქართველომ“ 6,000 დოლარის ციფრული სერვისები გადასცა.

სტუდენტური სტარტაპების საგრანტო კონკურსის მნიშვნელობა და დემო დღეზე წარმოდგენილი იდეები შეაფასა ბიზნესის და ტექნოლოგიების უნივერსიტეტის მეწარმეობის ცენტრის ხელმძღვანელმა თაკო ჯაფარიძემ:

„ვუმასპინძლეთ სტუდენტური სტარტაპების საგრანტო კონკურსის დემო დღეს, რომელიც ყოველწლიურად იმართება, თუმცა წელს შემოვიტანეთ დაფინანსების კომპონენტი, რაც მათ სტარტაპის განვითარებაში დაეხმარება. ღონისძიების შემდეგ სტუდენტებს საშუალება აქვთ, მეწარმეობის ცენტრში გაიარონ ინდივიდუალური კონსულტაციები და ჩვენ ინვესტორებთან კომუნიკაციაში კიდევ უფრო დავეხმარებით,“ - აღნიშნა თაკო ჯაფარიძემ.

კომისიის წევრების შეფასებით, მსგავსი საგრანტო კონკურსები ახალგაზრდებში ტექნოლოგიების სფეროს პოპულარიზაციისა და საქართველოში სტარტაპ ეკოსისტემის განვითარებისთვის მნიშვნელოვანია:

„სტარტაპ ეკოსისტემის განვითარებას სჭირდება ძალიან აქტიური ჩართულობა, ბაზის შექმნა და ძალიან მნიშვნელოვანია, რასაც ბიზნესის და ტექნოლოგიების უნივერსიტეტი აკეთებს. კონკრეტულად ტექნიკური მიმართულებისთვის ყურადღების მიქცევა, ახალგაზრდებისთვის სწავლება ძალიან მნიშვნელოვანია, რათა ჩამოყალიბდნენ კადრები, რომელთაც შესწევთ უნარი, რაღაც ახალი მოიგონონ, გაეცნონ საერთაშორისო ტენდენციებს და შემდეგ ეს სათავისოდ გამოიყენონ. ჩემი აზრით, ჩვენს ქვეყანას შეუძლია ტექნოლოგიურ განვითარებაში თავისი სიტყვა თქვას, შექმნას რაღაც ახალი, ინოვაციური, თუნდაც იუნიქორნები და ეს იქნება დასაწყისი. დიდ გარღვევაზე საუბარი ჯერ ადრეა, თუმცა ამას სჭირდება წინასწარი მოსამზადებელი სამუშაოები,“ - განაცხადა Angel ინვესტორმა, Shark Tank Georgia-ს წარმომადგენელმა და იურიდიული ფირმა BLC-ის მმართველმა პარტნიორმა ქეთი ქვარცხავამ.

„წამოვიდა სტარტაპების ახალი თაობა, ვხედავ ახალ სახეებს, პროექტებსა და იდეებს. წელს შეინიშნება ძალიან დიდი ნახტომი და სწრაფი ზრდა. 2016 წლიდან დღემდე ძალიან ბევრი ტალანტი აღმოვაჩინეთ. ეს კონკურსიც სწორედ ასეთი ტალანტების აღმოჩენას ეძღვნება, რომელთათვისაც გამოყოფილია სიმბოლური ჯილდო, ასევე, არსებობს ქვეყანაში სხვადასხვა ხელმისაწვდომი რესურსი, როგორც ფინანსური, ისე მენტორინგის თვალსაზრისით. კიდევ ბევრია გასაკეთებელი და საბოლოო ჯამში, ჩვენ მივიღებთ ტექნოლოგიურ საქართველოს და გლობალურ სტარტაპ რუკაზე ჩვენი ქვეყანა მნიშვნელოვან პოზიციას დაიკავებს,“ - აღნიშნა Startup Buro-ს თანადამფუძნებელმა გური ქოიავამ.

სტუდენტური სტარტაპების საგრანტო კონკურსის კომისია დაკომპლექტებული იყო ისეთი ორგანიზაციების წარმომადგენლებით, როგორიცაა: MIT - Anna Eckhoff; GITA - მარიამ შარანგია; Globalize - სალომე კუკავა; Shark Tank Georgia - ქეთი ქვარცხავა Startup Georgia - ლაშა გორგოშიძე; TBC - ანკა თოთიბაძე და Startup Buro - გური ქოიავა.

ღონისძიების მომდევნო ეტაპზე კი გაიმართა ტექნოლოგიების სფეროში წარმატებული სტუდენტების Showcase - Pitch Yourself, რომელმაც გააერთიანა საერთაშორისო IT კომპანიებსა და ამ სფეროში მომუშავე BTU-ის სტუდენტები, მათ საკუთარი პორტფოლიოსა და სამუშაოს მოძიების შესაძლებლობა მისცა.

