ავტორი:

"თუ მასწავლით, როგორ შეიძლება ისე განვახორციელოთ სამუშაოები, რომ შეზღუდვები არ იყოს, სიამოვნებით მივიღებ რჩევებს" - კახა კალაძე

"თუ მასწავლით, როგორ შეიძლება ისე განვახორციელოთ სამუშაოები, რომ შეზღუდვები არ იყოს, სიამოვნებით მივიღებ რჩევებს" - კახა კალაძე

15 ივნისიდან ვიწყებთ მელიქიშვილის ქუჩის რეაბილიტაციას, რომელიც ძალიან მძიმე მდგომარეობაშია - თუ გვინდა, რომ ქალაქი მოწესრიგებული იყოს, ყველამ უნდა ავიტანოთ დისკომფორტი და შეზღუდვები, ეს ქალაქი მარტო ჩემი, ან თბილისის მთავრობის წევრების არ არის“,- ამის შესახებ დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ თბილისის მთავრობის სხდომაზე განაცხადა.

მისივე თქმით, რეაბილიტაციის შედეგად ქუჩა სრულად ჩაიკეტება, რათა მოწესრიგდეს მიწისქვეშა კუმუნიკაცია, რომელიც უმძიმეს მდგომარეობაშია.

"ვიწყებთ მელიქიშვილის ქუჩის რეაბილიტაციას, რომელიც ძალიან მძიმე მდგომარეობაშია. გადაწყვეტილება მიღებულია, პროექტი შეთანხმებული გვაქვს, კონტრაქტორი კომპანია გვყავს და სამუშაოების დაწყების თარიღად 15 ივნისი განისაზღვრა. ამ პერიოდში სწავლა დასრულებული იქნება, ბევრი ადამიანი გადის ქალაქიდან და ეს შეამსუბუქებს ქალაქში გადაადგილებას. ჩვენ მოგვიწევს ამ ქუჩის სრული ჩაკეტვა, რათა მოწესრიგდეს მიწისქვეშა კომუნიკაცია, რომელიც უმძიმეს მდგომარეობაშია, არსებული მიწისქვეშა კომუნიკაციები კრიტიკას ვერ უძლებს. ჩვენ მხოლოდ საგზაო ინფრასტრუქტურის პროექტს ვერ განვახორციელებთ, გვინდა ძირეულად იყოს მოწესრიგებული. განხორციელებულმა პროექტმა მომავალ თაობას, ათეულ წლებს გაუძლოს.

ზოგადად, დედაქალაქში მიწისქვეშა კომუნიკაციების თვალსაზრისით ძალიან მძიმე მდგომარეობა გვაქვს. ყველგან ვცდილობთ ეს ყველაფერი გამოსწორებული იყოს. რა თქმა უნდა, ამას თან მოჰყვება გარკვეული დისკომფორტი, რისთვისაც პირადად, მე თბილისელებს ბოდიშს ვუხდი, გარკვეული შეზღუდვები და დისკომფორტი იქნება, მაგრამ ჩემო მეგობრებო, სხვანაირად შეუძლებელია საუბარი განახლებაზე, ფიქრი წარმატებასა და წინსვლაზე.

როდესაც ჩავდივართ ევროპულ ქალაქებში ყველას მოგვწონს, როგორ არის მოწესრიგებული ინფრასტრუქტურა. რა თქმა უნდა, თუ გვინდა, რომ ჩვენი ქალაქი მოწესრიგებული იყოს, ყველამ უნდა ავიტანოთ დისკომფორტი და შეზღუდვები, რომელიც იქნება. ეს ქალაქი მარტო ჩემი, ან თბილისის მთავრობის წევრების არ არის, ყველას ქალაქია.

ის, რაც კეთდება ჩვენი ქალაქისთვის და შვილებისთვის კეთდება. ასე, რომ თუ რაიმე დისკომფორტი იყო, ამის ატანა მოგვიწევს, სხვანაირად შეუძლებელია. თუ მასწავლით, როგორ შეიძლება ისე განვახორციელოთ სამუშაოები, რომ შეზღუდვები არ იყოს და გზის ჩაკეტვა არ მოგვიწიოს, დიდი სიამოვნებით მივიღებთ რჩევებს, პრობლემა არ არის“, - აღნიშნავს კალაძე.