ავტორი:

"3 წელზე მეტია, ივანიშვილი თავისი პროკურატურით ცდილობს, რომ ზიანი მოგვაყენოს, მაგრამ ეს მას არ გამოუვა!" - მამუკა ხაზარაძე

"3 წელზე მეტია, ივანიშვილი თავისი პროკურატურით ცდილობს, რომ ზიანი მოგვაყენოს, მაგრამ ეს მას არ გამოუვა!" - მამუკა ხაზარაძე

უკვე 3 წელზე მეტია, ბიძინა ივანიშვილი თავისი პროკურატურით ცდილობს, რომ ზიანი მოგვაყენოს, მაგრამ ეს მას არ გამოუვა, - ამის შესახებ "ლელოს“ ლიდერმა, მამუკა ხაზარაძემ განაცხადა.

როგორც მან აღნიშნა, ახლა იმ სისტემის სრული ლუსტრაცია მიმდინარეობს, "რომელიც მართულია ერთი კაცის მიერ“.

"ძალიან მალე ჩვენ ამ ყურმოჭრილი შემსრულებლების ვინაობას ვიხილავთ. დარწმუნებული ვარ, რომ ყველა იმ ადამიანს, ვინც უკანონო გადაწყვეტილებაში, დევნაში იღებს მონაწილეობას, საკადრისი პასუხი გაეცემა არამარტო სანქციების კუთხით, არამედ უამრავი სხვა გზით. ყველა ის ადამიანი, რომელიც არამარტო ჩვენ საქმესთან დაკავშირებით, არამედ ყველა სხვა საქმეში არის ჩართული, იქნება ეს პროკურატურა თუ მოსამართლე, ყველას გაეცემა კანონის შესაბამისად საკადრისი პასუხი“, - განაცხადა ხაზარაძემ.

ის ასევე შეეხო ნიკა გვარამიას საქმეს და აღნიშნა, რომ საქართველოში არის მართული მართლმსაჯულება.

"ნიკა გვარამიას დაპატიმრება არის პოლიტიკურად მოტივირებული გადაწყვეტილება. ეს პროცესი გრძელდებოდა რამდენიმე წელი, რადგან ასეთი საქმეებისთვის მათ შოუს დადგმა სჭირდებათ. პირდაპირ შემიძლია ვუთხრა ამის დამკვეთს, ბიძინა ივანიშვილს და მის ყურმოჭრილ მოსამართლეებსა და პროკურატურას, რომ არაფერი გამოუვათ, რადგან სიმართლე არის სიმართლე და ის ყოველთვის იქნება გამარჯვებული“, - აღნიშნა მამუკა ხაზარაძემ,

პარტია "ლელოს“ ლიდერი ასევე გამოეხმაურა საქართველოს პრეზიდენტის სალომე ზურაბიშვილის გამოსვლას საქართველოს დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებაზე.

"ვფიქრობ, დიდი ხანია დადგა დრო, რომ განცხადებების ნაცვლად, საჭიროა ქმედებები და კონკრეტული ნაბიჯები არის გადასადგმელი, რათა საზოგადოებამ დაინახოს, რომ არსებობენ ინსტიტუტები, რომლებიც არამარტო განცხადებებს აკეთებენ, არამედ თავისი ქმედებით კონკრეტულ შედეგებს დებენ“, - განაცხადა მამუკა ხაზარაძემ.