ავტორი:

როგორია ბედნიერი და ხანგრძლივი ცხოვრების იაპონური საიდუმლო? - გაიცანით ბესტსელერი წიგნის „იკიგაის“ ავტორი

როგორია ბედნიერი და ხანგრძლივი ცხოვრების იაპონური საიდუმლო? - გაიცანით ბესტსელერი წიგნის „იკიგაის“ ავტორი

ყველა ჩვენგანი ყოველ დილით გაღვიძებისთანავე იკიგაის ძებნაშია. გაცნობიერებულად თუ გაუცნობიერებლად ეს ჩვენი ყოველდღიურობის განუყოფელი ნაწილია - ვეცადოთ საკუთარ თავთან ჰარმონიის მიღწევას და ვიპოვოთ ცხოვრების აზრი.

იკიგაი - ეს არის იაპონური კონცეფცია, რომელიც არსებობის მიზეზს გულისხმობს, „იკი“ ნიშნავს ცხოვრებას, „გაი“ - მის ღირებულებას. ადამიანის იკიგაი არის მისი ცხოვრების მიზანი ან მისით ტკბობა. მას მოაქვს ხალისი და გავსებთ შთაგონებით, ყოველდღიურად ადგეთ ლოგინიდან, დაკავდეთ საყვარელი საქმით.

2016 წელს, როცა ჰექტორ გარსიასა და ფრანსესკ მირალესის თანაავტორობით იკიგაის მიღწევის „რეცეპტები“ დაიბეჭდა, მსოფლიო კიდევ ერთხელ მოიცვა იაპონური სიბრძნის ინტერესმა და წიგნი მალევე ბესტსელერად იქცა. წელს გამომცემლობა „პალიტრა L-მა“ „იკიგაი“ ქართულ ენაზე თარგმნა და გამოსცა, რასაც მკითხველთა დიდი ინტერესი მოჰყვა.

ჰექტორ გარსიასა და ფრანსესკ მირალესის თანაავტორობით შექმნილი „იკიგაი“ მოგვითხრობს იაპონურ ფილოსოფიაზე, თუ როგორ „შევაჩეროთ“ დაბერება, როგორ ვიპოვოთ დინება ყველაფერში, რასაც ვაკეთებთ, რას ნიშნავს იკიგაის დიეტა და სხვა. ის უკვე 54 ენაზე ითარგმნა და მსოფლიოს „შემოვლას“ კვლავაც აგრძელებს.

იკიგაის 4 მთავარი კომპონენტია: რაც გიყვარს, რაც კარგად გამოგდის, რაშიც შეიძლება ანაზღაურება მიიღო ან დაჯილდოვდე, რაც სამყაროს სჭირდება. როგორ აღმოვაჩინოთ საკუთარი მისწრაფებები, მიზნები და ამის საკუთარ თავთან ჰარმონია შევიქმნათ, ამის შესახებ უფრო მეტს „იკიგაიდან“ გავიგებთ, რომელიც ქართულ ენაზე ითარგმნა და „პალიტრა L-მა“ გამოსცა.

წიგნის თანაავტორი ფრანსესკ მირალესი კატალონიელი მწერალი, ესეისტი, მთარგმნელი და მუსიკოსია. ის 1968 წელს ბარსელონაში დაიბადა. თავდაპირველად კათოლიკურ სკოლაში სწავლობდა, შემდეგ მუსიკალურში, შემდეგ კი განათლების მიღება ჯერ საშუალო, შემდეგ უმაღლეს სკოლებში გააგრძელა.

მიუხედავად იმისა, რომ უმაღლეს სკოლაში კარგი აკადემიური მოსწრებით არ გამოირჩეოდა, მაინც ჩაირიცხა ბარსელონას ავტონომიურ უნივერსიტეტში (UAB) ჟურნალისტიკის ფაკულტეტზე, მაგრამ 4 თვის შემდეგ სწავლა შეწყვიტა. სწორედ ამავე წელს დაიწყო ბარში მიმტანად მუშაობა და აქვე ისწავლა ფორტეპიანოზე დაკვრა. მომავალ წელს კი დაუბრუნდა უნივერსიტეტს და ინგლისურ ენაში მიიღო ხარისხი. ამ პერიოდში ფრანსესკ მირალესი საშუალო სკოლის პედაგოგად მუშაობდა.

