ავტორი:

ბაზისბანკის კორპორაციული შრიფტი, როგორც ბრენდის ინდივიდუალიზმისა და ქართული კულტურის გამოხატვის საშუალება

ბაზისბანკის კორპორაციული შრიფტი, როგორც ბრენდის ინდივიდუალიზმისა და ქართული კულტურის გამოხატვის საშუალება

ქართული დამწერლობა, ციფრულ ეპოქაში, განვითარების ახალ ეტაპზე გადადის და კომპანიები ინდივიდუალურ ციფრულ ანბანს, შრიფტს, თავისი ბრენდისა და კულტურის ნაწილად აქცევენ. იგი მარკეტინგული კამპანიების ერთ-ერთი საინტერესო ინსტრუმენტიცაა.

როგორც კალიგრაფი დავით მაისურაძე გვიყვება, ქართული ანბანის ციფრულ ვერსიებზე, შრიფტებზე, მუშაობა განსაკუთრებით საინტერესო, საპასუხისმგებლო და, ამავდროულად, რთულიცაა. დავითს გაციფრულებული აქვს ქართველი არაერთი მოღვაწის ხელწერა და ამავდროულად, სხვადასხვა კომპანიისთვის შექმნილი აქვს საკუთარი შრიფტი. მისი ერთ-ერთი ბოლო ნამუშევარია ბაზისბანკის კორპორაციული შრიფტი.

„გარდა იმისა, რომ კორპორაციული შრიფტი კომპანიის ინდივიდუალიზმს უსვამს ხაზს, მისი შექმნა აუცილებელი გახდა რიგი გარემოებებიდან გამომდინარე: ბაზისბანკის რებრენდინგამდე არსებული ლოგო იყო ვერტიკალური ზოლებით და ჩასმული იყო ჩარჩოში, შესაბამისად, მისი კორპორაციული შრიფტიც იმეორებდა ამ კონტურებს. იყო უფრო კუთხოვანი და მკაცრი. რებრენდინგის შემდგომ, ლოგოს სილუეტი ბევრად გამარტივდა, ჩარჩო და ზოლები მოეხსნა და არსებული შრიფტი სრულად ამოვარდა ახალი სტილიდან. დადგა საჭიროება შექმნილიყო ახალი შრიფტი, რომელიც გაიმეორებდა ახალი ლოგოს რბილ კონტურებსა და პლასტიკას,“ - განმარტავენ ბაზისბანკში.

ზოგადად, კორპორაციული შრიფტების მნიშვნელობასა და ქართული დამწერლობის ციფრული განვითარების შესახებ თავად კალიგრაფი დავით მაისურაძე გვესაუბრება.

- დავით, მოგვიყევით თქვენი საქმიანობის შესახებ

- სამი ძირითადი მიმართულებით ვსაქმიანობ. პირველი ეს არის კალიგრაფია, რომელშიც, 21-ე საუკუნეშიც კი, ტექნიკა არ ერევა და სრულად ხელით შემოქმედებაა. შემდეგი პედაგოგიური საქმიანობაა და საკმაოდ ბევრი მოსწავლე მყავს. მესამე და ძირითადი საქმიანობა კი შრიფტებზე მუშაობაა. ციფრულ ეპოქაში ანბანის მიმართულებითაც კი არ შეიძლება მხოლოდ წარსული ხელოვნების გაღვიძებით და გამოღვიძებით შემოვიფარგლოთ. საჭიროა ფეხი ავუწყოთ თანამედროვეობას და თანამედროვეობის მიერ მოტანილი ახალი იარაღები ჩვენი საქმიანობის ხელსაწყოებად ვაქციოთ. კალიგრაფიაზე მუშაობის დროს მივხვდი, რომ საჭიროა შრიფტები შეიქმნას. ქართული ანბანი ნამდვილად არ არის მდიდარი კალიგრაფიული, მხატვრული შრიფტებით, რომლებსაც სხვადასხვა სფეროში გამოვიყენებთ. ამიტომ დავიწყე შრიფტების კეთება. ჩემი პირველი შრიფტები ჩემსავე კალიგრაფიას ეფუძნებოდა. შემდეგ ხელნაწერთა ეროვნულმა ცენტრმა შემომთავაზა საზოგადო მოღვაწეების კალიგრაფიის მიხედვით შრიფტები შეგვექმნა. თავდაპირველად 10 საზოგადო მოღვაწის, მათ შორის, ილიას, ვაჟას, გალაკტიონის შრიფტები შევქმენი და ეს პროცესი ძალიან საინტერესო იყო ჩემთვის. მომავალ წლებში სხვა საზოგადო მოღვაწეების კალიგრაფიების მიხედვითაც შევქმენი შრიფტები.

გარდა ამისა აქტიურად ვმუშაობ სხვადასხვა ორგანიზაციასთან მათთვის კორპორაციული შრიფტების შექმნაზე, რაც, ჩემი აზრით, ძალიან მნიშვნელოვანია.

- რომელია თქვენთვის განსაკუთრებულად საყვარელი და საამაყო შრიფტი?

-აქ ორი მიმართულებით შეგვიძლია ვისაუბროთ. ჩემი დიზაინით შექმნილი შრიფტები ძალიან მიყვარს, რადგან ისინი თავიდან ბოლომდე ჩემი შემოქმედებაა, როგორც დიზაინი ისე მათი გაციფრულება.

საზოგადოებრივი მოღვაწეების შრიფტებზე მუშაობა ასევე ძალიან მიყვარს, რადგან ასე მათ პიროვნებას ვუახლოვდები. ვიზუალური თვალსაზრისით ივანე ჯავახიშვილის ხელწერაა საოცარი. ამ ადამიანმა თითქმის ყველა სამეცნიერო მიმართულებას ჩაუყარა საფუძველი და, ამავდროულად, კარგი კალიგრაფიც იყო.

ჩემთვის ძალიან სასიამოვნო იყო პროექტზე მუშაობა, რომლის ფარგლებშიც ქართველი ქალი მოღვაწეების კალიგრაფიის მიხედვით შევქმენი შრიფტები. ამ სერიიდან გამორჩეულად მიყვარს ანა კალანდაძის შრიფტი, რადგან ის ძალიან პოეტურია, როგორც თავად ანა. მის პიროვნებას ძალიან კარგად გამოხატავს.

- როგორია შრიფტზე მუშაობის პროცესი?

- მიმაჩნია, რომ შრიფტი უნდა შეიქმნას კონკრეტული მიზნით, რადგან ყველა მათგანს თავისი ხასიათი აქვს. მაგალითად, შექმნილი მაქვს შრიფტები ბანკისთვის, თეატრისა თუ სხვა ტიპის ორგანიზაციებისთვის. შევქმენი შრიფტიც, რომლითაც შეყვარებულს წერილი უნდა მიწერო. ამიტომ მუშაობის პროცესში ყოველთვის მთავარი მიზნიდან ამოვდივარ. შრიფტს თავისი განწყობა და მიზანი უნდა ეტყობოდეს.

როცა პიროვნების ხელნაწერზე მუშაობ, თითქოს მის პიროვნებას უფრო კარგად ეცნობი. ხელნაწერის მიხედვით პიროვნების ფსიქოტიპის დადგენაც შესაძლებელია. ამიტომ ეს პროცესი ძალიან სასიამოვნოცაა, ემოციურიც და ამავდროულად, შრომატევადიც. მიხარია, რომ ჩემ მიერ შექმნილი შრიფტები დღეს პოპულარულია და მათ ბევრი იყენებს.

- თქვენი ერთ-ერთი ბოლო ნამუშევარია ბაზისბანკის შრიფტი. მოგვიყევით ამ პროექტზე, რა იყო ბანკის სურვილი და როგორი იყო თქვენთვის მასზე მუშაობის პროცესი?

- ბანკის სურვილი იყო, რომ შრიფტი ყოფილიყო მარტივად წასაკითხი და აღსაქმელი, სადა და ნათელი, დაცლილი ყოველგვარი ორნამენტულობისგან. მასში, როგორც ფინანსური დაწესებულების შრიფტში, სიმკაცრე, დისციპლინა და მოწესრიგებულობაც უნდა გამოჩენილიყო. უნდა ჰქონოდა რამდენიმე ვარიანტი და მათ შორის, ლათინური ვერსიაც, რადგან ბანკი შრიფტს სხვადასხვა მიზნით იყენებს. ეს საკმაოდ რთული დავალებაა, რადგან საბოლოო შედეგი უნდა ყოფილიყო მარტივი და, ამავდროულად, მრავალფუნქციური. მხატვრული კალიგრაფიისგან განსხვავებით, მასში მათემატიკური გათვლების გაკეთებაც საჭიროა, თუმცა აუცილებელია სწორი ზღვრის გავლება მათემატიკურ სიზუსტესა და თვალის ზომას შორის. საბოლოო შედეგი საკმაოდ კარგი გამოგვივიდა. მიხარია, რომ არსებობენ ბაზისბანკისნაირი კომპანიები, რომლებიც ქმნიან საკუთარ შრიფტს და გამოხატავენ საკუთარ ინდივიდუალიზმსა და ქართული კულტურის მიმართ პატივისცემას.

- რატომ არის მნიშვნელოვანი, რომ დღეს ბაზისბანკის მსგავსად ბევრმა კომპანიამ შექმნას საკუთარი შრიფტი?

- დღეს, ძალიან მნიშვნელოვანია იმიჯის შექმნა როგორც რიგითი ადამიანებისთვის, ასევე კომპანიებისა და ორგანიზაციებისთვის. თითოეულ ორგანიზაციას სჭირდება თავისი სახე და ამ სახის შესაქმნელად საუკეთესო საშუალებაა დამწერლობა, შრიფტი. როგორც კონკრეტულ პიროვნებას შეიძლება ჰქონდეს თავისი კალიგრაფია და ის გამოარჩევდეს სხვებისგან, ასევე შესაძლებელია, რომ ნებისმიერ ორგანიზაციას ჰქონდეს თავისი სახასიათო ხელწერა. შრიფტი ამის საუკეთესო გზაა, განსაკუთრებით საქართველოში, რადგან ჩვენ ჩვენი დამწერლობა გვაქვს. მნიშვნელოვანი და დასაფასებელია, რომ ბანკი ამ გზას ირჩევს საზოგადოებისთვის თავის წარდგენისთვის. ამით გვაჩვენებს, რომ ქართულ კულტურას პატივს სცემს. ჩემთვის, როგორც კალიგრაფისთვის, ეს ძალიან სასიამოვნოა. სამწუხაროდ, საქართველოში საკუთარი ანბანისა და დამწერლობის დაფასებით განებივრებული არ ვართ. ბანკის გადაწყვეტილება, რომ შეექმნა საკუთარი შრიფტი, ნამდვილად სასიხარულო და მისასალმებელია.

მნიშვნელოვანია, რომ ბევრმა კომპანიამ შექმნას თავისი კორპორაციული შრიფტი. ეს კარგი იქნება როგორც მათი იმიჯისთვის, ისე ქართული დამწერლობის მომავალი განვითარებისა და დახვეწისთვის.

R