ავტორი:

"ხელთ გვაქვს, ფაქტობრივად, 21-ე საუკუნის მსოფლიოს კონსტიტუცია იუველ ნოა ჰარარისგან" - ჩვენი დროის მოაზროვნე ახალ მსოფლიო წესრიგსა და ტექნოლოგიების გავლენაზე: ინტერვიუ "პალიტრანიუსის" ეთერში

"ხელთ გვაქვს, ფაქტობრივად, 21-ე საუკუნის მსოფლიოს კონსტიტუცია იუველ ნოა ჰარარისგან" - ჩვენი დროის მოაზროვნე ახალ მსოფლიო წესრიგსა და ტექნოლოგიების გავლენაზე: ინტერვიუ "პალიტრანიუსის" ეთერში

ისტორიკოსი, მწერალი, ფილოსოფოსი, ადამიანი, რომელიც თანამედროვე მსოფლიოში ერთ-ერთ ყველაზე საინტერესოდ მოაზროვნედ მიიჩნევა და რომელმაც საზოგადოებას ისტორია, ასევე მომავლის პერსპექტივა სულ სხვაგვარი რაკურსით აჩვენა - ვსაუბრობთ ჩვენი ეპოქის ყველაზე დამაფიქრებელი წიგნების ავტორზე, იუვალ ნოა ჰარარიზე. "პალიტრანიუსმა" მოახერხა და ჩაწერა მასთან ინტერვიუ, რომლის ნახვაც დღეს 18.30-ზე, გადაცემა "რეზიუმეში" შეგიძლიათ.

"ჩვენ ხელთ გვაქვს, ფაქტობრივად, 21-ე საუკუნის მსოფლიოს კონსტიტუცია იუველ ნოა ჰარარისგან და გზამკვლევი ქართველი ახალგაზრდებისთვის ტექნოლოგიური რევოლუციის ეპოქაში", - ამბობს ambebi.ge - სთან ექსპერტი ხათუნა ლაგაზიძე, რომელმაც ინტერვიუ ჩაწერა.

  • ვინ არის იუვალ ნოა ჰარარი?

ებრაელი მწერალი იერუსალიმის ებრაული უნივერსიტეტის ისტორიის დეპარტამენტის პროფესორია. ავტორია რამდენიმე სამეცნიერო ბესტსელერის - "საპიენსი: მოკლე ისტორია კაცობრიობის შესახებ.“ "ჰომო დეუსი: ხვალინდელის მოკლე ისტორია“ და "21 გაკვეთილი 21-ე საუკუნისთვის."

მათ შორის ყველაზე პოპულარული "საპიენსია", წიგნი, რომელმაც ჰარარის აღიარება და არაერთი ჯილდო მოუტანა. ეს წიგნი 12 მილიონზე მეტ ეგზემპლარად გაიყიდა.

მისი წიგნების მთავარი თემა აწმყო და უახლოესი მომავალია. ავტორი წერს დასაბუთებულ პროგნოზებს იმის შესახებ, თუ როგორი შეიძლება იყოს კაცობრიობის მომავალი მომდევნო ათწლეულებში.

საკუთარ თავს ისტორიკოსსა და ფილოსოფოსს უწოდებს. საუბრობს მომავალში შესაძლო ბიომეტრულ მონიტორინგზე, კონტროლზე, რომელიც ჰარარის აზრით, კორპორაციებსა და მთავრობებს ადამიანების სრულ მონაცემებზე წვდომის შესაძლებლობას მისცემს.

  • "ეცოდინებათ ადამიანების სურვილების, ვალდებულებების შესახებ, ეცოდინებათ უფრო მეტი, ვიდრე კონკრეტულმა ადამიანმა იცის საკუთარ თავზე. ცხოვრება შეიძლება დაემსგავსოს ერთ ხანგრძლივ და სტრესულ გასაუბრებას სამსახურში მიღების თაობაზე“, - ამბობს ფილოსოფოსი.