სტანდარტული გასაუბრების ნაცვლად, ღონისძიებამ მონაწილეს შესაძლებლობა მისცა, დემონსტრირება დემონსტრირება გაეკეთებინა საკუთარ ცოდნისა და უნარებისთვის ტექნოლოგიებში და/ან დასაქმებულიყო ვაკანტურ პოზიციაზე. Pitch შესაძლოა მოიცავდეს: Web/Mobile/Android აპლიკაციას, Web/Mobile/Android დიზაინს, UI/UX დიზაინ პროექტს, ალგორითმს/კოდს, შექმნილს ნებისმიერი პროგრამული ენის გამოყენებით, ღია წყაროების ანალიზს და სხვას - ყველაფერს, რაც დღეს ტექნოლოგიების სფეროში, დასაქმების ბაზარზე მოთხოვნადია.

BTU-ის ერთ-ერთი სტუდენტი, რომელმაც დამსაქმებლებს საკუთარი გამოცდილებისა და უნარების შესახებ პრეზენტაცია ჩაუტარა, დავით დანელია იყო. ის ერთი თვის წინ მსოფლიო მასშტაბის კომპანია Microsoft-ის თანამშრომელი გახდა. როგორც თავად აღნიშნავს, მსგავსი ღონისძიებები მნიშვნელოვანია არა მხოლოდ ახალი სამსახურებრივი შეთავაზებების მისაღებად, არამედ განვითარებისა და საკუთარი უნარების გასაუმჯობესებლადაც.

„ღონისძიებამ სტუდენტებს შესაძლებლობა მისცა, რომ გაზარდონ კავშირები, შეიძლება, ზოგიერთმა მათგანმა დღევანდელი დღის შემდეგ გასაუბრებაც გაიაროს. ასევე, გაქვს განვითარების შესაძლებლობაც. მაგალითად, თუ ხარ დასაქმებული, მაგრამ უფრო უკეთეს სამსახურს ეძებ, ბევრად გაგიმარტივდება რეკრუიტერებთან საუბარი და შეიძლება კარგი შემოთავაზებებიც მიიღო. ჩემს პრეზენტაციაში აქცენტები მქონდა გამოცდილებაზე, რომელიც დავაგროვე. ასევე, ერთი თვის წინ ჩემი პროფესიით მუშაობა დავიწყე Microsoft-ში და ერთ-ერთი ფოკუსი ამ სფიჩში იყო იმაზე, რომ შეგიძლია, ყველაფერს მიაღწიო, თუკი საკუთარ თავზე მუშაობ და მაღალი მოტივაცია გაქვს, რადგან თავდაპირველად კომპანიისგან უარი მივიღე, თუმცა შემდეგ საკუთარ თავზე ვიმუშავე და ერთი წლის შემდეგ მისი დიდი გუნდის წევრი გავხდი“, - აღნიშნა BTU-ის სტუდენტმა.

ღონისძიება დამსაქმებლებისთვის ნაყოფიერად დასრულდა, რადგან მათ პრეზენტაციების შემდეგ გამართულ Networking-ზე გასაუბრებები ჩანიშნეს.

როგორც „თიბისის“ IT ტალანტების მართვის მენეჯერმა ირინა მაჭავარიანმა აღნიშნა, ამგვარი კომუნიკაცია როგორც დამსაქმებლისთვის, ისე სტუდენტებისთვის უმნიშვნელოვანესია.

„თიბისისთვის“, როგორც ტექდამსაქმებლისთვის, ძალიან მნიშვნელოვანია სტუდენტებთან და ტექნოლოგიებით დაინტერესებულ პირებთან ახლო კომუნიკაცია და, შესაბამისად, ასეთი სესიები აქტიურად უნდა ტარდებოდეს. ვფიქრობთ, რომ აღნიშნული სფეროთი დაინტერესებული ადამიანების ახლოს გაცნობა და მათთან საუბარი ძალიან მნიშვნელოვანია.

კომუნიკაცია მქონდა სტუდენტებთან Data Science-ის და ასევე, Cyber Security-ის მიმართულებით და უკვე ჩავნიშნეთ ორი გასაუბრება. მათ აუცილებლად გავაცნობთ ჩვენი კომპანიის ინტერესების შესახებ დეტალებს, სტუდენტებისგანაც მოვისმენთ და იმედი გვაქვს, რომ ჩვენი თანამშრომლობა წარმატებულად დასრულდება,“ - აღნიშნა „თიბისის“ წარმომადგენელმა.

აღსანიშნავია, რომ ბიზნესის და ტექნოლოგიების უნივერსიტეტი მსგავსი ღონისძიებების სერიის გამართვას მომავალშიც გეგმავს, რაც კომპანიებს მათთვის მისაღები კადრის შერჩევაში, ხოლო სტუდენტს სასურველ პოზიციაზე დასაქმებაში დაეხმარება.

ბიზნესის და ტექნოლოგიების უნივერსიტეტმა ორივე ღონისძიება გამართა Techworking Georgia-ს ფარგლებში, რომელმაც გააერთიანა სტუდენტური სტარტაპების საგრანტო კონკურსი, Pitch Yourself - სტუდენტების Showcase და Angel ინვესტორებთან Networking სესია, რომლის ერთ-ერთი მთავარი კომპონენტი Rakuten Viber–ის წარმომადგენლის, დორინგ ჰოფტის, გამოსვლა თემაზე “Tech Landscape of Georgia“.