ავტორი:

ახალი წიგნები, რომელთა შეძენასაც წიგნის ფესტივალზე შეძლებთ

ახალი წიგნები, რომელთა შეძენასაც წიგნის ფესტივალზე შეძლებთ

წიგნის მოყვარულები უკვე მოუთმენლად ელიან წიგნის ფესტივალს, რომელიც წელს 26-29 მაისს გაიმართება. ფესტივალს ტრადიციულად „ექსპო ჯორჯია“ უმასპინძლებს - მე-11 პავილიონი - ზრდასრულებს, ხოლო მე-6 პავილიონში კი სპეციალურად საბავშვო სივრცე მოეწყობა. ფესტივალი ფიზიკურთან ერთად, ონლაინ ფორმატშიც ჩატარდება. მსურველებს ფასდაკლებით წიგნების შეძენა ონლაინ კატალოგებშიც შეეძლებათ.

ახლა კი გაგაცნობთ იმ სიახლეებს, რომლებსაც გამომცემლობა „პალიტრა L“ პატარა თუ ზრდასრულ მკითხველებს ფესტივალზე დაახვედრებს.

„გამქრალი ხეების კუნძული“, ელიფ შაფაქი

ეთნიკური შუღლის შედეგად ცეცხლში გახვეული კუნძული, ორად გაყოფილი ქალაქი, გაწყვეტილი ურთიერთობები... სწორედ ამ სისასტიკით სავსე სამყაროში ჩაისახა ორი სხვადასხვა ეროვნების მოზარდის სიყვარული. მათი ჩუმი, დაფარული და ბედნიერი სიყვარულის მოწმეა ლეღვის ხე, რომელიც ქალაქის ფერფლად ქცევისა და შეყვარებულების დაცილების მოწმედაც იქცა. ომმა შეყვარებულები დააშორა, მაგრამ მათ გრძნობას ვერაფერი დააკლო. ათწლეულების შემდეგაც სიყვარული ცოცხლობს და უბიძგებს ადამიანებს, არ გაწყვიტონ კავშირი თავიანთ მღელვარე ისტორიასთან. ელიფ შაფაქის ახალი გულში ჩამწვდომი რომანი სიყვარულზე, ტრავმაზე, განშორებასა და ძიებაზე, რომელიც, ავტორისავე თქმით, ეძღვნება ემიგრანტებსა და დევნილებს მთელ მსოფლიოში.

„პიანისტი“, ვლადისლავ შპილმანი

მკითხველის წინაშეა დაუჯერებელი, თუმცა ნამდვილი ამბავი, მოთხრობილი ცნობილი პოლონელი პიანისტისა და კომპოზიტორის ვლადისლავ შპილმანის მიერ. მუსიკოსი ყველა იმ მძიმე განსაცდელის შესახებ გვიყვება, რაც მას თავს გადახდა მეორე მსოფლიო ომის წლებში, ვარშავის გეტოში გამომწყვდეულს. სრულიად მოულოდნელად, გადარჩენაში შპილმანს დაეხმარა გერმანელი ოფიცერი - ჰოზენფელდი. სწორედ მისი დღიურიდან ამონარიდები ერთვის და ავსებს მუსიკოსის თხრობას. წიგნი საფუძვლად დაედო ცნობილ ფილმს, რომელიც რომან პოლანსკიმ გადაიღო.

"სპილოებს ყველაფერი ახსოვთ", აგათა კრისტი

რომანი "სპილოებს ყველაფერი ახსოვთ" აგათა კრისტიმ 1972 წელს დაწერა და გამოსცა. ეს არის უკანასკნელი დეტექტივი სახელგანთქმულ მაძებარზე, ერკიულ ბუაროზე (რომანი "გარდა", რომელშიც მაძებარი იღუპება, მეორე მსოფლიო ომის დამდეგს დაიწერა, მაგრამ მწერალმა მოგვიანებით მკითხველის საყვარელი გმირი "გააცოცხლა"). ამჯერად პატარა ბელგიელს ორმაგი მკვლელობის საქმის გამოძიება მოუწევს თავის დიდი ხნის მეგობართან, მწერალ არიადნა ოლივერთან ერთად. თუ როგორ განვითარდება მოვლენები, ამ საინტერესო დეტექტივში შეიტყობთ

წიგნის 24-ე ფესტივალისთვის განსაკუთრებულად ემზადებიან გამომცემლობები და წიგნის მაღაზიები. ისინი წიგნის მოყვარულებისთვის მნიშვნელოვან სიახლეებსა და დიდ ფასდაკლებებს გეგმავენ. გაიმართება არაერთი გათამაშებაც. წარმოდგენილ გამომცემლობებს შორისაა „პალიტრა L-ც“, რომლის სტენდთან მისულ მკითხველსაც უამრავი სიახლე დახვდება.