ჰარარის ინტერესის საგანია, როგორ მიაღწია ჰომო საპიენსმა დღევანდელ მდგომარეობას, მისი კვლევები კი მიმართულია, რომ იპოვოს პასუხები კითხვებზე - რა კავშირია ისტორიასა და ბიოლოგიას შორის? რა არსებითი განსხვავებებია ჰომო საპიენსსა და სხვა ცხოველებს შორის? აქვს თუ არა ისტორიას მიმართულება რაიმე ერთი კონკრეტულისკენ და ა.შ.

2017 წელს გამოქვეყნებულ სტატიაში ჰარარი ამტკიცებდა, რომ ხელოვნური ინტელექტის სფეროში უწყვეტი ტექნოლოგიური პროგრესისა და მიღწევების შედეგად, "2050 წლისთვის შეიძლება გამოჩნდეს ადამიანთა ახალი კლასი - "უსარგებლო კლასი". ადამიანები, რომლებიც არ მუშაობენ იმიტომ, რომ უბრალოდ, ამის საჭიროება არ არსებობს.“

ჰარარის მოსაზრებით, ამ ახალ სოციალურ კლასთან გამკლავება, უახლოეს ათწლეულებში, ეკონომიკურად, სოციალურად და პოლიტიკურად კაცობრიობის მთავარი გამოწვევა იქნება.

ის ხედავს ეგზისტენციალურ საფრთხეს ხელოვნურ ინტელექტსა და ბიოინჟინერიაში და მიიჩნევს, რომ საჭიროა ერებს შორის მჭიდრო თანამშრომლობა ისეთი საფრთხეების გადასაჭრელად, როგორებიცაა ეკოლოგიური კოლაფსი, ბირთვული ომი და ტექნოლოგიური განვითარების შეფერხება.

ჰარარი მიიჩნევს, რომ ადამიანებს აქვთ ნება (ამა თუ იმ რამის გაკეთების), მაგრამ არ არიან თავისუფლები:

"ადამიანებს, რა თქმა უნდა, აქვთ ნება, მაგრამ ეს არ არის თავისუფლება. ყოველი არჩევანი დამოკიდებულია სხვადასხვა ბიოლოგიურ, სოციალურ და პიროვნულ პირობებზე, რომლებსაც თქვენ ვერ განსაზღვრავთ. მე შემიძლია ავირჩიო რა ვჭამო, ვისზე დავქორწინდე და ვის მივცე ხმა, მაგრამ ეს არჩევანი ნაწილობრივ განისაზღვრება ჩემი გენით, ჩემი ბიოქიმიით, ჩემი სქესით, ჩემი ოჯახური წარმომავლობით, ჩემი ეროვნული კულტურით და ა.შ. - და მე ვერ ავირჩევ ჩემს გენს, ან ოჯახს", - ამბობს ფილოსოფოსი.

2009 და 2012 წლებში მოიპოვა Polonsky-ის პრემია "კრეატიულობისა და ორიგინალურობისთვის.“ 2011 წელს გადასცეს სამხედრო ისტორიის საზოგადოების ჯილდო Moncado Award, სამხედრო ისტორიის მიმართულებით გამოქვეყნებული სტატიებისთვის. 2012 წელს ისრაელის ახალგაზრდა მეცნიერთა აკადემიის წევრი გახდა.

მისი წიგნი "საპიენსი“ 96 კვირის განმავლობაში The New York Times-ის ბესთსელერების სიაში, სამეულში იყო.

  • ინტერვიუ "პალიტრანიუსის" ეთერში

იუვალ ნოა ჰარარი "პალიტრანიუსის" სტუმარია. ის პირველად ისაუბრებს ქართულ ტელეეთერში ახალ მსოფლიო წესრიგზე უკრაინის ომის შემდეგ; მარკ ცუკერბერგსა და ილონ მასკზე, ასევე საქართველოს პერსპექტივაზე ტექნოლოგიური რევოლუციის ეპოქაში, მისცემს რჩევებს ქართველ ახალგაზრდებს.

როგორც უკვე გითხარით, ინტერვიუ ექსპერტმა ხათუნა ლაგაზიძემ ჩაწერა და მას "პალიტრანიუსის" მაყურებელი 20 მაისს, 18.30-ზე ნახავს.