"ვოლსკის სახის გამომეტყველებაა საკმარისი, რომ საქართველო არსად არ მიიღონ, ამ კაცს სახეზე აწერია, რომ "საბჭოთა კავშირი" მართავს" - ლევან ბერძენიშვილი

"ვოლსკის სახის გამომეტყველებაა საკმარისი, რომ საქართველო არსად არ მიიღონ, ამ კაცს სახეზე აწერია, რომ "საბჭოთა კავშირი" მართავს" - ლევან ბერძენიშვილი

"ფორმულას" ეთერში, გადაცემაში "პოლიტმეტრი" ლევან ბერძენიშვილმა ილაპარაკა, ბოლო პერიოდში, მმართველი გუნდის წევრების მიერ ევროპარლამენტარების მიმართ გამოთქმულ კრიტიკულ შეფასებებზე. ამასთანავე, იგი საქართველოს ევროკავშირში გაწევრების პერსპექტივასაც შეეხო და აღნიშნა, რომ მაშინ როდესაც, ნიკა გვარამია და მიხეილ სააკაშვილი ციხეში სხედან, არ სჯერა, რომ საქართველო სასურველ სტატუსს მიიღებს.

"ყველამ ყველაფერი თქვა. ვოლსკის სახის გამომეტყველებაა საკმარისი, რომ საქართველო არსად არ მიიღონ. ამ კაცს სახეზე აწერია, რომ მართავს "საბჭოთა კავშირი". სახელოვანი წინაპრის შვილიშვილია. ბათუმს დღემდე ახსოვს პოლონელი და გაქართველებული ვოლსკი, რომელმაც დიდი საქმეები აკეთა, მაგრამ, როგორც ჩანს, გადაგვარება ყველგან ხდება, არამარტო ბაგრატიონის გვარში ხდებოდა, სხვაგანაც ხდებოდა, როგორც ჩანს, ასეთი რამ. დიახ, ამათ გამონათქვამები ისეთი აქვთ, რომ ვიოლასაც უნდა ეწყინოს, ფოტიგასაც და ყველას. საერთოდ, მათ იპოვეს ევროპის ტერიტორიაზე რამდენიმე ადამიანი, ვისაც საქართველო უყვარდა და აინტერესებდა და იმათ აგინეს პირდაპირ, თითქოს პირდაპირ მოსკოვის რომელიღაც კაბინეტშია დაწერილი მათი ტექსტები. ვინც იცის ჩვენი ქვეყანა, ვისაც უყვარს, იმათ აგინეს ყველას, მტერიც რომ არ იზამს, ისეთ რამეებს აკეთებენ." - აღნიშნა ბერძენიშვილმა.

შეგახსენებთ, რომ ბოლო დღეებში "ქართული ოცნების" წევრებმა ევროპელი პოლიტიკოსები გააკრიტიკეს, რასაც მათი მხრიდან საპასუხო განცხადებები მოჰყვა.

"ქართული ოცნების" თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ ევროპარლამენტარ ვიოლა ფონ კრამონს "კრიმინალების მფარველი" უწოდა.

კულტურის მინისტრმა თეა წულუკიანმა ევროპარლამენტარ ვიოლა ფონ კრამონზე საუბრისას განაცხადა, რომ "არსებობს უცხოელთა ჯგუფი, რომლებიც ცდილობენ ქართველ ხალხს მიჰყიდონ საკუთარი თავი, თითქოს ისინი არიან თვით დასავლეთი და თვით ევროპა".

საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა ირაკლი ზარქუამ კი ჟიგიმანტას პავილიონისის "ცნობილი გიჟიმანტასი" უწოდა.