ავტორი:

"რაც ჩავიდინე, ვაღიარებ, მაგრამ უმიზეზოდ არ მომხდარა და სიზმარი არ მინახავს" - რა განაცხადა სასამართლოზე მამაკაცმა, რომელმაც ყოფილი ცოლი არასრულწლოვანი შვილის თვალწინ დაჭრა

"რაც ჩავიდინე, ვაღიარებ, მაგრამ უმიზეზოდ არ მომხდარა და სიზმარი არ მინახავს" - რა განაცხადა სასამართლოზე მამაკაცმა, რომელმაც ყოფილი ცოლი არასრულწლოვანი შვილის თვალწინ დაჭრა

ყოფილი მეუღლის, თამარ ჭეიშვილის განზრახ მკვლელობის მცდელობაში ბრალდებულ ლევან ასლანიშვილს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა.

აღნიშნული გადაწყვეტილება თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლემ ჯემალ კოპალიანმა მიიღო. დღევანდელ სასამართლო პროცესზე დაკავებულის მიმართ აღკვეთის ღონისძიების შეფარდებაზე იმსჯელეს. ბრალდების მხარე დაკავებულის მიმართ ყველაზე მკაცრი აღკვეთის ღონისძიების პატიმრობის გამოყენებას მოითხოვდა.

პროკურორის თქმით, ბრალდებულის მხრიდან მიმალვის, მოწმეებზე ზემოქმედებისა და ახალი დანაშაულის ჩადენის საფრთხე არსებობს.

რაც შეეხება დაცვის მხარეს, ადვოკატი ანა შიშნიაშვილი ბრალდების მხარეს არ დაეთანხმა და დაკავებულის მიმართ 15 000-ლარიანი გირაოს შეფარდება მოითხოვა.

თამარ ჭეიშვილის განზრახ მკვლელობის მცდელობაში ბრალდებულმა ლევან ასლანიშვილმა ყოფილი მეუღლე ბავშვთა პროსტიტუციაში ჩართვაში დაადანაშაულა. მან ეს სასამართლო პროცესზე განაცხადა.

როგორც ბრალდებულმა განმარტა, დანაშაული სწორედ იმის გამო ჩაიდინა, რომ აღნიშნულის შესახებ შეიტყო.

"ეს შემთხვევა რაც ჩავიდინე, ვაღიარებ, მაგრამ უმიზეზოდ არ მომხდარა და სიზმარი არ მინახავს. ამ ქალბატონს წლების წინ გავუხსენი მეილი. ეჭვის საფუძველი მომეცა, ის დარეგისტრირდა "ფეისბუქზე", მეილზე შევედი, "ფეისბუქზე" გადავედი და ვხედავ დღეში 50 კაცთან უხამს და უცენზურო მიმოწერას”, - განაცხადა ასლანიშვილმა.

აღნიშნულს მოჰყვა ადვოკატის ელისო რუხაძისა და პროკურორ ნაზი მირიანაშვილის პროტესტი.

"ღამე წავიკითხე მესიჯები და თვალები შუბლზე ამივიდა. თუ ჩემი სიმართლე არ დადგინდა, ათი სამუდამო მომისაჯეთ”, - განაცხადა ასლანიშვილმა.

ლევან ასლანიშვილს ბრალდება ოფიციალურად გუშინ წაუყენეს.

ცნობისთვის, 23 მაისს, ლევან ასლანიშვილმა გენდერის ნიშნით შეუწყნარებლობის მოტივით, განსაკუთრებული სისასტიკით, არასრულწლოვანი შვილის თანდასწრებით, ყოფილ მეუღლეს - დანით მრავლობითი დაზიანებები მიაყენა. ასლანიშვილს ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 11 პრიმა 19-109-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,დ პრიმა“, ,,ვ’’ და მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტებით (განზრახ მკვლელობის მცდელობა, ჩადენილი გენდერის ნიშნით, ოჯახის წევრის მიმართ განსაკუთრებული სისასტიკით) და 11 პრიმა 381 პრიმა მუხლის 1-ლი ნაწილით (შემაკავებელი ორდერით გათვალისწინებული მოთხოვნებისა და ვალდებულებების შეუსრულებლობა) წარედგინა, რაც სასჯელის სახედ და ზომად 16-დან 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

იხილეთ ასევე: