ავტორი:

"თავისი ხალხის სიცოცხლის ფასად, პუტინს ერთგულებას უმტკიცებს" -  უფლებადამცველები კადიროვს ომში დაღუპული ადამიანების რაოდენობის გამხელას სთხოვენ

"თავისი ხალხის სიცოცხლის ფასად, პუტინს ერთგულებას უმტკიცებს" -  უფლებადამცველები კადიროვს ომში დაღუპული ადამიანების რაოდენობის გამხელას სთხოვენ

უფლებადამცველები ჩეჩნეთის ლიდერს, რამზან კადიროვს მოუწოდებენ, უკრაინის ომში დაღუპული ჩეჩენი სამხედროების რეალური რაოდენობა დაასახელოს. მათი ცნობით, კადიროვმა უკრაინის ომში უამრავი სამხედრო გაგზავნა მოხალისედ და პრივილეგიებსაც შეჰპირდა, თუმცა ბოლო დღებია არც იქ მყოფებზე, არც დაღუპულებსა და მათ ოჯახებზე არაფერს ამბობს.

kavkaz-uzel.eu ინფორმაციით, კადიროვის განცხადებით, ომში, მხოლოდ პირველ ეტაპზე, 3 ათასზე მეტი ადამიანი წავიდა, მათგან 600 მოხალისე იყო, თუმცა ცნობილია, რომ პერიოდულად კადიროვი, როგორც ჩეჩნეთის, ასევე, ჩრდილოეთ კავკასიის დანარჩენი რესპუბლიკებიდან ჯარისკაცებს გზავნის. შესაბამისად, კადიროვის დუმილი იმაზე მიანიშნებს, რომ დაღუპულთა რაოდენობის დამალვა შემთხვევითი არაა.

გამოცემის ცნობით, რამდენიმე დღის წინ, კადიროვმა უკრაინის ომში დაღუპულების "გმირობის ორდენი" მათ ახლობლებს გადასცა, თუმცა მათ შორის არ ყოფილა უამრავი ჩეჩენი, რომელთა მოძიებასაც ადგილობრივები დიდი ხანია ითხოვენ, თუმცა მათი კვალი არ ჩანს.

კადიროვი რუსულ მედიასთან აცხადებდა, რომ ჩეჩნეთიდან ბოლო ნაკადი 18 მაისს გაუშვა - "200 მოხალისე უკრაინაში მიმდინარე სპეცოპერაციაში ჩაერთო, თუმცა მათი უმეტესობა რუსია", - ამბობდა ის РИА Новости-სთან საუბარში.

13 მაისს უფლებადამცველთა ასოციაცია "Вайфонд" წერდა, რომ ჩეჩნეთში მათ ყოველდღიურად ათობით ადამიანი უკავშირდება დახმარებისთვის და სთხოვს, ჩეჩნეთიდან, ზოგდად, რუსეთიდან გაქცევაში დაეხმარონ, რათა უკრაინის ომში მონაწილეობა თავიდან აირიდონ.

"ისინი ძალოვანი უწყების წარმომადგენლები არ არიან, "კადიროვცები" ყველას, სხვადასხვა სფეროში დასაქმებულ ადამიანებს, მასწავლებლებს, ლექტორებს, ერთნაირად აიძულებენ უკრაინაში წასვლას. მეტიც, მიმდინარე სამხედრო მოქმედებებისთვის თავის არიდებას ვერ ახერხებენ შშმ პირებიც", - წერს ასოციაცია.

მათივე ცნობით, იძულებით კონტრაქტს, რომელზეც სამხედრობს თუ ე.წ. მოხალისეებს ხელს აწერინებენ, იურიდიული ძალა არ აქვს. ამის შესახებ, "ჯარისკაცთა დედების საბჭოს კომიტეტის" პრესმდივანი ვალენტინა მელნიკოვა აცხადებს. კიდევ ერთი უფლებადამცველის, არტემ მუგუნიანცის თქმით, ეს არის ფარული მობილიზაციის კიდევ ერთი ნათელი მაგალითი, რომელზეც ხმამაღლა საუბარს, ჯერჯერობით ვერავინ ბედავს.

გამოცემასთან საუბარში, სამხედრო ექსპერტი, გენადი გუდკოვი ამბობს, რომ გუდერმესი, სადაც კადიროვის ცნობით, "ჩეჩენი მეომრები საუკეთესო სამხედრო მომზადებას გადიან, სინამდვილეში, საერთოდ ვერ აკმაყოფილებს მოხალისეების მომზადების სტანდარტებს."

კავკასიელი ხალხების ასამბლეის პრეზიდენტის, რუსლან კუტაევის განცხადებით, "ირიბად, მაგრამ ძალით გაწვევა ჯერჯერობით მხოლოდ ჩრდილოეთ კავკასიის რეგიონშია დაწყებული, რაც კადიროვის მხრიდან პუტინისადმი გამოხატული უპირობო ერთგულების გამოხატვაა..."

"ყველამ ვიცით, რომ ძალიან დიდი ადამიანური დანაკარგი გვაქვს. მაგრამ ამაზე ხმამაღლა საუბარს ვერავინ ბედავს, არც ხელისუფლება გვეუბნება, თუმცა არ ვაპროტესტებთ. არადა, ამაზე უარესი რა უნდა მოხდეს, არ ვიცით", - წერს ერთ-ერთი ინტერნეტმომხმარებელი სოციალურ ქსელში.

სხვების თქმით, "დიდი ალბათობით, არც კი არსებობს რეალური სტატისტიკა, თუ რამდენი ადამიანია გაწვეული უკრაინის ომში და რამდენმა შეძლო დაბრუნება."

სოციალურ ქსელში წერენ, რომ ძალიან ბევრი დაღუპულია, მაგრამ კადიროვი მაინც კმაყოფილია, რადგან პუტინის გარემოცვაში, რომელთა მიმართაც "რუსეთის მეფე" ძალიან იმედგაცრუებულია, ერთგულების დამტკიცება შეუძლია, ოღონდ თავისი ხალხის სიცოცხლის ფასად."