ავტორი:

"ვფიქრობ, ურთიერთკრიტიკის გარკვეული გარიგებაა "ქართულ ოცნებას“ და პრეზიდენტს შორის" - პაატა მანჯგალაძე

"ვფიქრობ, ურთიერთკრიტიკის გარკვეული გარიგებაა "ქართულ ოცნებას“ და პრეზიდენტს შორის" - პაატა მანჯგალაძე

ვფიქრობ, გარკვეული გარიგებაა „ქართულ ოცნებას“ და პრეზიდენტს შორის - მიუხედავად ურთიერთკრიტიკისა, საერთო ჯამში, ისინი სტრატეგიულ საკითხებში პარტნიორები არიან, - ამის შესახებ ჟურნალისტებთან "სტრატეგია აღმაშენებლის“ დეპუტატმა პაატა მანჯგალაძემ განაცხადა.

მანჯგალაძე სალომე ზურაბიშვილის გუშინდელ განცხადებას და სასამართლოს კრიტიკას გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ ხშირად მის სწორ განცხადებებს ქმედება არ მოჰყვება. დეპუტატი მიიჩნევს, რომ სასამართლოსთან დაკავშირებულ გამოწვევებზე, მათ შორის, ნიკა გვარამიას საქმესთან დაკავშირებით, ოპოზიციას და სალომე ზურაბიშვილს შორის კომუნიკაცია უნდა შედგეს.

"ხშირად აქვს პრეზიდენტს სწორი განცხადებები, მაგრამ ჩვენ ამას ქმედებებში ვერ ვხედავთ. ერთია განცხადება და მეორეა, რომ საქმე მოვაყოლოთ ამას. მე მაინც მგონია, რომ გარკვეული გარიგება შედგა პრეზიდენტსა და უმრავლესობას შორის. იმ ფონზე, როცა ახლა გვჭირდება ყველაზე მეტი მუშაობა საგარეო ფრონტზე, პრეზიდენტი შინაპატიმრობაში ჰყავთ გამოკეტილი. გარიგებაში ვგულისხმობ იმას, რომ პრეზიდენტმა წარმოადგინა „ქართული ოცნების“ ეკონომიკის მინისტრი თავის კვოტით ეროვნულ ბანკში დასანიშნად. ვფიქრობ, გარკვეული გარიგება არსებობს „ქართულ ოცნებას“ და მას შორის, ჰარმონიაში არიან და პრეზიდენტი არ აქტიურობს საგარეო მიმართულებით. „ქართული ოცნება“ კი თავს არ დაესხმება პრეზიდენტს და ხანდახან საზღვარგარეთაც გაუშვებს, მაგრამ პრეზიდენტმა უნდა გაითვალისწინოს „ქართული ოცნების“ ინტერესები. საერთო ჯამში, მიუხედავად ერთმანეთის კრიტიკისა, სტრატეგიულ საკითხებში „ქართული ოცნება“ და პრეზიდენტი არის პარტნიორები,“ - განაცხადა მანჯგალაძემ.