ავტორი:

"ზელენსკის გრძნობებისა და აზრების შემგროვებელი" - ვინ წერს პრეზიდენტ ზელენსკის გამოსვლებისთვის ტექსტს?

"ზელენსკის გრძნობებისა და აზრების შემგროვებელი" - ვინ წერს პრეზიდენტ ზელენსკის გამოსვლებისთვის ტექსტს?

უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ ნამდვილად იცის, როგორ შეეხოს ადამიანთა ემოციებს და ამის საშუალებით მთელ მსოფლიოში საზოგადოებას აგრძნობინოს უკრაინელთა განსაცდელის სიმძიმე და ტკივილი.

რუსეთის უკრაინაში შეჭრის შემდეგ, მსოფლიომ სრულიად ახალი სახის, განსხვავებული ლიდერი იხილა. ინდიფერენტულ, უემოციო, დიპლომატიურ თავშეკავებულობაში ჩაკარგულ პოლიტიკოსებს შეჩვეულმა ადამიანებმა ვნახეთ ზელენსკი, რომლის საჯარო გამოსვლებიც შორსაა "დავარცხნილი", შაბლონური სიტყვებისგან, რომელიც თავისი გულწრფელობით, მკაცრი ტონით, ზოგჯერ ბრაზით და რაც მთავარია, ადამიანური ემოციებით მიმართავს საზოგადოებას, ითხოვს დახმარებას, ცვლის პოლიტიკოსების დამკვიდრებულ აღქმას და გვაჩვენებს თითოეული უკრაინელის ომით გამოწვეულ სევდას.

ზელენსკი კანის კინოფესტივალზე, სიტყვით გამოსვლისას მან ჩარლი ჩაპლინი და "პატარა დიქტატორი" გაიხსენა

ზელენსკიმ ასეთი საჯარო მიმართვებით მუდამ "შეშფოთებითა" და "აღშფოთებით" შემოფარგლული დასავლელი პოლიტიკოსები აიძულა ყოფილიყვნენ უფრო მკაცრები, უფრო რადიკალურები და განცხადებების გარდა, გადაედგათ ქმედითი ნაბიჯები, აღექვათ უკრაინაში შექმნილი მდგომარეობის სიმძიმე ისე, როგორც რეალურადაა.

ვოლოდიმირ ზელენსკი ამერიკის კონგრესს მიმართავს

ზელენსკის მსოფლიოს მასშტაბით მოპოვებული პოპულარობითა და სიყვარულით ხშირად როკ ვარსკვლავს ადარებენ. ის თავისი საჯარო გამოსვლებით ადამიანთა ემპათიას იმსახურებს და საზოგადოება ელოდება ხოლმე მორიგ ჯერზე რომელ ქვეყანას მიმართავს, რომელ ღონისძიებაზე ჩაერთვება სიტყვით და უკრაინიდან ახალ ამბებს მოუყვება.

აღსანიშნავია, რომ მისი გამოსვლა მხოლოდ ემოციებზე აგებული არაა, მისი სიტყვები დაბალანსებულია ფაქტებით, ამასთანავე ემოციებსა და ფაქტებს შორის ყოველთვის არის ლოგიკური ბმა.

ზელენსკი საბრძნეთის პარლამენტს მიმართავს

  • ვინ დგას ზელენსკის საჯარო გამოსვლებს მიღმა

უკრაინის პრეზიდენტის საჯარო გამოსვლების მიღმა დგას გუნდი, დგანან კონკრეტული ადამიანები, რომლებიც საათობით მუშაობენ იმაზე, თუ რომელ ქვეყანას როგორი სიტყვით უნდა მიმართოს, როგორი უნდა იყოს მთავარი გზავნილები.

როგორც ბრიტანული გამოცემა The Guardian წერს, ზელენსკის სიტყვების ერთ-ერთი ავტორი 38 წლის დმიტრო ლიტვინია. წარსულში ჟურნალისტად მუშაობდა ვებგვერდზე Левый берег, შემდეგ იყო ზელენსკის მიერ დაფუძნებული პარტიის, "ხალხის მსახურის" ანალიტიკოსი, ახლა კი პრეზიდენტის ოფისის ხელმძღვანელის, ანდრეი ერმაკის გუნდის წევრია.

დმიტრო ლიტვინი

ლიტვინი ბრიტანულ "ობზერვერთან" ამბობს, რომ იდეები თუ როგორი უნდა იყოს სიტყვა და მთავარი მესიჯებიც ზელენსკის ეკუთვნის. "პრეზიდენტმა ყოველთვის იცის, რისი თქმა სურს და ასევე იცის, როგორ თქვას ის“, - ამბობს დმიტრო ლიტვინი. აღნიშნავს, რომ გამოსვლების დროს მნიშვნელოვანი ემოციებია და ზელენსკიმ ზუსტად იცის სიტყვებისა და ემოციების ლოგიკური ბმის შესახებ.

ომის შემდეგ ლიტვინი თანაგუნდელებთან ერთად ცხოვრობს და მუშაობს უკრაინის საპრეზიდენტო სასახლეში.