„იკიგაი“, ჰექტორ გარსია და ფრანსესკ მირალესი

ის, ვინც პოულობს საკუთარ იკიგაის, აქვს ყველაფერი ხანგრძლივი და ბედნიერი ცხოვრებისთვის. იკიგაი ხანგრძლივი და ბედნიერი ცხოვრების იაპონური საიდუმლოა. ეს ისაა, რისთვისაც ყოველ დილით სიხარულით იღვიძებ. იკიგაის ტრანსფორმაციული ძალა აქვს. ის გაპოვნინებთ ცხოვრების საზრისს, ის თქვენი უშრეტი მოტივაციისა და ენერგიის წყარო გახდება. ეს არის მდგომარეობა „აქ და ახლა“. თქვენ ხართ სრულ ჰარმონიაში საკუთარ თავსა და გარე სამყაროსთან. ამ წიგნში გაეცნობით სხვადასხვა ტექნიკას, რომელიც თქვენი იკიგაის პოვნაში დაგეხმარებათ. მოგზაურობა იკიგაის სამყაროში „აქ და ახლა“ იწყება.

„ერთგვარი ნაპერწკალი“, ელ მაკნიკოლი

11 წლის ედიმ კარგად იცის, ვინ არის; იცის, რომ ნამდვილი მეგობარი ის არის, ვინც ისეთს გიღებს, როგორიც ხარ იცის ისეთი სიტყვები, რომლებიც ამშვიდებს და, როგორც ხშირად ეუბნებიან, თანატოლებისგან განსხვავებულობას ავიწყებს. დიახ, ედი განსხვავებული გოგონაა _ მძაფრად აღიქვამს სინამდვილეს. ამასთან, არ ეგუება უსამართლობას და დაცინვას. ის ცდილობს, თანასოფლელებს გააგებინოს, რომ აუტიზმი არ არის განაჩენი და მიიღონ ედი და მისი აუტისტი დაიკო ისეთები, როგორებიც არიან. ედი პოულობს გზას...

“პატარა ჩარლის მოგზაურობა”, სტივენ კინგი

პატარა ჩარლის მოგზაურობის მარშრუტი ასეთია: ამერიკის მიჩიგანის შტატიდან კანადამდე და უკან. ამ მოგზაურობის მიზანი გაქცეული მონების უკან დაბრუნებაა, საბაბი კი ოჯახის ვალი, რომელიც პატარა ჩარლიმ უნდა გაისტუმროს. მოგზაურობისას შეიძლება აღმოაჩინო, რომ ყველაფერი, რაც იყო და რაც არის, ტყუილია! რას აკეთებს პატარა ბიჭი, როცა დიდი ისტორიული უსამართლობის პირისპირ აღმოჩნდება?

„ბებე - მაწანწალების უფლისწული“, თამრი ფხაკაძე

სულ ცოტა ხანში ბებეს გაიცნობთ - მაწანწალების უფლისწულს, მოხერხებულ, მახვილგონიერ და კეთილ ბიჭუნას, რომელთან ერთადაც დიდ თავგადასავალში გაეხვევით. თამრი ფხაკაძის მორიგი თავბრუდამხვევი, სასაცილო და ჭკუისსასწავლი წიგნი ძალიან მალე გამოჩნდება წიგნის მაღაზიებში. წიგნის გმირებთან ერთად წარმოუდგენელ ქალაქში გადასახლდებით, სადაც ხან ცრუპენტელების ქუჩაზე აღმოჩნდებით, ხან ჭორისუბანში, ხან ალალმართალთა შესახვევში ამოყოფთ თავს და ხან ტრაბახის გამზირზე... ვის არ გაიცნობთ: დოდი ღვეზელყლაპიას, ბიცოლა დარიჩინას, ყაჩაღების უფროს ბარნაბას, პოლიციელ კაპიტონს, ქალბატონ ღვარღვარას გულჩვილთა ქუჩიდან, ფოსტალიონ ჩიტოს...

„კარგად ყოფნის წესები“, თუთა ჯგუშია

თუთა ჯგუშია გამომცემლობა „პალიტრა L-ის“ კონკურსის „გახდი საბავშვო ბესტსელერის ავტორი 2021-ის“ ერთ-ერთი გამარჯვებულია, და ახალი წიგნიც „კარგად ყოფნის წესები“ სწორედ კონკურსის ფარგლებში გამოიცემა.

ახალი წიგნების წარდგების პარალელურად წიგნის ფესტივალზე გაიმართება ავტორთან შეხვედრები, გათამაშებები და სხვა საინტერესო აქტივობები. წიგნების შეძენა ვიზიტორებს ფასდაკლებით შეეძლებათ.

თბილისის წიგნის საერთაშორისო ფესტივალი 1997 წლიდან ყოველწლიურად ტარდება და კავკასიის რეგიონში ერთ-ერთი ყველაზე დიდი წიგნის ფესტივალია. მას მთელი ქვეყნის მასშტაბით ათასობით გულშემატკივარი და დამთვალიერებელი ჰყავს. აღსანიშნავია, რომ ფესტივალის სტუმრების რაოდენობამ ბოლო წლებში 100 000 ადამიანს მიაღწია.