მირალესი თავგადასავლების მაძებარი ახალგაზრდა იყო, რომელსაც სურდა მსოფლიო ენახა. გადაწყვიტა ასეც მოქცეულიყო. გარკვეული პერიოდის განმავლობაში, ბალკანეთის ომის დროს, ის ხორვატიასა სლოვენიაში ცხოვრობდა. შემდეგ ისევ ბარსელონაში დაბრუნდა და უნივერსიტეტში გერმანული ენის სპეციალისტის ხარისხი მიიღო. ამავე პერიოდში მირალესი მუშაობდა მთარგმნელად.

მისი მრავალწლიანი გამოცდილების განმავლობაში მუშაობდა ერთ-ერთი გამომცემლობის რედაქტორადაც და თვითგანვითარებასა და თვითდახმარებასთან დაკავშირებული ლიტერატურის მიმართულება ჰქონდა ჩაბარებული. მოგვიანებით მან გამოაქვეყნა თავისი პირველი ნოველა „Barcelona Blues“, რომელიც ესპანურ ენაზე დაწერა.

გამომცემლობის დატოვების შემდეგ მწერლობას მიჰყო ხელი და წარმატებულადაც, რადგან 2001 წელს მისმა ნოველამ „Un Haiku per L’Alicia” Gran Angular-ის პრიზი მიიღო. ამას მოჰყვა სხვა ნოველების გამოქვეყნება, რომელთაგან ერთ-ერთი - „Retrum“-ი - 8 ენაზე ითარგმნა.

მირალესის კარიერა მწერლობაში წარმატებული აღმოჩნდა. საკუთარი თავისა და მიზნების ძიებაში ავტორმა მიაგნო იმას, რაც ყველაზე მეტად მოსწონდა და გამოსდიოდა. 2009 წელს მან თავისი მეგობრის ალექს როვირას თანაავტორობით დაწერილი ნოველისთვის “The Last Answer” Torrevieja-ს პრიზი მიიღო. მან მეგობართან ერთად გამოაქვეყნა კიდევ ორი ნოველა, რომლებიც სხვადასხვა ენაზე ითარგმნა.

მისი ავტორობით დაწერილი ნოველები წარმატებულია და მირალესს უკვე მკითხველთა ფართო წრე იცნობს როგორც სამშობლოში, ისე მის ფარგლებს გარეთ.

ყურადღების მიღმა არ უნდა დაგვრჩეს მისი მუსიკალური კარიერა: 2007 წელს მირალესმა გამოუშვა ალბომი “Hotel Guru”. ბენდ Nikosia-დან წამოსვლის შემდეგ კი საკუთარი თავი ლიტერატურასა და ჟურნალისტიკას მიუძღვნა.

მირალესის თანაავტორობით შექმნილ ნამუშევრებს შორის ერთ-ერთი ყველაზე პოპულარულია „იკიგაი“, რომლის მიმართ ინტერესი წლიდან წლამდე იზრდება. წიგნი პერიოდულად აქტუალური ხდება იაპონური კულტურის მიმართ ინტერესის ზრდასთან ერთად.

ჰექტორ გარსიასა და ფრანსესკ მირალესის „იკიგაი - ბედნიერი და ხანგრძლივი ცხოვრების საიდუმლო“ მკითხველისთვის ფართოდ ხელმისაწვდომი წიგნის ფესტივალზე გახდა. წიგნის შეძენა შესაძლებელია „პალიტრა L-ის“ საიტზე და „ბიბლუსის“ მაღაზიათა ქსელში მთელი საქართველოს მასშტაბით.

#იკიგაი #პალიტრაL