"ზელენსკის გრძნობებისა და აზრების შემგროვებელი"

  • უკრაინელი ჟურნალისტი სერხი ლეშენკო, რომელიც ომის დროს პრეზიდენტის მრჩეველი გახდა, ლიტვინს ზელენსკის "აზრების შემგროვებელს" უწოდებს.

"ის ყოველ დღე აგროვებს პრეზიდენტის იდეებს. მუშაობს როგორც გრძნობების, ემოციებისა და აზრების შემგროვებელი“, - ამბობს ჟურნალისტი.

ლიტვინი დიდი ხანია უკრაინის პოლიტიკაშია. იყო პეტრო პოროშენკოს კრიტიკოსია. მისი ერთი ყოფილი კოლეგა ამბობს, რომ ლიტვინი მწვავედ უტევდა წარსულში უკრაინის პრორუსულ ხელისუფლებას. "მე არ ვარ მისი ფანი, მაგრამ ის ჭკვიანია“, - ამბობს ლიტვინის ყოფილი კოლეგა.

როგორც უკრაინული გამოცემ nv.ua წერს, დაუკავშირდნენ ლიტვინს, თუმცა მან უარი თქვა ინტერვიუზე, თუმცა გამოცემამ გაარკვია, რომ ზელენსკის სხვა ქვეყნების პარლამენტში გამოსვლის იდეა ანდრეი ერმაკს ეკუთვნის.

  • როგორ მუშაობს გუნდი ზელენსკის სიტყვის მომზადებაზე

წყაროს ინფორმაციით, ზელენსკი გუნდს აცნობს თავის ხედვას, რა სახის გამოსვლა სურს, რა სახის დახმარების თხოვნა სურს დასავლეთისთვის, ხოლო შემდეგ გუნდი მუშაობას იწყებს. ტექსტს კი უშუალოდ ლიტვინი წერს. მაგრამ ასევე არის შემთხვევები, როცა ამ საქმეს ანდრეი ერმაკის მოადგილე, ანდრეი სიბიგა უძღვება, გარდა ამისა, ამ საქმეში ჩართულები არიან სხვადასხვა ქვეყნებში უკრაინის ელჩები.

იმ ქვეყნის ელჩი, რომლის პარლამენტისთვის მიმართვასაც ზელენსკი აპირებს, ლიტვინს აწვდის ინფორმაციას იქ არსებულ გარემოზე, დამოკიდებულებაზე უკრაინის საკითხის მიმართ და ტექსტი ამის შემდეგ იწერება. როდესაც სიტყვა მზადაა, მას პრეზიდენტი განიხილავს და აფასებს. ტექსტის მომზადებას შეიძლება რამდენიმე საათი ან რამდენიმე დღეც კი დასჭირდეს. დამოკიდებულია მსმენელის კატეგორიაზე, იმ ადამიანებზე, რომლებსაც პრეზიდენტი მიმართავს.

უკრაინის საპრეზიდენტო რეზიდენცია

წყაროს ინფორმაციით, ევროპული ქვეყნების პარლამენტებისთვის სიტყვის მომზადებას შედარებით მცირე დრო დასჭირდა, რამდენიმე საათი, თუმცა გაცილებით დიდხანს ემზადებოდნენ იაპონიისთვის მიმართვის ტექსტისთვის, ლიტვინი და მისი თანაგუნდელები პრეზიდენტის სიტყვაზე ამ კონკრეტულ შემთხვევაში რამდენიმე დღის განმავლობაში მუშაობდნენ.

აღსანიშნავია ასევე ისიც, რომ მას შემდეგ, რაც პრეზიდენტი სიტყვით მიმართავს ამა თუ იმ პარლამენტს, ზელენსკის გუნდი აანალიზებს, თუ რა შედეგი მოჰყვა მიმართვას, როგორი გამოხმაურებები გამოიწვია პოლიტიკოსებში, დიპლომატიურ წრეებში, მედიაში და საზოგადოებაში. ხშირ შემთხვევაში, გამოხმაურება დადებითია ხოლმე, თუმცა ყოველთვის არა. მაგალითად, 20 მარტს ზელენსკიმ ისრაელის ქნესეთს მიმართა, თუმცა ისრაელში რეაქციები განსხვავებული იყო. ზოგიერთ ისრაელელ პოლიტიკოსსა და დამკვირველებელს არ მოეწონა, რომ ზელენსკიმ უკრაინაში შექმნილი სიტუაცია ჰოლოკოსტს შეადარა.

ზელენსკი ისრაელის პარლამენტს მიმართავს

  • "რა თქმა უნდა რეაქციები შეიძლება განსხვავებული იყოს, მაგრამ ამ გამოსვლების მიზანი არ არის, რომ რაიმე მაამებლური რეაქციები გამოიწვიოს, მიზანია, რომ მსოფლიოს გაუგოს უკრაინელებს“, - ამბობს ზელენსკის ოფისთან დაახლოებული წყარო.

აღსანიშნავია, რომ უკრაინის პრეზიდენტის გუნდი ახლა უკვე ემზადება, რომ ზელენსკიმ მიმართოს აზიისა და აფრიკის ქვეყნების პარლამენტებს. უკრაინელ პოლიტიკოსებს სჯერათ, რომ ამ ნაბიჯით უკრაინა არღვევს საზღვრებს და მსოფლიოს არენაზე ქვეყნის პოზიციას ამყარებს.