ავტორი:

"მოვუწოდებთ რადიკალურ ოპოზიციას, შეწყვიტონ აგიტაცია საქართველოს მიერ ევროკავშირში კანდიდატის სტატუსის მიღების წინააღმდეგ" - ირაკლი კობახიძე

"მოვუწოდებთ რადიკალურ ოპოზიციას, შეწყვიტონ აგიტაცია საქართველოს მიერ ევროკავშირში კანდიდატის სტატუსის მიღების წინააღმდეგ" - ირაკლი კობახიძე

პარტია "ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ თავმჯდომარის, ირაკლი კობახიძის განცხადებით, მათი ინფორმაციით, კონკრეტული პოლიტიკოსები რადიკალური ოპოზიციიდან ევროკავშირში საქართველოს კანდიდატობის წინააღმდეგ აგიტაციას აწარმოებენ.

როგორც მან პარტიის ოფისში გამართულ ბრიფინგზე ჟურნალისტებს განუცხადა, ზუსტად იგივე შემთხვევა იყო, როდესაც საქართველოსთვის ვიზალიბერალიზაციის მინიჭების საკითხი წყდებოდა.

"ჩვენ გვაქვს კონკრეტული ინფორმაცია, რომ კონკრეტული პოლიტიკოსები რადიკალური ოპოზიციიდან დადიან დერეფნებში, კაბინეტებში და აწარმოებენ აგიტაციას ევროკავშირში საქართველოს კანდიდატობის წინააღმდეგ. ეს არის მოცემული ფაქტი, რაც ახალი მოვლენა არ არის. ჩვენ გვახსოვს ზუსტად იგივე ვიზალიბერალიზაციასთან დაკავშირებით, მაშინ ეს წარმატებული არ იყო. იმედია, მათი ეს აგიტაცია არც ამ შემთხვევაში იქნება წარმატებული. თქვენ იცით, რამდენჯერაც კონკრეტულ კაბინეტებში შედიან ეს პოლიტიკოსები, იქიდან კონკრეტული მესიჯები გამოდის. ამის გათვალისწინებით, საზოგადოებისთვისაც ცხადია, თუ რა მესიჯებით შედიან ისინი ამ კაბინეტებში და რა მესიჯებით დადიან დერეფნებში“, - განაცხადა კობახიძემ.

  • "მოვუწოდებთ რადიკალურ ოპოზიციას, შეწყვიტონ აგიტაცია საქართველოს მიერ ევროკავშირში კანდიდატის სტატუსის მიღების წინააღმდეგ", - ასე მიმართა ირაკლი კობახიძემ ოპოზიციას დღეს გამართულ ბრიფინგზე.

მისი თქმით, დარჩენილია მხოლოდ პოლიტიკური გადაწყვეტილების მიღება ევროკავშირის მხრიდან.

"საქართველო უკლებლივ ყველა პარამეტრით უსწრებს უკრაინასა და მოლდოვას. შესაბამისად, დარჩენილია მხოლოდ პოლიტიკური გადაწყვეტილების მიღება ევროკავშირის მხრიდან. საქართველოს მიერ ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მიღების წინააღმდეგი შეიძლება იყოს მხოლოდ ის, ვისაც საქართველოში არეულობა და ჩვენი ქვეყნის ომში ჩართვა უნდა. შესაბამისად, მოვუწოდებთ რადიკალურ ოპოზიციას, ერთხელ მაინც გადადონ გვერდზე საკუთარი მანკიერი სუბიექტური ზრახვები და შეწყვიტონ აგიტაცია, პროპაგანდა საქართველოს წინააღმდეგ“, - განაცხადა კობახიძემ.

მისი განცხადებით, ხელისუფლება ყველაფერს აკეთებს იმისთვის, რომ საქართველომ ევროკავშირის კანდიდატი ქვეყნის სტატუსი მიიღოს.

კითხვაზე, ხომ არ ელოდება ხელისუფლება კანდიდატი ქვეყნის სტატუსის მიღების მხრივ შეფერხებას, ირაკლი კობახიძემ უპასუხა, რომ ყველა პარამეტრით საქართველო უკრაინასა და მოლდოვას წინ უსწრებს, მაგრამ საბოლოოდ, მაინც პოლიტიკური გადაწყვეტილება მიიღება.

“საქართველოს ხელისუფლება ყველაფერს აკეთებს იმისთვის, რომ სათანადო შედეგი გვქონდეს. რა თქმა უნდა, ამ კუთხით მუშაობა გაგრძელდება, დანარჩენი არის მთლიანად პოლიტიკური გადაწყვეტილება, რაც ევროკავშირმა უნდა მიიღოს. ყველამ ძალიან კარგად იცის, თუ სად დგას საქართველო, სად დგას უკრაინა და სად დგას მოლდოვა. ამასთან დაკავშირებით სხვადასხვა დასკვნებია გამოქვეყნებული და ყველა პარამეტრით, როგორც დემოკრატიის, ასევე ვაჭრობისა და ეკონომიკის კუთხით, ყველა მიმართულებითა და ყველა პარამეტრით საქართველო უკრაინასა და მოლდოვას წინ უსწრებს. შესაბამისად, დარჩენილია პოლიტიკური გადაწყვეტილების მიღება ამ თემასთან დაკავშირებით. ყველაფერი გაკეთდება იმისთვის, რომ შესაბამისი შედეგი მივიღოთ", - განაცხადა კობახიძემ.

მისი თქმით, ამ საკითხზე კონკრეტული განწყობები ჩანს. როგორც ირაკლი კობახიძე აცხადებს, თუ ვინმეს მიაჩნია, რომ საქართველოს ხელისუფლება სათანადოდ არ მოქმედებს, კონკრეტული ფაქტები და არგუმენტები დაასახელონ, თუმცა, მისი თქმით, მათ ეს არ შეუძლიათ.

"განწყობები ჩანს იმასთან დაკავშირებით, რომ მაგალითად, როდესაც უცხოელთან შეხვედრა გაქვს, ვიღაც გეუბნება, რომ უკრაინისთვის საკმარისს არ აკეთებთო, მაგრამ როგორც კი ჩაეკითხები, ვერაფერს გეუბნებიან, რას არ ვაკეთებთ. ვეკითხებით, აბა, რას არ ვაკეთებთ? ამაზე პასუხი არ აქვთ. ამიტომ, ნებისმიერი ადამიანი, რომელიც უკმაყოფილებას გამოხატავს საჯაროდ თუ არასაჯაროდ, ჩამოწერონ ფაქტები, საზოგადოებას უთხრან, ამას არ აკეთებს საქართველოს ხელისუფლებაო, მაგრამ ამას ვერ აკეთებენ და ვერ ამბობენ", - განაცხადა კობახიძემ.

იხილეთ ასევე: