ავტორი:

რას წერს ინფექციონისტი მაია ბუწაშვილის "მაიმუნის ყვავილზე", მის სიმპტომებზე, მიმდინარეობის სიმძიმეზე, გავრცელების გზებსა და ვაქცინაციაზე

რას წერს ინფექციონისტი მაია ბუწაშვილის "მაიმუნის ყვავილზე", მის სიმპტომებზე, მიმდინარეობის სიმძიმეზე, გავრცელების გზებსა და ვაქცინაციაზე

ინფექციონისტი მაია ბუწაშვილი სოციალურ ქსელში ახალი ეპიდემიის, "მაიმუნის ყვავილის" შესახებ წერს. მისი თქმით, დაავადების სიმპტომები ჰგავს ყვავილის სიმპტომებს, თუმცა უფრო მსუბუქად მიმდინარეობს. ამასთანავე, ვირუსი შედარებით მძიმედ მიმდინარეობს ბავშვებში, ორსულებში და იმუნოსუპრესირებულ პირებში.

"მოკლე ინფორმაცია მაიმუნის ყვავილთან დაკავშირებით, რაზეც ამჟამად ბევრი კითხვაა. ეს არ არის ახალი ინფექცია, ადრეც იყო, თუმცა დაავადება იშვიათი იყო და შემთხვევები ან აფრიკის ქვეყნებში რეგისტრირდებოდა, ან ერთეული შემთხვევები აფრიკის კონტინენტის გარეთ, რომლებიც ყოველთვის უკავშირდებოდა აფრიკაში მოგზაურობას ან იმპორტირებულ ცხოველებს. რაც შეეხება ამჟამინდელ აფეთქებას, რომელიც დაიწყო 13 მაისიდან, საყურადღებოა ის, რომ შემთხვევები რეგისტრირდება ევროპაში, აშშ-ში და კანადაში და ისინი არ უკავშირდება აფრიკაში მოგზაურობას ან იმპორტირებულ ცხოველებს. დღემდე დაფიქსირებულია 92 დადასტურებული და 28 საეჭვო შემთხვევა 12 ქვეყანაში (ევროპის ქვეყნები, აშშ, კანადა). აფრიკის ქვეყნებს შორის ყველაზე მაღალი მაჩვენებელია კონგოში (1 იანვრიდან 1 მაისამდე 1238 შემთხვევა). სადღეისოდ არ ვრცელდება ინფორმაცია ევროპაში და ამერიკაში ლეტალური შემთხვევების შესახებ, თუმცა ზოგადად დაავადების ლეტალობის მაჩვენებელი ერთ-ერთი შტამისთვის არის 3.6%, ხოლო მეორე შტამის - 10.6%. დაავადება შედარებით მძიმედ მიმდინარეობს ბავშვებში, ორსულებში და იმუნოსუპრესირებულ პირებში. სიმპტომები გავს ყვავილის სიმპტომებს, თუმცა უფრო მსუბუქად მიმდინარეობს. დასაწყისში ახასიათებს გრიპისმაგვარი სიმპტომები: ცხელება, შემცივნება, თავის და კუნთების ტკივილი, ლიმფური კვანძების გადიდება. 1-3 დღეში ვითარდება გამონაყარი, რომელიც იწყება სახიდან და ვრცელდება სხეულის სხვა ნაწილებზეც, მათ შორის ხელის და ფეხისგულებზეც. გამონაყარი ჯერ კვანძოვანია, შემდეგ ხდება ბუშტუკოვანი, მღვრიე შიგთავსით. რამდენიმე დღეში ვითარდება ფუფხები და ცვივა.გადაცემა სიმპტომური ადამიანიდან ხდება წვეთების და სხვადასხვა ბიოლოგიურ სითხეებთან მჭიდრო კონტაქტის გზით. ინკუბაციური პერიოდია 6-13 დღე (შეიძლება 21 დღემდეც).დიაგნოსტიკა ხდება PCR მეთოდით. გადამტანად გვევლინება მღრღნელები და პრიმატები.დაავადება პირველად 1958 წელს აღმოაჩინეს მაიმუნებში და სახელწოდებაც აქედან მოდის. 1970 წელს პირველად გამოვლინდა ადამიანის შემთხვევა კონგოში.მაიმუნის ყვავილთან დაკავშირებით დამატებით კიდევ მინდა განვმარტო, რომ ამ დაავადებას არაფერი აქვს საერთო ჩუტყვავილასთან. ამიტომ ჩუტყვავილას ვაქცინა ამ ვირუსის წინააღმდეგ ვერ დაიცავს. ეს ორი, სრულიად, სხვადასხვა ჯგუფის ვირუსია. ლაპარაკია არა ჩუტყვავილას, არამედ ყვავილის ვაქცინაზე, რომელიც 80-იან წლებამდე კეთდებოდა და შემდეგ ყვავილის ერადიკაციასთან დაკავშირებით მისი გამოყენება აღარ ხდება.ეს გაუგებრობა გამოიწვია ინგლისური ტერმინების - chickenpox (ჩუტყვავილა) და smallpox (ყვავილი) მსგავსებამ." - წერს ინფექციონისტი "ფეისბუქში".

უცხოური მედიის ცნობით, დიდ ბრიტანეთში “მაიმუნის ყვავილი” ახალი შემთხვევები ყოველდღიურად ვლინდება.

Sky News-ის ინფორმაციით, ოფიციალური პირები ინფექციის შემთხვევების “მნიშვნელოვან ზრდას” მიმდინარე კვირაში ელიან.

დიდი ბრიტანეთის ჯანმრთელობის უსაფრთხოების სააგენტოს (UKHSA) წარმომადგენლის, სუზან ჰოპკინსის ცნობით, ეპიდემიის გამომწვევი მიზეზი უცნობია და ინფიცირებულებს შორის ერთ მოვლენასთან “აშკარა კავშირი” არ არსებობს.

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ცნობით, “მაიმუნის ყვავილი” აფრიკის გარეთ იშვიათად არის გამოვლენილი, მაგრამ ახლა ევროპაში 92 შემთხვევაა გამოვლენილი, ხოლო ჩრ. ამერიკასა და ავსტრალიაში კიდევ 28 საეჭვო ინფექციაა. აშშ-ს პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა განაცხადა, რომ ეპიდემიის აფეთქება “შემაშფოთებელია”. ამასთან, მიმდინარე კვირის ბოლოს, ისრაელმა და შვეიცარიამ აღნიშნული ინფექციის პირველი შემთხვევები დაადასტურეს. გავრცელებული ინფორმაციით, ბელგიამ, მას შემდეგ, რაც “მაიმუნის ყვავილის” 4 შემთხვევა დაფიქსირდა ქვეყანაში, შემოიღო 21 - დღიანი კარანტინი მათთვის, ვინც ინფექციით არის დაავადებული. ცნობისთვის, დაავადება, რომელიც პირველად მაიმუნებში აღმოაჩინეს, ადამიანიდან ადამიანს შესაძლოა მჭიდრო ფიზიკური კონტაქტით - მათ შორის, სქესობრივი კავშირის გზით გადაეცეს.

ასევე იხილეთ: