ავტორი:

"ყველგან, სადაც რუსები ცდილობდნენ ილონ მასკის მიერ მიწოდებული ინტერნეტის სიგნალის ჩახშობას, სრული კრახი განიცადეს" - პროცესები უკრაინის ფრონტის ხაზზე და მის მიღმა

"ყველგან, სადაც რუსები ცდილობდნენ ილონ მასკის მიერ მიწოდებული ინტერნეტის სიგნალის ჩახშობას, სრული კრახი განიცადეს" -  პროცესები უკრაინის ფრონტის ხაზზე და მის მიღმა

"ჯიპას" პროფესორი, გიორგი კობერიძე ტრადიციულად თითქმის ყოველი დღის ბოლოს, უკრაინა-რუსეთის ომის პოლიტიკურ თუ სამხედრო მიმდინარეობის მიმოხილვას აქვეყნებს, გთავაზობთ გუშინდელი მოვლენების მისეულ შეჯამებას:

  • "პოლონეთის პრეზიდენტის ანდჟეი დუდას უკრაინის პარლამენტის წინაშე გამოსვლას სერიოზული გამოხმაურება მოჰყვა როგორც რუსეთში, ისე მთელს ევროპაში.

მან არამხოლოდ ხაზი გაუსვა, რომ პოლონელებსა და უკრაინელებს საერთო ისტორიული აგრესორი ჰყავთ რუსეთის სახით, არამედ ისიც, რომ თუკი უკრაინა დაეცემა, ფრონტის ხაზი პოლონეთზე გაივლის. პოლონეთის პრეზიდენტმა რუსეთი ევროპის ეგზისტენციალურ საფრთხედ წარადგინა. მან აღნიშნა ის, რაზეც ბევრს ეშინია საუბარი - დღეს რუსეთის დამარცხება ცივილიზებული სამყაროს ვალია.

მართლაც, ამ ომს შეიძლება ჰქონდეს ორი შედეგი: ან გაიმარჯვებს უკრაინა ან დამარცხდება დასავლეთი. ამ უკანასკნელი შედეგით მსოფლიო არსებული წესრიგი უბრალოდ დაემხობა და თავდასხმითი, მეტიც, დაპყრობითი ომი შედარებით მძლავრი სახელმწიფოებისაგან ბუნებრივ მახასიათებლად გადაიქცევა. ამიტომ პოლონეთი ბოლომდე დადგება უკრაინის გვერდით.

  • კიევში მოეწყო განადგურებული რუსული ჯავშანტექნიკის გამოფენა.

დამთვალიერებლებს მათი ნახვა ღია ცის ქვეშ შეუძლიათ. (იხილეთ ფოტოები)

  • ზაპორიჟიას რაიონის ქალაქ ენერჰორადის კოლაბორაციონისტი მერი საკუთარ სახლთან სადარბაზოში ააფეთქეს.

რეალურად უკრაინული პარტიზანული მოძრაობა მტრის ზურგში ეტაპობრივად იხვეწება და ვითარდება. ამის გაგრძელებაა ქალაქი ბერდიანსკიც, რომელშიც ასევე გამოჩნდნენ უკრაინული პარტიზანები. ხოლო ქალაქ ხერსონში ადმინისტრაციულ შენობებზე უკრაინული დროშები აღმართეს. რუსებს საკუთარ ზურგში პარტიზანული ომის ძალიან ეშინიათ ამიტომაა, რომ ახლა ყველა ქალაქის დაკავებამდე ამ ქალაქების სრულ განადგურებას ცდილობენ, რომ მოსახლეობამ იქაურობა დატოვოს.

  • რუსებმა ოკუპირებულ ტერიტორიებზე აკრძალეს უკრაინის ისტორიის წიგნები.

მათ ნაცვლად რუსეთის ისტორიას ასწავლიან ბავშვებს სკოლებში. რეალურად ის, ვინც ფლობს წარსულს, შეუძლია შეცვალოს აწმყო. რუსები უკრაინელთა გონების შეცვლას ცდილობენ, მაგრამ ეს ყველაფერი შედეგს რთულად თუ მოიტანს ოცდამეერთე საუკუნის ტექნოლოგიისა და ოკუპაციის პირობებში.

  • როგორც აღმოჩნდა, ყველა იმ ქალაქში, რომელშიც რუსები ცდილობდნენ ილონ მასკის მიერ მიწოდებული თანამგზავრული ინტერნეტის სიგნალის ჩახშობას, სრული კრახი განიცადეს.

ეს დასავლეთისათვისაც კი საკმაოდ მოულოდნელი აღმოჩნდა, რადგან ისინი ელოდნენ, რომ რუსული კომუნიკაციის ჩამხშობი აპარატები ბევრად დახვეწილი იყო, თუმცა ცდებოდნენ. ახლა უკვე მნიშვნელოვანი დასკვნების გამოტანა ხდება.

  • რუსეთმა ფინეთს გაზის მიწოდება შეუწყვიტა.

იმდენად დიდი რაოდენობით აქვს ფინეთს განახლებადი ქარის, წყლისა და მზის ენერგია და იმდენად თავისუფლად მოხდება ნორვეგიული გაზით რუსულის ჩანაცვლება, რომ ფინელები კრემლის ენერგოაგრესიას მშვიდად ხვდებიან. ამასთან, ფინელები საკმაოდ წინდახედულები არიან და 2011 წელს არ მიჰყვნენ გერმანიის გადაწყვეტილებას ატომურ ენერგიაზე უარის თქმის პროცესში. ფინეთში 5 ატომური ელექტროსადგურია. სხვათა შორის გერმანიაში კვლავ სერიოზულად განიხილავენ ატომური ენერგიის ენერგობაზარზე დაბრუნების აუცილებლობას.

  • ლუგანსკის რაიონი საბრძოლო მოქმედებების ძირითად ცენტრად რჩება.

ქალაქი სევეროდონეცკი ემსგავსება მარიუპოლს. ქალაქი საარტილერიო და საავიაციო იერიშების მსხვერპლია. მშვიდობიანი მოსახლეობა ვინც ქალაქის დატოვება მოახერხა სამშვიდობოსაა, მაგრამ ვისაც წასასვლელი არსად არ აქვს სადარბაზოებსა და ეზოებში კოლექტიურად ამზადებენ საკვებს და ერთმანეთს უნაწილებენ. ამასთან, რუსები მიზანმიმართულად ბომბავენ სწორედ საცხოვრებელ რაიონებს, რათა ქალაქი უცხოვრებელი გახდეს. მიუხედავად ამ უმძიმესი მდგომარეობისა უკრაინელებმა რუსული შეტევა მოიგერიეს და მოწინააღმდეგე ტყეში უკუაგდეს, სადაც უკრაინულმა არტილერიამ და ტყეში მყოფმა უკრაინელმა სამხედროებმა მათი ტექნიკის ნაწილის განადგურება შეძლო. სხვათა შორის სევეროდონეცკის ირგვლივ არსებული ტყიანი მასივი რუსული ჯავშანტექნიკის სასაფლაოდაა გადაქცეული".

  • რუსები დონეცკის რაიონში ქალაქ ლიმანში შესვლას კვლავ ვერ ახერხებენ.

პრაქტიკულად ორი კვირაა ქალაქი უწყვეტად იბომბება, უკან დასახევი ხიდები დაზიანებული ან განადგურებულია, შტურმი მიმდინარეობს, მაგრამ ქალაქში შევლა რუსულმა ნაწილებმა მაინც ვერ შეძლეს. დღეს ქალაქის დაბომბვა რუსულმა ავიაციამ დაიწყო. ქალაქ ლიმანსა და სევეროდონეცკს რუსული ცენტრალური ჯგუფის დანაყოფები უტევენ, რომლებიც ყველაზე კარგად არიან აღჭურვილნი და მომზადებულნი, მაგრამ წარუმატებლობის ფონზე მათი დანაკარგები კატასტროფულად დიდია.

  • უკრაინელები ხერსონში

როდესაც უკრაინელები ხერსონში რუსების შეიარაღებულ ძალებსა და ტექნიკას ერთსა და იმავე ადგილას ან მის სიახლოვეს ანადგურებდნენ, ნაკლებად დასაჯერებლად ჩანდა და შეთქმულების თეორიები გაჩნდა, რადგან წარმოუდგენელი იყო იმდენად უგუნური ყოფილიყო ძალა, რომ ერთსა და იმავე ადგილას ან მის სიახლოვეს განეთავსებინა სამხედრო ძალები და ტექნიკა. მაგრამ როგორც აღმოჩნდა ეს უგუნურება რეალური ყოფილა - ოღონდ ამჯერად კვლავ მდინარე სივერსკი დონეცზე, დონეცკისა და ლუგანსკის რაიონების საზღვარზე. რუსებმა ბოლო 24 საათში კიდევ ერთხელ სცადეს მდინარეზე გადასვლა პონტონური ხიდების გამოყენებით თუმცა უკრაინულმა არტილერიამ, ქვეითმა ძალებმა და დრონებმა სწორედ იმ დროს გაანადგურეს ხიდი, როდესაც რუსები ზედ გადადიოდნენ. ძალები, რომლებიც მდინარის მეორე მხარეს გადავიდნენ განადგურდნენ, ჯავშანტექნიკის ეკიპაჟი, რომლებიც წყალში ჩაცვივდნენ - დაიხრჩვნენ. ბოლო ერთ კვირაში მესამე შემთხვევაა ერთი და იმავე მონაკვეთის სიახლოვეს - 5-5 კილომეტრის დაშირებით.

  • დონეცკის რაიონში, მარიინკასა და ავდიივკაში რუსული შეტევა ამ ეტაპზე მოგერიებულია.

თუმცა რუსები სეპარატისტებთან ერთად ინტენსიურად ბომბავენ სასანგრე პოზიციებს ქალაქი დონეცკის შემოგარენში. მიუხედავად ამისა, რუსებმა ამ ორი საკვანძო ქალაქის აღება არათუ ვერ მოახერხეს, არამედ ყოველდღიურად ათობით ადამიანს კარგავენ იქ. ქალაქები 2014 წლის შემდეგ საუკეთესოდაა გამაგრებული", - წერს კობერიძე.